„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად შექმნილი საზოგადოებრივ–პოლიტიკური ცხოვრების სამართლებრივი შეფასება არაორდინალურია, რადგანაც რეალურია ორხელსუფლებიანობა, რა დროსაც პრეზიდენტი წარმოადგენს არჩევნებში დამარცხებული პარტიის თავმჯდომარეს, თვითმმართველობის ორგანოები დაკომპლექტებულია არჩევნებში დამარცხებული პარტიის წარმომადგენლებით, ხოლო აღამასრულებელი ხელისუფლების ნაწილს და საკანონმდებლო ხელისუფლებას ანხორციელებს არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური კოალიცია. მაღალი დემოკრატიის ქვეყნებში, ასეთი შემთხვევა იშვიათი მოვლენა არ არის, მაგრამ საქართველოს თავისებურებებიდან გამომდინარე, შექმნილმა ვითარებამ, შესაძლებელია, ქვეყნისთვის საზიანო შედეგები მოიტანოს, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების სიმყარე, სამოქალაქო საზოგადოებაში თანხმობის საკითხი და პოლიტიკური ურთიერთობის კულტურა არ იძლევა რეალური კოჰაბიტაციის განხორციელების შესაძლებლობას. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ კოჰაბიტაცია დასრულდა ისე, რომ ის არც კი დაწყებულა.
„ახალგარზდა ადვოკატების“ აზრით, საქართველოს პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკურ–სამართლებრივი ვითარება განუხტოს და იხელმძღვანელოს ევროპული დემოკრატიის პრინციპებით. იქედან გამომდინარე, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა თვითნებურად გახანგრძილევულია, ხოლო საზოგადოების ერთი ნაწილის მოთხოვნა – გადადგეს პრეზიდენტი, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არ არის მხარდაჭერილი, შექმნილ ვითარებაში სამართლიანია თავად პრეზიდენტმა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ დაძაბულობას შეაჩერებდა და სამოქალაქო სიმშვიდეს უზრუნველყოფდა. საამისოდ, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოს პრეზიდენტმა დატოვის პარტიული თანამდებობა – გადადგეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობიდან, რითაც საზოგადოებას საშულება მიეცემა უკეთ შეაფასოს პრეზიდენტისა და ამ პარტიის საქმიანობა სახელმწიფო ენტერესებთან მიმართებით. ამასთან, მოქმედ ოპოზიციას შანსი მიეცემა წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობა და პოლიტიკურ კონკურენციაში რეალური მონაწილეობა მიიღოს.
ამასთან, „ახალგაზრდა ადვოკატებს“ მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები უნდა განახორციელოს კონსტიტუციის 72–ე მუხლშიც, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს პრეზიდენტს უფლება არა აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ხელფასს ან სხვაგვარ მუდმივ ანაზღაურებას რაიმე სხვა საქმიანობისათვის.“ ჩვენი აზრით, ადამიანი, რომელიც გახდება საქართველოს პრეზიდენტი, ავტომატურად უნდა ჰქონდეს ვალდებულება დატოვოს პარტიული თანამდებობა.