„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პარლამენტს ე.წ. „ხმაურის შესახებ“ საკანონმდებლო წინადადების დაჩქარებული განხილვისთვის მიმართა

22 თებერვალი, 2016

ორგანიზაცია „ახლგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს სარეკომენდაციო წერილით მიმართავს, რათა პარლამენტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე, ქ. თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, თედო კობახიძის წინადადება დაჩქარებული წესით განიხილოს, რომელიც საცხოვრებელ და საზოგადოებრივი შენობების სათავსებში შემღწევი ხმაურის რეგულირების პროცესს ეხება. ორგანიზაციის მიმართვა საქართველოს პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ გაეცნო აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებას და აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო წინადადების პაკეტში წარმოდგენილი დასაბუთება, უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან საკითხი ეხება ქ. თბილისის მოსახლეობისთვის, ბოლო წლების მანძილზე, არსებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას. ამასთან, ორგანიზაცია ჯერ კიდევ 2015 წლის მაისში გაეცნო დედაქალაქის მოქალაქეთა ერთი ჯგუფის მომართვის წერილსაც, სადაც საუბარია, ხმაურის აკრძალვის/შეზღუდვის პრობლემის თაობაზე.

„ჩვენი შეფასებით, უამრავი ადამიანია, ვინც უკვე დაზარალდა ნორმაზე დიდი ხმაურის შედეგად. ასევე, გასათვალისწინებელია ბავშვების ფაქტორიც, რომლებიც ხმაურით გამოწვეული სტრესული გარემოს მსხვერპლად გვევლინებიან და შესაბამისად, დიდი საფრთხე არსებობს მათში არაჯანსაღი ფსიქიკის ფორმირებისთვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ხმაური არის მრავალი დაავადებების გამოწვევი წყარო. შესაბამისად აღნიშნული პრობლემის მოგვარების და გადაჭრის საკითხი, მნიშვნელოვანი დაისვას ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. ვინაიდან და რადგანაც მუდმივი ხმაური, ხშირ შემთხვევაში, ზიანს აყენებს ადამიანის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას, მისაღებია, საკანონმდებლო ჩარჩო ჩამოყალიბდეს იმგვარად, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი იქნეს დაცული“ - ნათქვამია მიმართვაში.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, ადამიანის ჯანსაღ და უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლითაცაა გარანტირებული, როგორც ადამიანის არსებობისთვის და განვითარებისთვის აუცილებელი ფუნდამენტური უფლება, თუმცაღა ყოველი ნორმის არსებობა, მოითხოვს მისი რეალიზებისათვის კონკრეტული ღონისძიებების გატარებასაც. წინააღმდეგ შემთხვევაში ნორმა, როგორც ასეთი, დარჩება მხოლოდ ფურცელზე დაწერილ და განუხორციელებელ დებულებად, რაც, რა თქმა უნდა, არასწორია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მრავალი განვითარებული ევროპული ქვეყნის პრაქტიკის საფუძველზეც, მიესალმება ე.წ „ხმაურთან“ დაკავშირებული რეგულაციების შემოღებას და წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების განხილვის დაჩქარებას მოითხოვს. 



კომენტარები