2016 წლის 29 თებერვალს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა საქართველოს უზენაესს სასამართლოს მიმართ, ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ საკასაციო საჩივარზე შესაგებელი სამართლებრივი პოზიცია გაგზავნა. როგორც ცნობილია, ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ საკასაციო საჩივარი, 2016 წლის 19 თებერვალს, სასამართლოს განჩინებით, მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. უკვე ცნობილია საქმის განმხილველი მოსამართლე - ზურაბ ძლიერიშვილი. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, ორგანიზაცია შეფასებებს არ აკეთებს. საკასაციო საჩივრის შესაგებელში სრულად და ამომწურავად იქნა წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები, რის გამოც, „ახალგაზრდა ადვოკატებს“ მიაჩნიათ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, შრომით დავებთან დაკავშირებით, პასუხობს ევროპულ სტანდარტებს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ინტერესით გაეცნო ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ საკასაციო საჩივარს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ჩვენს ინტერესს არ წარმოადგენს ბანკის შიდა-პოლიტიკა, თუ რამდენად ტოლერანტულია ათეისტური საზოგადოების მიმართაც. ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ საკასაციო საჩივარში პირდაპირ იქნა აღნიშნული, რომ მენეჯმენტი არც ათეისტური საზოგადოების მიმართ გამოხატავს შეუმწყნარებელ დამოკიდებულებას. ჩვენ არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო, თუკი „პროკრედიტ ბანკი“ პატივს სცემს ათეისტურ საზოგადოებასაც. ჩვენ ვდაობთ კონკრეტული გათავისუფლების კანონიერების საკითხზე, თუმცა ჩანს, რომ ბანკი მწვავედ აღიქვამს იმ საზოგადოებრივ მხილებას, თუ ობიექტურად, რა ერთ-ერთი საფუძვლითაც მოხდა ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირის დათხოვნა.
ამონარიდი ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ 2016 წლის 4 თებერვლის საკასაციო საჩივრიდან:
„სააპელაციო პალატას ავიწყდება, როდესაც მსჯელობს ფამილარულ დამოკიდებულებაზე, თუკი მოუსმენთ სხდომის მიმდინარეობის ჩანაწერს, მოსამართლე ღიად გამოთქვამს თავის აზრს ერთ-ერთ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც მოსარჩელე კლიენტებს მიმართავდა სიტყვებით: „ღმერთმა დაგლოცოთ“ და სააპელაციო პალატას სურვილი აქვს წარმოაჩინოს საქმე ისეთი კუთხით, თითქოს ადგილი ჰქონდა რელიგიურ დისკრიმინაციას და მოსამართლის საუბარი, რომ ჩვენ ყველანი ქრისტიანები ვართ, არის აბსოლუტურად უადგილი, არ არის კავშირში ამ კონკრეტულ დავასთან და კონსტიტუციის მოშველიება არის არასწორი, ვინაიდან კონსტიტუციაში დაფიქსირებულია მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი როლი. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არანაირ დისკრიმინაციას რელიგიურს ადგილი არ ჰქონია, ბანკში მუშაკების, როგორც მიღება, ასევე გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან ასევე ხორციელდება პროფესიონალიზმისა და სპეციფიკური ბიზნეს უნარ-ჩვევებზე დაყრდნობით. შევახსენებ სასამართლოს, რომ საქართველო არის სეკურალური სახელმწიფო, სადაც ნებისმიერი პირის აღმსარებლობა დაცულია, მათ შორის ჩვენს ბანკშიც. არსებობს კორპორაციული კულტურა და კლიენტებთან ურთიერთობის ფორმა და ასეთი მიმართვა, ბანკის კორპორაციულ ლექსიკაში არ ჯდება, პატივს ვცემთ რა ასევე შესაძლო ათეისტ კლიენტებს/პიროვნებებს“ (სტილი დაცულია).
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2016 წლის 16 იანვარს, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ს.ს. „პროკრედიტ ბანკიდან“ გათავისუფლების საქმეზე, დამსაქმებელის გამამართლებელი შედეგი დადგა. საერთო სასამართლოებში, დავა მიმდინარეობდა გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდუნის ანაზღაურების მოთხოვნით. ბანკიდან თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზი გახდა დასაქმებულის არაკვალიფიციურობა და მისი უნარ-ჩვევების შეუსაბამობა დაკავებულ პოზიციასთან. ბანკმა „არაკვალიფიციურობის“ გამომხატველ გარემოებად მიიჩნია ანა მ.-ს მხრიდან ბანკის მიერ დადგენილი სამუშაო ფინანსური გეგმის შეუსრულებლობა, საქმიანობის შესახებ შიდა პრეზენტაციების ჩაუტარებლობა, ხოლო „უნარ-ჩვევების“ შეუსაბამობაში იგულისხმა კლიენტებთან ზედმეტი ფამილარობა, რაც გამოიხატებოდა სიტყვებით: „ღმერთმა დაგლოცოთ“.
სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია გათავისუფლების ერთ-ერთი მოტივი. კერძოდ, სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბანკის შეფასებას, რომ ბანკი თანამშრომლის მხრიდან კლიენტებისადმი მიმართვა სიტყვებით „ღმერთმა დაგლოცოს“ წამოადგენს ფამილარულ დამოკიდებულებას. მიმართავა „ღმერთმა დაგლოცოს“ ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებული ურთიერთობის სტანდარტებიდან და ფორმებიდან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, არ შეიძლება შეფასდეს ფამილარულ დამოკიდებულებად. აგრეთვე, სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს საკმარისად სერიოზულ საფუძველს იმისთვის, რომ ეს გათავისუფლება მომხდარიყო.
2016 წლის 20 იანვარს, ს.ს. „პროკრედიტ ბანკმა“ გაავრცელა ოფიციალური განცხადება და განაცხადა, რომ „საქართველოს ბაზარზე საქმიანობის 16 წლის განმავლობაში, „პროკრედიტ ბანკი“ ხელმძღვანელობს პოლიტიკით, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილების მიღებას - მათ შორის თანამშრომლების შერჩევას, პოზიციის ცვლილებას, თანამშრომლის კვალიფიკაციის ამაღლებას, დაწინაურებას, თანამშრომლობის შეწყვეტას - ეთნიკური, რელიგიური, გენდერული თუ სხვა სოციალური ნიშნით“. აღნიშნული განცხადების საპასუხოდ, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის მხრიდან მორიგი განცახდება გავრცელდა, სადაც აღინიშნა, ბანკს იმიჯის გადასარჩენად, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების დისკრედიტაცია ჰქონდა დაწყებული. არჩილ კაიკაციშვილმა ბანკის განცხადება საზოგადოების შეურაცხყოფად მიიჩნია და განაცხადა, რომ „პროკრედიტ ბანკს“ რელიგიური მოტივებით გათავისუფლებული თანამშრომლის გამო, საზოგადოებისთვის ბოდიში უნდა მოეხადა.
2016 წლის 18 იანვარს, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის აუდიო-ჩანაწერი გაავრცელეს, სადაც საზოგადოებამ უშუალოდ იხილა ბანკის კანონიერი ინტერესების დამცველის და საქმის განხმილველი მოსამართლის მსჯელობები. გამოქვეყნებული სასამართლო აუდიო-ოქმი ცალსახად მიუთითებს, რომ ბანკიდან თანამშრომლის დათხოვნა ფრაზის: „ღმერთმა დაგლოცოს“ გამო განხორციელდა.
2016 წლის 26 იანვარს, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ოფიციალური წერილით მიმართეს „პროკრედიტ ბანკის“ დირექტორატს - ქეთევან ხუსკივაძეს, სოფიო კორძახიას და ალექსი მატუას და ბანკის მხრიდან ქართული საზოგადოების წინაშე, 29 იანვრის მდგომარეობით, ბოდიშის მოხდა საჯაროდ მოითხოვეს. წერილით ბანკს მიემართა, საჯარო გამხდარიყო ბანკის ოფიციალური პოზიცია სასამართლო აუდიო-სხდომის ჩანაწერთან დაკავშირებით. ბანკმა ბოდიში არ მოიხადა.
2016 წლის 28 იანვარს, „პროკრედიტ ბანკიდან“ რელიგირი მოტივებით გათავისუფლებულის საქმით დაინტერესდა საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. ორგანიზაციის ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდა და მიაწოდა ინფორმაცია დავის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების თაობაზე.
2016 წლის 1 თებერვალს, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ღია წერილით მიმართეს საქართველოში გერმანიის ელჩს ქალბატონ ბეტინა კადენბახს და გერმანული ბანკის მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებთან დაკავშირებით, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიმართვაში გამოთქმულია რწმენა, რომ საელჩო შესაბამის რეაგირებას მოახდენს რელიგიური მოტივებით დათხოვნილი ქართველი დასაქმებულის ფაქტის გამო.
2016 წლის 8 თებერვალს, ს.ს. „პროკრედიტ ბანკმა“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა.
2016 წლის 11 თებერვალს, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ გაავრცელეს განცხადება და აღნიშნეს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, საჩივრის პერსპექტიულობის შესახებ საჯარო შეფასებები, არ გაკეთდება. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიმართ არ უნდა მოხდეს რომელიმე შეხედულების თავსმოხვევა და გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს პირობებში.
2016 წლის 19 თებერვალს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილის განჩინებით, ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო და სასამართლომ კანონის თანახმად, საჩივრის დასაშვებობის თაობაზე მსჯელობა დაიწყო.
2016 წლის 29 თებერვალს, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა საქართველოს უზენაესს სასამართლოში, ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ საკასაციო საჩივრის მიმართ, შესაგებელი სამართლებრივი პოზიცია წარადგინა. ორგანიზაციამ, ამავე დღეს, საჯარო გახადა საკასაციო საჩივარში ბანკის ცალსახა პოზიცია, რომ ბანკი ტოლერანტულია ათეისტური საზოგადოების მიმართაც.