ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილის მიმართ საჯარო სივრცეში არსებულ ცილისწამებლურ კამპანიას ეხმაურება და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრთა ერთსულოვნების მიზანმიმართულ დემორალიზაციაზე საუბრობს.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილის მიმართ შრომით ანაზღაურებაზე მითითება, უცხოურ შეხვედრების ხარჯებზე ხაზგასმა, შვილების განათლების ფინანსურ უზრუნველყოფაზე საუბარი ნეგატიურ ტონად, დაუსაბუთებელი ბრალდებების და რეალური მტკიცებულებების გარეშე ადვოკატთა პროფესიული საზოგადოების დანაწევრების მცდელობად უნდა შეფასდეს, რაც ინსტიტუციურად სუსტი ადვოკატთა კორპუსის შექმნას ემსახურება.
ჩვენი აზრით, აღნიშნული მცდელობები ფართო გაგებით მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში თანასწორუფლებიანი დაცვის მხარის უგულვებელყოფას ემსახურება.
ზაზა ხატიაშვილი წარმოადგენს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არჩეულ ხელმძღვანელს, მის მიმართ არსებული კრიტიკა ცდება დასაშვებ ზღვარსს, წარმოადგენს ცილისწამებას და ხელს არ უწყობს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ნდობის ამაღლებას საზოგადოებაში.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ვგმობთ ასოციაციის თავმჯდომარის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ცილისწამებლურ კამპანიას და სრულ სოლიდარობას გამოვხატავთ ზაზა ხატიაშვილის მიმართ, მისი პიროვნული და პროფესიული მაღალი ღირსების მიმართ.
სწორედ ზაზა ხატიაშვილის ხელმძღვანელობის პირობებში შეიქმნა ადვოკატთა მაღალი ეთიკური სტანდარტები და გაჩნდა განსხვავებული პროფესიული აზრის პატივისცემის მაგალითები.
ადვოკატთა ასოციაციასაც აქვს წარსული და თანამედროვე მეხსიერება. ამიტომაც, მნიშვნელოვანია პროფესიული გილდია იდგეს საერთო ღირებულებებზე და სათანადოდ აფასებდეს კორპუსის წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებს.