„ახალგაზრდა ადვოკატები“ - რექტორს თსუ-ის წესდებით უფლება არ ჰქონდა თავი შეკავებინა კენჭისყრაში მონაწილეობისგან

7 მარტი, 2016

ორგანიზაცია „ახლგაზრდა ადვოკატები“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ ვლადიმერ პაპავას მხრიდან 2016 წლის 7 მარტს, სტუდენტურ საზოგადოებასთან გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ცნობილი გახდა ის გარემოება, რომ თსუ-ის აკადემიური საბჭოს სხდომაზე, საბჭოს წევრის სტატუსით, რექტორმა თავი შეიკავა თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) კანდიდატურად გიორგი გაფრინდაშვილის გამოვლენისთვის ხმის მიცემისთვის, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების პირდაპირ დარღვევას წარმოადგენს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის მიხედვით, „აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა. აკადემიური საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმის უფლებით. აკადემიური საბჭოს წევრს არა აქვს ხმის მიცემისაგან თავის შეკავების უფლება“. თსუ-ის რექტორმა, მოცემულ შემთხვევაში, ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, რომლის უფლებაც, წესდებიდან გამომდინარე, მას არ ჰქონდა. შესაბამისად, რექტორს საკუთარი პოზიცია უნდა გამოეთქვა კენჭისყრის პროცესში.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2016 წლის 23 თებერვალს საჯარო განცხადება გააკეთეს და თსუ-ში კანცლერის არჩევის პროცესის შეჩერება მოითხოვეს. ორგანიზაციის წერილი აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალურადაც დარეგისტრირდა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ უხეშად დაარღვია კანონი და უნივერსიტეტის წესდება, რითაც დასრულებული კონკურსის ფარგლებში უპირატესობა არამართლზომიერად მიენიჭა კანცლერობის პრეტედენტს. ორგანიზაცია განმარტავს, რომ თსუ-ში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) შერჩევისთვის გამოცხადებული კონკურსი დასრულდა იმწუთიერად, როდესაც აკადემიურმა საბჭომ მოახდინა კანცლერობის პრეტედენტებიდან ერთის გამოვლენა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის დასამტკიცებლად შეთავაზება. მას შემდეგ, რაც 16 თებერვალს, შერჩეულმა კანდიდატმა იოსებ არჩვაძემ პირადი განცხადების საფუძველზე წარდგენაზე უარი განაცხადა, ავტომატურად დადგა კანცლერის შერჩევისთვის ახალი კონკურსის გამოცხადების საჭიროება. შესაბამისად, არც თსუ-ს რექტორს და არც აკადემიურ საბჭოს უფლება არ გააჩნდათ, რაიმე ფორმით ემსჯელათ და უპირატესობა მინიჭებინათ კანცლერობის ყოფილი კანდიდატებისთვის. აკადემიური საბჭომ 27 იანვარს იმსჯელა და შეარჩია კიდეც შესაბამისი კანდიდატი, რაც პირდაპირ გამორიცხავს იმავე კონკურსის ფარგლებში სხვა კანდიდატურის სენატისთვის შეთავაზებას და განმეორებით კენჭისყრას. ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ აკადემიურმა საბჭომ დაარღვია ის კონკრეტული ვადებიც, როდესაც 2016 წლის 5 თებერვლისთვის არ მოუხდენია კანცლერობის პრეტედენტის გამოვლენა და წარდგენა სენატისთვის.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიუთითებს, რომ მიღებული გადაწყვეტილებებით, დარღვეულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, უნივერსიტეტის წესდების მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი. აღნიშნული სამართლებრივი რეგულაციები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ერთი კონკურსის საფუძველზე, აკადემიური საბჭოს სიითი უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი დასამტკიცებლად წარედგინება წარმომადგენლობით საბჭოს. შესაბამისად, უნივერსიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონსაწინააღმდეგო და არალეგიტიუმურია, რაც პირველ ქართულ უნივერსიტეტში, კანცლერის შერჩევის კონკურსთან დაკავშირებით, არაერთ გაუცემელ კითხვას ბადებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ უახლოესს პერიოდში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე შესარჩევი კონკურსის მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს. 



კომენტარები