„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივებს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სფეროსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანს უწოდებს და გამოთქვამს მზადყოფნას აქტიური მონაწილეობა მიიღოს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმზრვანელო დოკუმენტის მომზადებაში. ორგანიზაციის ერთ–ერთი ხელმძღვანელის არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ახალი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის წინადადებები შესაძლებელს ხდის ომბუდსმენის ინსტიტუტი გახდეს მეტად მოქნილი და ეფექტური.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ სახალხო დამცველის მხრიდან გაცნობილი წინადადებებიდან გამორჩეულად საგულისხმოდ მიიჩნევს მუშაობის დაწყებას ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიაზე, რეგიონული ოფისების გაძლიერებას, არასამთავრობო სექტორიდან საკანონმდებლო წინადადებების მხარდაჭერას და უმცირესობების უფლებების დაცვის პრიორიტეტულობას.
როგორც „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ–ერთმა ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა სახალხო დამცველთან სამოქალაქო საზოგადოების წამომადგენელთა დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, თუკი ომბუდსმენის აპარატი მზადყოფნას გამოთქვამს განიხილოს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადებები, სახალხო დამცველს უნდა ჰქონდეს შესაბამისი უფლებამოსილება მოახდინოს წინადადებების პაკეტზე სათანადო ინიცირება. არჩილ კაიკაციშვილი სახალხო დამცველისთვის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მინიჭების წინადადებითაც გამოვიდა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ მხრიდან უჩა ნანუაშვილისთვის დასმული იქნა სამი შეკითხვა. კერძოდ, ორგანიზაცია დაინტერესდა წინა ომბუდსმენის საქმიანობის პერიოდში მოქალაქეთა განცხადებებზე რეაგირებით, რაზედაც სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ასეთი კორესპონდენცია მართლაც ბევრია და შეძლებისდაგვარად მოხდება რეაგირება. ამასთან, დაინტერესება შეეხებოდა საზოგადოების ერთი ნაწილის მოსაზრებას – უქმნიდა თუ არა დამოუკიდებელი ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გენერალური დირექტორის დაკავება აღნიშნული მედია–საშუალების დამოუკიდებლობას საფრთხეს და ტელევიზიით გასული ფარული ჩანაწერების კანონიერებისა და სანქცირების საკითხს, რა დროაც, სასამართლომ განმარტა, რომ ფარული მიყურადების კანონიერება განხორციელებული ჩანაწერის მხოლოდ ერთ ნაწილში, მხოლოდ ორი პირის მიმართ არსებობდა. უჩა ნანუაშვილის შეფასებით, სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნულ საკითხებს უკვე სწავლობს.
ამასთან, „ახალგაზრდა ადვოკატები“ მხარდაჭერას უცხადებს „თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრის, ირაკლი კაკაბაძის მიერ შეხვედრაზე გამოთქმულ ინიციატივას, რა დროსაც საზოგადოებამ გაგებით უნდა მოეკიდოს მიტევების ინსტიტუტის შემოღებას, ამ პროცესში საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას, ეკლესიის ჩართულობას და სახალხო დამცველის დამოკიდებულებას.
ცნობისთვის: საქართველოს ახალი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს დღეს „ქორთიარდ მარიოტში“ შეხვდა და საპროგრამო მიმართულებები/ინიციატივები გააცნო.