ორგანიზაცია „ახლგაზრდა ადვოკატები“ თსუ-ში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს და თსუ-ის რექტორ ვლადიმერ პაპავას და თსუ-ის აკადმიურ საბჭოს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ თსუ-ში 14:00 საათისთვის არსებული მდგომარეობა, უკიდურესად დაძაბულია. მას შემდეგ, რაც თსუ-ის პირველი კორპუსის კიბესთან შეკრებილ აქციას შეუერთდა თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით მომზადებული კიდევ ერთი სტუდენტური აქცია, ვითარება საგრძნობლად დაიძაბა. ორი აქციის წარმომადგენლებს შორის არსებობდა სიტყვიერი დაპირისპირება. მოგვიანებით, თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ეგიდით შეკრებილი სტუდენტები გაეცალნენ ეზოს და თსუ-ის პირველი კორპუსის შიდა ეზოს შესასვლელი კარიდან აღმოჩდნენ შენობაში. ამჟამად, ორი აქციის წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ. თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ეგიდით აქციის მონაწილეები, ამჟამად რექტორ ვლადიმერ პაპავას სამუშაო კაბინეტის დაკავებას ცდილობენ. აღნიშნული ჯგუფი მოითხოვს რექტორის გადადგომასაც.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ თსუ-ში განვითარებულ მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას რექტორს და აკადემიურ საბჭოს აკისრებს. ჩვენ მოვითხოვთ, ვითარების სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნების მიზნით, რექტორმა ვლადიმერ პაპავამ დაუყოვნებლივ მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილებები:
- თსუ-ის აკადემიური საბჭოს მოწვევა დღეს, 16:00 საათის ნაცვლად, დაუყოვნებლივ
- თსუ-ის აკადემიური საბჭოს დადგენილების გაუქმება, რითაც თსუ-ში კანცლერის შერჩევისთვის გამოცხადდება ახალი კონკურსი.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კანცლერის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, ერთადერთი რეგისტრირებული სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, რომელიც თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს - სენატის შესაძლო გადაწყვეტილებას, რომლითაც არჩეულ იქნება უნივერსიტეტის კანცლერი, კანონით დადგენილი წესით, სასამართლოში გაასაჩივრებს, ვინაიდან პროცესი უკვე კანონსაწინააღმდეგო და არალეგიტიმურია.
ჩვენ ცალსახად აღვნიშნავთ, რომ თსუ-ში კანცლერის შერჩევის პროცესი, 2015 წლის 19 თებერვლიდან, მთლიანად გავიდა სამართლებრივი სივრციდან. კანცლერის შერჩევის პროცესი არის თსუ-ის წესდებისა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მთელი რიგი დებულებების უხეში დარღვევის შედეგი. შექმნილ ვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება თსუ-ის აკადემიურ საბჭოს და რექტორს. სამწუხაროდ, არც რექტორი, არც აკადემიური საბჭო, არც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, არც თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, დისკუსიაში ჩართული არც ერთი წარმომადგენელი არ საუბრობს სინამდვილეზე.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საზოგადოების საყურადღებოდ აღნიშნავს, რომ 2015 წლის 26 ოქტომბერს, უნივერსიტეტში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდა კონკურსი და აკადემიური საბჭოს მიერ კანცლერის კანდიდატობის პრეტენდენტების შეფასების განხორციელებისა და კონკურსის საფუძველზე შერჩეული ერთი კანდიდატურის წარმომადგენლობითი საბჭოსათვის წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 5 თებერვალი. 2016 წლის 27 იანვარს, თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ (14 წევრმა) ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის კანდიდატთაგან ერთი - იოსებ არჩვაძე - შეარჩია (8 ხმით 6-ის წინააღმდეგ). აკადემიური საბჭოს 8 წევრმა ხმა მისცა იოსებ არჩვაძის კანდიდატურის შერჩევას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე, აკადემიური საბჭოს 6-მა წევრმა კი ამ პოსტზე მისთვის სასურველ კანდიდატად გიორგი გაფრინდაშვილი დაასახელა. 16 თებერვალს, წარმომადგენლობითი საბჭოს - სენატის მიმართ იოსებ არჩვაძის კანდიდატურის წარდგენამდე ერთი დღის ადრე, პირადი განცხადების საფუძველზე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენაზე უარი განაცხადა იოსებ არჩვაძემ. 19 თებერვალს, აკადემიურმა საბჭომ ოქმის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რითაც წარმომადგენლობით საბჭოს - სენატს თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასამტკიცებლად წარედგინა გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ უხეშად დაარღვია კანონი და უნივერსიტეტის წესდება, რითაც დასრულებული კონკურსის ფარგლებში უპირატესობა არამართლზომიერად მიენიჭა კანცლერობის პრეტედენტს. ორგანიზაცია განმარტავს, რომ თსუ-ში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) შერჩევისთვის გამოცხადებული კონკურსი დასრულდა იმწუთიერად, როდესაც აკადემიურმა საბჭომ მოახდინა კანცლერობის პრეტედენტებიდან ერთის გამოვლენა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის დასამტკიცებლად შეთავაზება. მას შემდეგ, რაც 16 თებერვალს, შერჩეულმა კანდიდატმა იოსებ არჩვაძემ პირადი განცხადების საფუძველზე წარდგენაზე უარი განაცხადა, ავტომატურად დადგა კანცლერის შერჩევისთვის ახალი კონკურსის გამოცხადების საჭიროება. შესაბამისად, არც თსუ-ს რექტორს და არც აკადემიურ საბჭოს უფლება აღარ გააჩნდათ, რაიმე ფორმით ემსჯელათ და უპირატესობა მინიჭებინათ კანცლერობის ყოფილი კანდიდატებისთვის. აკადემიური საბჭომ 27 იანვარს იმსჯელა და შეარჩია კიდეც შესაბამისი კანდიდატი, რაც პირდაპირ გამორიცხავს იმავე კონკურსის ფარგლებში სხვა კანდიდატურის სენატისთვის შეთავაზებას და განმეორებით კენჭისყრას. ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ აკადემიურმა საბჭომ დაარღვია ის კონკრეტული ვადებიც, როდესაც 2016 წლის 5 თებერვლისთვის არ მოუხდენია კანცლერობის პრეტედენტის გამოვლენა და წარდგენა სენატისთვის.