გიორგი გაფრინდაშვილის გადაწყვეტილება ერთადერთი, სწორი და ღირსეული იყო

14 მარტი, 2016

ორგანიზაცია „ახლგაზრდა ადვოკატები“ თსუ-ის კანცლერის შერჩევის კონკურსში აკადემიური საბჭოს მიერ მხარდაჭერილი გიორგი გაფრინდაშვილის მხრიდან კანცლერის არჩევის კონკურსში მონაწილეობაზე უარსს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გიორგი გაფრინდაშვილის პოზიცია თსუ-ში პროცესის იურიდიულ ჩარჩოებში დაბრუნების საშუალებას იძლევა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, გიორგი გაფრინდაშვილმა ერთადერთი, სწორი და ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო, რითაც გამოხატა პატივისცემა არამხოლოდ საუნივერსიტეტო საზოგადოების მიმართ, არამედ უნივერსიტეტში დღეს საჭირო საერთო თანხმობისა და მშვიდობისათვის. მოცემულ შემთხვევაში, ასევე მნიშვნელოვანია, გიორგი გაფრინდაშვილმა გააკეთოს სხვა განცახდებაც და სტუდენტურ საზოგადოებაში საკუთარ მხარდამჭერებს რექტორის ინსტიტუტის პატივისცემისკენ მოუწოდოს. ბოლო საათებში რექტორის კაბინეტის დაკავების სურვილი და აღნიშნულის ძალადობრივი გზით განხორციელება, ვერ მიიჩნევა გამოხატვის თავისუფლების დადგენილი სტანდარტის უზრუნველყოფად. ჩვენ ცალსახად აღვნიშნავთ, რომ თსუ-ში ვითარების ესკალაციაზე პასუხისმგებლობას ერთიანად უნდა იზიარებდნენ რექტორი და აკადემიური საბჭო, რომლებმაც დაუშვეს 2016 წლის 19 თებერვალს, უკვე დასრულებული კონკურსის პირობებში, არამართლზომიერად და უკანონოდ, ერთ-ერთი კანდიდატის მიმართ მხარდაჭერა, რამაც პროცესები მთლიანად არალეგიტიმური გახადა.

ჩვენ ცალსახად აღვნიშნავთ, რომ თსუ-ში კანცლერის შერჩევის პროცესი, 2015 წლის 19 თებერვლიდან, მთლიანად გავიდა სამართლებრივი სივრციდან. კანცლერის შერჩევის პროცესი არის თსუ-ის წესდებისა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მთელი რიგი დებულებების უხეში დარღვევის შედეგი. შექმნილ ვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება თსუ-ის აკადემიურ საბჭოს და რექტორს. სამწუხაროდ, არც რექტორი, არც აკადემიური საბჭო, არც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, არც თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, დისკუსიაში ჩართული არც ერთი წარმომადგენელი არ საუბრობს სინამდვილეზე.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საზოგადოების საყურადღებოდ აღნიშნავს, რომ 2015 წლის 26 ოქტომბერს, უნივერსიტეტში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდა კონკურსი და აკადემიური საბჭოს მიერ კანცლერის კანდიდატობის პრეტენდენტების შეფასების განხორციელებისა და კონკურსის საფუძველზე შერჩეული ერთი კანდიდატურის წარმომადგენლობითი საბჭოსათვის წარდგენის ბოლო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 5 თებერვალი. 2016 წლის 27 იანვარს, თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ (14 წევრმა) ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის კანდიდატთაგან ერთი - იოსებ არჩვაძე - შეარჩია (8 ხმით 6-ის წინააღმდეგ). აკადემიური საბჭოს 8 წევრმა ხმა მისცა იოსებ არჩვაძის კანდიდატურის შერჩევას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე, აკადემიური საბჭოს 6-მა წევრმა კი ამ პოსტზე მისთვის სასურველ კანდიდატად გიორგი გაფრინდაშვილი დაასახელა. 16 თებერვალს, წარმომადგენლობითი საბჭოს - სენატის მიმართ იოსებ არჩვაძის კანდიდატურის წარდგენამდე ერთი დღის ადრე, პირადი განცხადების საფუძველზე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარდგენაზე უარი განაცხადა იოსებ არჩვაძემ. 19 თებერვალს, აკადემიურმა საბჭომ ოქმის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, რითაც წარმომადგენლობით საბჭოს - სენატს თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასამტკიცებლად წარედგინა გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ უხეშად დაარღვია კანონი და უნივერსიტეტის წესდება, რითაც დასრულებული კონკურსის ფარგლებში უპირატესობა არამართლზომიერად მიენიჭა კანცლერობის პრეტედენტს. ორგანიზაცია განმარტავს, რომ თსუ-ში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) შერჩევისთვის გამოცხადებული კონკურსი დასრულდა იმწუთიერად, როდესაც აკადემიურმა საბჭომ მოახდინა კანცლერობის პრეტედენტებიდან ერთის გამოვლენა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის დასამტკიცებლად შეთავაზება. მას შემდეგ, რაც 16 თებერვალს, შერჩეულმა კანდიდატმა იოსებ არჩვაძემ პირადი განცხადების საფუძველზე წარდგენაზე უარი განაცხადა, ავტომატურად დადგა კანცლერის შერჩევისთვის ახალი კონკურსის გამოცხადების საჭიროება. შესაბამისად, არც თსუ-ს რექტორს და არც აკადემიურ საბჭოს უფლება აღარ გააჩნდათ, რაიმე ფორმით ემსჯელათ და უპირატესობა მინიჭებინათ კანცლერობის ყოფილი კანდიდატებისთვის. აკადემიური საბჭომ 27 იანვარს იმსჯელა და შეარჩია კიდეც შესაბამისი კანდიდატი, რაც პირდაპირ გამორიცხავს იმავე კონკურსის ფარგლებში სხვა კანდიდატურის სენატისთვის შეთავაზებას და განმეორებით კენჭისყრას. ამასთან, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ აკადემიურმა საბჭომ დაარღვია ის კონკრეტული ვადებიც, როდესაც 2016 წლის 5 თებერვლისთვის არ მოუხდენია კანცლერობის პრეტედენტის გამოვლენა და წარდგენა სენატისთვის. 



კომენტარები