“ახალგაზრდა ადვოკატები“ საკონსულტაციო საბჭოს სხდომას დაესწრო

17 მარტი, 2016

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო სხდომას დაესწრო, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადება მიიღო. ორგანიზაცია, როგორც საბჭოს წევრი, მიღებულ ერთობლივ განცხადებას შეუერთდა.

„ჩვენ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონულტაციო საბჭოს შემადგენლობაში მყოფი სამოქალაქო ორგანიზაციები, მოწვეული სპეციალისტები და ექსპერტები, ვგმობთ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-მასალის გასაჯაროვების ფაქტებს და მოვუწოდებთ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, დროის მოკლე ვადაში მოხერხდეს ამ შემზარავი დანაშაულებრივი ქმედების სრულფასოვანი გამოძიება, ყველა დამნაშავის გამოვლენა და კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით დასჯა.

უკანასკნელ პერიოდში ჩვენ ვხედავთ მორალური ხასიათის შეტევას საზოგადოების წინაშე, რომლის მიზანია, ქვეყანაში საყოველთაო მღელვარების გამოწვევა და სახელმწიფოს რეპუტაციის შელახვა. დამნაშავეთა მიზანია, მასობრივი დაუცველობის განცდის გაღვივება და პოლიტიკური ელიტის, საზოგადოებრივი აზრისა და სახელმწიფოს ფუნქციის მნიშვნელოვანი დაკნინება, რაც თითოეული მოქალაქის ღირსების, თავმოყვარეობისა და თავისუფლების სიკეთეზე გადის. სამწუხაროდ, პირდი ცხოვრების შესახებ ამსახველი ფარული მასალის ინტერნეტსივრცეში ყველა გასულ შემთხვევას, სათანადო რეაგირება და შესაბამისი იურიდიული შედეგი არ მოჰყოლია. აღნიშნულმა ხელი შეუწყო სახელმწიფოს მიმართ მოქალაქეების გაუცხოვების გაღრმავებას, რაც ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უნდა შეიცვალოს.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავრცელებული კადრები, ცალსახად მიმართულია ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის წინააღმდეგ, წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობის მღელვარებისკენ და სახელმწიფო ინსტიტუციების უნდობლობის გაღრმავების წარმოშობისთვის.

პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელება წინა ხელისუფლების დროს დამკვიდრებული სისტემური დანაშაულის შემადგენელი ნაწილია, რასაც დღეს მთელი სიმკაცრით უნდა შეებრძოლოს სახელმწიფო. ამ ბრძოლაში, ჩვენ ვართ სახელმწიფოს მოკავშირე და საზოგადოების დამცველი, რომელიც სამართლიანად მოითხოვს ყველა დამნაშავის დასჯას“ - ნათქვამია განცხადებაში.

კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო ამჟამად შედგება 26 არასამთავრობო ორგანიზაციისა და 7 მოწვეული სპეციალისტისგან. დღევანდელ სხდომაზე საკითხთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო რეგულაციების საკითხზეც იმსჯელეს, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების დროს, დანაშაულის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გაზრდის. როგორც საბჭოს თავმჯდომარე არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, წევრი ორგანიზაციების ცალკეული შეხდულებები და მოსაზრებები რეკომენდაციის სახით მიეწოდება კომიტეტს.  



კომენტარები