„ახალგაზრდა ადვოკატები“ პოლიტიკურ პარტიებში გიორგი პაპუაშვილის შესახებ გამოკითხვას ჩაატარებს

18 მარტი, 2016

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობას, ავტორიტეტსა და რეპუტაციას საფრთხეს არა საქართველოს მთავრობა ან მთავრობის რომელიმე მინისტრი, არამედ თავად სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი უქმნის – აღნიშნულის შესახებ 2016 წლის 18 მარტს, „რეპორტიორის“ პრეს–კლუბში გამართულ ბრიფინგზე, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, რომელმაც ვენეციის კომისიის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს შევიწროვების ფაქტზე გამოქვეყნებული ანგარიში შეაფასა.

არჩილ კაიკაციშვილის თქმით, ანგარიში მკვეთრად მიკერძოებულა, რადგანაც ვენეციის კომისია მიზანმიმართულად სდუმს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრების ფაქტზე, ხოლო საქართველოს იუსტიციის მინისტრის საჯარო კრიტიკას განიხილავს სასამართლოს ინსტიტუციური შევიწროვების საკითხად, რაც ორმაგი სტანდარტებით მოქმედებას ნიშნავს. მისივე თქმით, გიორგი პაპუაშვილი დღეს სწორედაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრობლემაა, რომლის მდგომარეობაც და მასთან არსებული სამართლებრივი კითხვები, დარტყმის ქვეშ აყენებს სასამართლოს ავტორიტეტსა და რეპუტაციას.

„როდესაც ზოგიერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ხმამაღლა საუბრობს ვენეციის კომისიის შეფასებაზე და გიორგი პაპუაშვილის დამცველად გვევლინება, საზოგადოებამ მკვეთრი აქცენტები უნდა გააკეთოს მხოლოდ სიმართლეზე და ობიექტურობაზე. ვენეციის კომისიის დასკვნა თუ კომისიის ცალკეული ერთი წევრის შეხედულება, წარმოადგენს მთავრობის არამართლზომიერ ბრალდებას, ვინაიდან არ განიხილავს გიორგი პაპუაშვილთან არსებულ სამართლებრივ პრეტენზიებს, რომელიც გამოხატა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა (29 თებერვლის სამთავრობო კომისიაზე მინისტრის განცხადება), გააჩნია საქართველოს საერთო სასამართლოებს (სასამართლოს 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინება სადავო ქოენბაზე ყადაღის უზრუნველყოფის შესახებ) საქართველოს პროკურატურას (2013 წლის 5 ივლისს აჭარის ა/რ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება როლანდ ბლადაძის კიდევ ერთი ქონების - ავტოფარეხის მისკუთრების გამო)“ – განაცახდა არჩილ კაიკაციშვილმა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ხელმძღვანელის აზრით, ვენეციის კომისია ზედაპირულად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან დაკავშირებულ მოვლენებს მიუხედაცად იმისა, რომ კომისია სრულად ინფორმირებულია გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონების საკითხზე. კომისია, ასევე შეგნებულად სდუმს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ორგანიზაციამ 2015 წლის ოქტომბერში, ოფიციალური წერილით მიმართა ვენეციის კომისიას და მოითხოვა სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლეთა კოლეგიის მოქმედებების მართლზომიერების შეფასება. კერძოდ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე: „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოაქვეყნა. გადაწყვეტილების გამოქვეყნების დროს, სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა და მოსამართლეებმა, გვერდი აუარეს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონს, რომლის 43-ე მუხლის მიხედვით, „საკონსტიტუციო სასამართლოს საოქმო ჩანაწერს/განჩინებას ხელს აწერს საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას/დასკვნას ხელს აწერს საქმის არსებითად განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრი“. მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება გამოქვეყნდა 8 მოსამართლის ხელმოწერით, რაც ნიშნავს, რომ სახეზეა კანონით დადგენილი წესით დაუცველი გადაწყვეტილების მიღება. ორგანიზაციას მიმართვაზე ვენეციის კომისიის გამოხმაურება, არ მიუღია, რაც აჩენს ვენეციის კომისიის მხრიდან საკითხების მიმართ შერჩევითი დამოკიდებულების საფრთხეს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშანვს, რომ დაუშვებელია გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონება არ იქნებს განხილული, როგორც მოსამართლის უღირსი საქციელის გამომხატველი.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც დღეს გიორგი პაპუაშვილის მხარდაჭრას გამოთქვამენ და მიუთითებენ, რომ მთავრობა ან რომელიმე მინისტრი ზღუდავს სასამართლოს დამოუკიდებლობას, ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულანტები არიან, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ, გიორგი პაპუაშვილმა, თუ რომელი უღირსი საქციელის გამო არ მიიღო ევროსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურის მიმართ, შესაბამისი მხარდაჭერა. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, „ახალგაზრდა ადვოკატები“ მოქმედი პოლიტიკური სუბიექტების ლუსტრაციას მოახდენს. ორგანიზაცია გეგმავს პარტიებს შესთავაზოს ერთიანი განცხადების ტექსტი და მოითხოვს ხელმოწერას განცხადებაზე, არის თუ არა სასამართლოს თავმჯდომარის ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრება საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვა, არის თუ არა სასამართლოს თავმჯდომარის ქცევა სასამართლოს რეპუტაციის შემლახველი, არის თუ არა მოსამართლის ღირსეული ქცევა საზოგადოებრივი მორალის წინააღმდეგ მოქმედება? არჩილ კაიკაციშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომელი პარტია არ მოაწერს ხელს ერთობლივ განცხადებას. მისივე თქმით, პარტიები, რომლებიც მიმართვის ტექსტს გაემიჯნებიან, საზოგადოება დაინახავს, ვინ დგას სამართლიანობის აღდგენის მხარეს და მათი არჩევით, რამდენად დაცული იქნება ქვეყანაში ადამიანის უფლებები, ქონებაჩამორთნმეულთა ინტერესები, საკუთრების უფლება



კომენტარები