ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან 2016 წლის 24 მარტს, გაზეთ „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ ქონებაზე გიორგი პაპუაშვილის მხრიდან საზოგადოების სიცრუეში შეყვანა გრძელდება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ყურადღებას დაუთმობს გიორგი პაპუაშვილის საგაზეთო ინტერვიუს იმ მონაკვეთს, სადაც სასამართლოს თავმჯდომარე აქცენტს აკეთებს შემდეგ საკითხებზე და აღნიშნავს, რომ
- თითქოსდა, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ორგანიზებით, 2015 წლის აპრილში, სადავო ქონებასთან და საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართული აქცია იყო კანონსაწინააღმდეგო და ხელისუფლებამ არ მიიღო მისი აღკვეთის შესაბამისი ზომები.
- თითქოსდა, როდესაც როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონება 2007 წელს გიორგი პაპუაშვილს გადაეცა, აღნიშნულ ქონებაზე იმჟამად დავა არ მიმდინარეობდა. გიორგი პაპუაშვილი ამბობს: (ციტატა) „რა უფლება მქონდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დამეყენებინა, რამდენად კანონიერად იყო ბინა ჩამორთმეული?“
- თითქოსდა, 2012 წლის დეკემბერში, როდესაც გიორგი პაპუაშვილმა წერილით მიმართა იუსტიციისა და ეკონომიკის მინისტრებს და აღნიშნა, რომ თუკი სადავო ქონებას წარმოადგენდა მიღებული ბინა, შეეძლო სახელმწიფოსთვის დაებრუნებია, აღნიშნული სამინისტროების მხრიდან კი მიიღო გამოხმაურება, რომ ქონებაზე დავა არ არსებობდა
- თითქოსდა, როლანდ ბლადაძემ ჩამორთმეულ ქონებაზე უნდა ედავოს სახელმწიფოს. გიორგი პაპუაშვილი ამბობს: (ციტატა) „ეს დავა არ არის ჩემს წინააღმდეგ. მე საერთოდ გავდივარ ამ დავიდან, რადგან არავითარ კავშირში არ ვარ“.
- თითქოსდა, 2015 წლის 17 მარტს, მეუღლის დის ყოფილი ქმრის, გიორგი ლევიძის მიმართ მალულად გასვისებული სადავო ბინის სრული უფლება გააჩნდა, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნულმა ბიურომ ჩაიდინა კანონდარღვევა, როდესაც მოახდინა ნასყიდობის ხელშეკრულების უზრუნველყოფის შეჩერება.
- თითქოსდა, სახელმწიფოს მხრიდან გიორგი პაპუაშვილის მიმართ ალტერნატიული ქონების შეთავაზების ფაქტი არ ყოფილა და დავაზე არსებობდა მორიგებით დასრულების შესაძლებლობა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“, როგორც საერთო სასამართლოებში როლანდ ბლადაძის უფლებების დამცველი ორგანიზაცია, კიდევ ერთხელ განმარტავს და მიაწვდის ინფორმაციას საზოგადოებას, რომ:
- 2015 წლის აპრილში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან და სადავო ბინასთან გამართული უკიდურესად მშვიდობიანი აქცია მოამზადა ორგანიზაციამ და როლანდ ბლადაძის ახლობლებმა. სირცხვილია, როდესაც ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, პირველი კონსტიტუციონალისტი ხელისუფლებისგან მოითხოვდა ორგანიზაციის შეჩერებას, როდესაც ქვეყანაში საუბრობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე. ჩანს, როდესაც საკითხი ეხება გიორგი პაპუაშვილის ჩამორთმეულ ქონებაში ცხოვრების ფაქტის გაპროტესტებას, გიორგი პაპუაშვილი დახმარებისთვის ხელისუფლებას უხმობს და გამოხატვის თავისუფლების აკრძალვის მომხრეა.
- გიორგი პაპუაშვილი მიზანმიმართულად ახდენს საზოგადოების მოტყუებას, როდესაც აცხადებს, რომ 2007 წელს, მიღებული ქონების მიმართ, არავითარი დავა არ მიმდინარეობდა. პირიქით, დავა მიმდინარეობდა საერთო სასამართლოებში. გარდა ამისა, გიორგი პაპუაშვილი მიზანმიმართულად სდუმს საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებებზე: გიორგი პაპუაშვილთან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, მოდავე მხარის მიერ, სახელმწიფოს ეცნობა, რომ არ მოეხდინა ჩამორთმეული სახლის განკარგვა, რადგანაც უძრავი ქონების ჩამორთმევა განხორციელებულ იქნა უკანონოდ. კერძოდ, საქმეში არსებობს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის 2007 წლის 18 ივნისის წერილი-პოზიცია მაშინდელი გენერალური პროკურატურის მიმართ, სადაც აღნიშნულია, რომ პროკურატურას ხელმეორედ უნდა შეესწავლა საქმეში მოყვანილი ფაქტები, რადგანაც იქმნებოდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ სინამდვილეში, დარღვეულ იქნა როლანდ ბლადაძის კონსტიტუციური და საერთაშორისო ნორმებით დადგენილი უფლებები და მოვალეობები. საქმეში არსებობს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის 2007 წლის 20 ივლისის წერილი-პოზიცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ, სადაც მოთხოვნილია, რომ საბჭოს უნდა მოეხდინა სასამართლოს მხრიდან კანონდარღვევის არსებობის შესწავლა, მიღებულ ყოფილიყო კანონმდებლობით დადგენილი ზომები. საქმეში არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წერილიც, რომელიც ეკუთვნის როლანდ ბლადაძის მეუღლეს, იმჟამად მის კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც მიმართულია საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ. წერილის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეგისტრაციის თარიღია 2007 წლის 11 მაისი, სადაც დეტალურად არის საკითხის ცალკეული მხარეები გადმოცემული. წერილი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ როლანდ ბლადაძის ოჯახი ჩამორთმეული ქონების გასხვისებამდე ერთ თვით ადრე, უკვე ფლობდა ინფორმაციას, რომ უძრავი ქონება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს უნდა გადასცემოდა. სახელმწიფომ მოქალაქის საკუთრების უფლების დაცვის მოვალეობის შესრულებაზე, შეგნებულად თქვა უარი და საქმეზე კანონიერების დადგენის მოთხოვნებს, სრული იგნორირებით უპასუხა. შედეგად, სახელმწიფომ როლანდ ბლადაძის ქონება საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე, უსაფუძვლოდ, გიორგი პაპუაშვილს გადასცა. ცხადია, გიორგი პაპუაშვილი აღნიშნულ დოკუმენტებზე სდუმს.
- 2013 წლის 17 თებერვლის წერილში საქართველოს იუსტიციის მინისტრი გიორგი პაპუაშვილს პასუხობს: „სისხლის სამართლის საქმეში შესასწავლია როლანდ ბლადაძის ბრალდების დასაბუთებულობა და კანონიერება და იმ შემთხვევაში, თუ მოხდება როლანდ ბლადაძის მიმართ არსებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა, ან თუკი როლანდ ბლადაძე უდანაშაულოდ იქნება ცნობილი, ამ შემთხვევაში შესაძლოა ეჭქვეშ დადგეს მისთვის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის კანონიერებაც“. მინისტრის წერილიდან ზუსტად 2 თვეში, 2013 წლის 12 აპრილს, აჭარის ა/რ პროკურატურის დადგენილებით, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, რ. ბლადაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. შესაბამისად, დანაშაული, რომლის საფუძველზეც როლანდ ბლადაძეს 2004 წელს ქონება ჩამოართვეს, დღეს არ არსებობს და არც არასდროს არსებულა. ამდენად, მართებულად დაისმის საკითხი სახელმწიფოს კეთილსინდისიერებისა და მისი ამჟამინდელი მესაკუთრის, გიორგი პაპუაშვილის, როგორც ქონების კეთილსინდისიერი შემძენის შესახებ. რაც შეეხება გიორგი პაპუაშვილის მიმართ ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს დაქვემდებარებული სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს წერილს, სააგენტოს იმჟამინდელი ხელმძღვანელი, დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებს, რომ მას სადავო ქონების შესახებ ინფორმაცია არ მოეპოვება.
- გიორგი პაპუაშვილის განცხადება, თითქოსდა საჯარო რეესტრის ეროვნულმა ბიურომ ჩაიდინა კანონდარღვევა და ახლო ნათესავთან ნასყიდობის დადების პროცესი დაახარვეზა, „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის იმჟამად მოქმედი ნორმის უცოდინრობაა. ჩვენ პირველ კონსტიტუციონალისტთან აღნიშნულ საკითხზე დისკუსიას არ გავაგრძელებთ. საინტერესო სულ სხვაა - ფიქციური ხელშეკრულება, რომლითაც მალულად ხდებოდა ქონების გასხვისება. მას შემდეგ, რაც ფაქტი საჯარო გახდა, 2015 წლის 1 მაისს, გიორგი ლევიძემ ქონების შეძენაზე უარი განაცხადა და საჯარო რეესტრს ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმებაზე მიმართა. ბუნებრივია, აღნიშნულმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გიორგი ლევიძემ სადავო ქონებაზე უარი თქვა.
- გიორგი პაპუაშვილი ვერასოდეს გახდება სადავო ქონების კეთილსინდისიერი შემძენი და მფლობელი. გიორგი პაპუაშვილმა იცოდა, რომ მიღებული ქონება გახლდათ სადავო და ამის მიუხედავად, ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად შესვლა გადაწყვიტა.
დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობასა და რეპუტაციას საფრთხეს სწორედ გიორგი პაპუაშვილი უქმნის, რომელიც ჩამორთმეულ ქონებაში ცხოვრებით, პირდაპირ ლახავს მოსამართლის მიუკერძოებლობისა და თავისუფლების სტანდარტს. თუკი გიორგი პაპუაშვილი დაინტერესებულია სასამართლოს დამოუკიდებლობით, შეუძლია პირველმა გადადგას ნაბიჯი და სადავო ქონება დაუბრუნოს სახელმწიფოს. გიორგი პაპუაშვილს ღია ცხის ქვეშ ცხოვრების პრობლემა არ უდგას. კანონით, სახელმწიფო ვალდებულია, რომ ახალი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოს. რატომ არ დგამს პირველი კონსტიტუციონალისტი ამ ნაბიჯს, საზოგადოებამ ალბათ ეს კითხვა დროულია მას დაუსვას.