„ახალგაზრდა ადვოკატები“ აჭარის რეგიონის ადვოკატთა პროტესტზე მთავარ პროკურორს განმარტებისთვის მიმართავს

17 დეკემბერი, 2012

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ვიზიარებთ აჭარის რეგიონში ადვოკატთა კორპუსის პროტესტს და მივმართავთ საქართველოს მთავარ პროკურატურას აჭარის ავტონომიის პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები გადახედოს. ორგანიზაციამ შეისწავლა აჭარის რეგიონში ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენელთა შეხედულებები აჭარის პროკურატურაში საგამოძიებო განყოფილების უფროსად ავთანდილ კილაძის დანიშვნასთან დაკავშირებით. სამართლიანად გვეჩვენება საქართველოს მთავარმა პროკურორმა განმარტება გააკეთოს ადვოკატების იმ მოთხოვნების შესახებ, რა დროსაც საგამოძიებო განყოფილების ახალი უფროსის სახელთან დაკავშირებულია ადვოკატების პროფესიულ საქმიანობაში მიზანმიმართული ხელშეშლა, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში დაცვის მხარის მიმართ ზეწოლის კონკრეტული ფაქტები, 2007 წელს ბათუმის უნივერსიტეტში დარბევის პროცესში მონაწილეობა და რეგიონში პოლიტიკური პატიმრებად ქცევის პროცესი.

„ახალგაზრდა ადვოკატებს“ მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავარმა პროკურორმა სამართლიანობის აღდგენის პროცესში უნდა გაითვალისწინოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აჭარის რეგიონის წარმომადგენლობითი ნაწილის მოთხოვნები. სხვა შემთხვევაში, ეს არ მოემსახურება საზოგადოებასა და პროკურატურას შორის ნდობის აღდგენასა და გამჭვირვალობის პროცესს.

როგორც ორგანიზაციას აჭარის რეგიონში მოღვაწე ადვოკატებმა განუცხადეს, საგამოძიებო განყოფილების ახალი უფროსი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ბათუმის პროკურორის თანამდებობაზე მუშაობდა. ამიტომაც, ადვოკატების შეფასებით, ის ერთ–ერთი თანამდებობის პირი იყო, რომელიც რეგიონში მკაცრ სისხლისმართლებრივ პოლიტიკას ხელმძღვანელობდა. ორგანიზაციას სამართლიანად მიაჩნია, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ყურადღება მიაქციოს ადვოკატების იმ განცხადებებსაც, რომელიც საგამოძიებო განყოფილების ახალი უფროსის საკანონდებლო ხელისუფლებაში მხარდამჭერებზე საუბრობენ.

 

 



კომენტარები