უზენაესმა სასამართლომ არჩილ კაიკაციშვილის კიდევ ერთ საქმეს პრეცედენტული უწოდა

11 აპრილი, 2016

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის კიდევ ერთ სამოქალაქო საქმეს ს.ს. „პროკრედიტ ბანკის“ მიმართ, სამართლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და პრეცედენტული უწოდა. შესაბამისად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ საქმე არსებითი განხილვისთვის მიიღო და მიღებული გადაწყვეტილება დააფუძნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391–ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძვლებს – „საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის“.

საქართველოს უზენაესს სასამართლოში საქმეს სამოქალაქო კოლეგიის პალატა განიხილავს, რომლის შემადგენლობაშიც შემდეგი მოსამართლეები არიან: ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე), ნინო ბაქაქური და ბესარიონ ალავიძე. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქმე ეხება ს.ს. „პროკრედიტ ბანკიდან“ დასაქმებული ქალბატონის გათავისუფლების საკითხს. ბანკიდან თანამშრომლის გათავისუფლების მიზეზი გახდა დასაქმებულის არაკვალიფიციურობა და მისი უნარ-ჩვევების შეუსაბამობა დაკავებულ პოზიციასთან. ბანკმა „არაკვალიფიციურობის“ გამომხატველ გარემოებად მიიჩნია ანა მ.-ს მხრიდან ბანკის მიერ დადგენილი სამუშაო ფინანსური გეგმის შეუსრულებლობა, საქმიანობის შესახებ შიდა პრეზენტაციების ჩაუტარებლობა, ხოლო „უნარ-ჩვევების“ შეუსაბამობაში იგულისხმა კლიენტებთან ზედმეტი ფამილარობა, რაც გამოიხატებოდა სიტყვებით: „ღმერთმა დაგლოცოთ“.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2016 წლის 11 თებერვალს გაავრცელეს განცხადება და აღნიშნეს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, დავის პერსპექტიულობის შესახებ საჯარო შეფასებები, არ გაკეთდება. ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიმართ არ უნდა მოხდეს რომელიმე შეხედულების თავსმოხვევა და გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს პირობებში. საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის პრეცედენტულად მიჩნევის მიუხედავად, ორგანიზაცია პირველ შეფასებებს გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ გააკეთებს.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არჩილ კაიკაციშვილის უკვე მეორე საქმე მიიჩნია მნიშვნელოვანად სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. აღნიშნული დავაც შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობლ საკითხებს ეხება. არჩილ კაიკაციშვილმა საკასაციო სასამართლოში, პირველი პრეცედენტული დავა 2014 წლის 20 თებერვალს მოიგო. მაშინ დავის მხარე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“ იყო.



კომენტარები