ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ „Freedom House“ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი ქვეყანაში განხორციელებულ ინსტიტუციურ რეფორმებთან დაკავშირებით, ობიექტურ შეფასებას იძლევა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ არჩილ ნადირაძის განცხადებით, „Freedom House“ ის ანგარიში საქართველოში მმართველობისა და რეფორმების მდგომარეობის თაობაზე შემდგომი დასკვნებისა და პერსპექტივების დანახვის საშუალებას იძლევა. ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმობს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის კუთხით გაუმჯობესებულ მდგომარეობას, სადაც მაჩვენებელი 2015 წელთან შედარებით 5.00 პუნქტიდან 4.75 პუნქტამდე გაუმჯობესდა. ორგანიზაცია აქცენტს აკეთებს სასამართლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ხარისხზე და აღნიშნავს, რომ მართმსაჯულების სისტემის შემდგომი დისტანცირება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისაგან, მოითხოვს უფრო მეტ ძალისხმევას და სწრაფ რეფორმებს. სასამართლო სისტემაში კანონის უზენაესობის პრინციპისა და სამართლიანი სასამრთლოს უფლების დაცვის გარანტიების შექმნა წარმოადგენს არამხოლოდ ხელისუფლების ვალდებულებას, არამედ საზოგადოების ცხოვრების დღის წესრიგს, რაც გამომდინარეობს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დებულებებიდან და შესაბამისობაშია მართმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმის მესამე ტალღასთან.
არჩილ ნადირაძის განცხადებით, „Freedom House“ ის ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სასამართლოს სისტემის ძირეული ცვლილება საჭირო და აუცილებელია. ამასთან, „Freedom House“ ის ანგარიში მოწმობს, რომ სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის შემოთავაზებული წინადადები და საკანონმდებლო რეგულაციები სწორი ტენდენციებია, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, ჩვენ არ შეგვიძლია ვისაუბროთ პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალ სასამართლოზე და 2004-2012 წლების მმართველობის პერიოდში ჩამოყალიბებულ ლოიალური მოსამართლეების ამჟამინდელ მიუკერძოებლობაზე, რომლებიც შესაძლებელია, მომავალში, სასამართლოს სიტემაში, ნინო გვენეტაძის მხრიდან შემოთავაზებული დემოკრატიული რეფორმების შემაფერხებელ რგოლად აღმოჩნდნენ. შესაბამისად, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პარლამენტმა საერთო სასამართლოების თუ საკონსტიტუციო მართმსაჯულების რეფორმა უნდა დააჩქაროს.
არჩილ ნადირაძე სასამართლო სისტემის რეფორმირების მოთხოვნით შესაძლო საპროტესტო აქციების გამართვის საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ როდესაც საუბარია ინდივიდუალური მოსამართლის როლის გაზრდაზე, დამოუკიდებელ მართმსაჯულებაზე და გავლენებისგან თავისუფალ სასამრთლოზე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, თუ რამდენად დადებითად აისახება ასეთი შესაძლო აქციები მიზანთან - სასამართლო გახდეს დამოუკიდებელი.
არჩილ ნადირაძის განცხადებით, სასამართლო კორპუსთან საჭიროა ინსტიტუციური დიალოგი, კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივების გარჩევა და არა ცვლილებების მიღწევის გზად – ულტიმატუმი.
მისი თქმით, 34 არასამთავრობო ორგანიზაცია კამპანიას მართმსაჯულების დამოუკიდებლობის მოთხოვნით იწყებს, როდესაც 34-ვე ორგანიზაცია მიზანმიმართულად სდუმს საქართველოს საკონსტიტუციო სასამარლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის მიერ ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრების ფაქტზე.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ აზრით, სასამართლოს ხელისუფლების დამოუკიდებლობა არ შეიძლება მიღწეულ იქნეს ორმაგი სტანდარტებით, როდესაც სამოქალაქო სექტორის ნაწილი მიზანმიმართულად თვალს ხუჭავს ქვეყნის პირველი კონსტიტუციონალისტის მხრიდან სასამართლოს დამოუკიდებლობის, რეპუტაციისა და ღირსების შელახვის ფაქტზე.