„ახალგაზრდა ადვოკატები“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საკანონმდებლო ცვლილებების პროექტს გაეცნო

14 აპრილი, 2016

2016 წლის 14 აპრილს, „ახალგაზრდა ადვოკატები“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიწვევით, უწყების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის განხილვას დაესწრო. წარმოდგენილი წინადადებებით, ცვლილება უნდა შევიდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში, სადაც ფართოვდება კანონის მოქმედების სფერო, რეგულაციის მიღმა დარჩენილი აუდიოკონტროლი ექცევა სპეციალურ საკანონმდებლო ჩარჩოში, მკაცრდება სანქციები ისეთი დარღვევების მიმართ, რომელიც შეეხება დიდი ოდენობით მონაცემთა უკანონო დამუშავებას. კანონპროექტი ასევე, ითვალისწინებს მონაცემთა დამმუშავებლების თეთრი და შავი სიის შექმნას, სადაც აისახება ინფორმაცია იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობის შესრულების მაღალი სტანდარტით გამოირჩევიან ან სისტემატიურად და უხეშად არღვევენ მას.

ცვლილებების მიხედვით, ინსპექტორს ენიჭება უფლებამოსილება მოითხოვოს კონტროლის ელექტრონული სისტემისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორ-ეტაპიანი ელექტრონული სისტემის ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტი.

მოქალაქეთა უფლებების დაცვისა და ინსპექტორის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, პროექტი ითვალისწინებს მოქალაქეთა განცხადების განხილვისა და ინსპექტირების განხორციელების მარეგულირებელი ნორმების ცვლილებებს, დაიხვეწება საქმის წარმოების ვადები და შემოწმების განხორციელების პროცედურები.

„ჩვენ მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მიზანია ქართული კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან და რეგულაციებთან სრულ ჰარმონიზაციაში მოყვანა, ასევე პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა. საკმაოდ კომპლექსური იყო ის სამუშაოები, რომელიც ჩვენ გავწიეთ, აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს ექსპერტების დასკვნასთან ერთად წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს“ - აღნიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა. შეხვედრაზე ევროპის საბჭოს ექსპერტებმა ვინფრიდ ვეილიმ და კლერ გეირელიმ აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით თავისი დასკვნები წარმოადგინეს.

შეხვედრას „ახალგაზრდა ადვოკატების“ სახელით, ლიკა მაჭუტაძე ესწრებოდა.



კომენტარები