საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა ჰამბურგ-ალტონას პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
კერძოდ, ორგანიზაციას იურიდიული დახმარების მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქე მ.ჰ-მ მომართა, რომელმაც ითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე რ.ჰ-სთან განქორწინების თაობაზე გერმანიის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარება.
გერმანილი სასამართლოს მიერ განქორწინების შესახებ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში 2015 წლის აგვისტოდან შევიდა, თუმცა დაინტერესებული მხარე, მოცემულ დრომდე, მის აღიარებას, საქართველოს ტერიტორიაზე, ვერ ახდენდა.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არჩილ კაიკაციშვილის შუამდგომლობა 2016 წლის 14 აპრილს დააკმაყოფილა. საქმე მოსამართლე ეკატერინე გასიტაშვილმა განიხილა.