„ახალგაზრდა ადვოკატები“ საკონსტიტუციო სასამართლოს მრჩეველ გიორგი დავითურს პასუხობს

18 აპრილი, 2016

ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი მრჩევლის, გიორგი დავითურის მხრიდან 2016 წლის 18 აპრილს, მედიასთან მოსამართლე მერაბ ტურავას მიმართ საჩუქრად, საცხოვრებელი ბინის გადაცემის შესაძლო ფაქტზე განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან 2007 წელს მოსამართლეებისთვის გადაცემული სადავო ქონებების ლეგიტიმაციას და ახალი ხელისუფლების კომპრომატირებას ცდილობს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი მრჩევლი, გიორგი დავითური ქართული საზოგადოების მორიგ დეზინფორმაციას ცდილობს. გიორგი დავითურმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ სახელმწიფო ვალდებულია, მოსამართლეს შეუქმნას ცხოვრებისთვის ღირსეული პირობები და უზრუნველყოს შესაბამისი სოციალური გარანტიებით, თუმცა როდესაც სასამართლოს მრჩეველი განმარტავს, რომ მერაბ ტურავას შემთხვევა არ არის პრეცედენტი, როცა მოსამართლეს გადაეცემა ბინა, სიცრუეში ამყოფებს საზოგადოებას. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს 2007 წელს მიხეილ სააკაშვილმა აჭარის მაშინდელი მთავრობის წევრებისთვის ჩამორთმეული ქონებები გადასცა, რითაც დაარღვია კანონი. ბატონი გიორგი დავითურისთვის მისაღებია სიმართლე, როდესაც დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ სახლში აგრძელებს ცხოვრებას. დავა წარმოადგენს საერთო სასამართლოებში მსჯელობის საკითხს. შესაბამისად, სახელმწიფოს მაშინაც და ახლაც აკისრია მხოლოდ პოზიტიური ვალდებულება, რომ მოსამართლის სოციალური დაცვა და უზრუნველყოფა მოახდინოს, თუმცა საქართველოში ვერც ერთი იურისტი ვერ მოიტანს კანონს, სადაც პირდაპირ იქნება აღნიშნული, რომ სახელმწიფო ვალდებულია საკუთრებაში გადასცეს საცხოვრებელი ფართები ამა თუ იმ მოსამართლეებს, რომლებიც სხვა ქალაქში სამოსამართლო უფლებამოსილებას ანხორციელებენ. კანონი მკაფიოდ ამბობს, რომ სახელმწიფომ უნდა მოახდინოს ასეთი მოსამართლეების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ან ბინის დაქირავება. საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა არ ნიშნავს საკუთრების უფლების წარმოშობის ვალდებულებას. ასეთი პრაქტიკა კანონის გვერდის ავლით, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილმა დაუშვა, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა კი უსიტყვოდ მიიღეს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს და აზრის გამხმოვანებელ პირებს, თავი შეიკავონ საზოგადოების დეზინფორმირებისგან, ე.წ. „პრაქტიკებზე“ მსჯელობისგან. მერაბ ტურავას მიმართ საცხოვრებელი ბინის სიმბოლურ ფასად გადაცემა შესაძლებელია იყოს ხაფანგი, რომელიც გიორგი პაპუაშვილის მხრიდან, საჯარო უწყებების დაბალი რანგის მოხლეები ანხორციელებდნენ. ამასთან, საზოგადოება ელოდება მოსამართლე მერაბ ტურავას პოზიციებს, რომელიც ან დარჩება დამოუკიდებელ მოსამართლედ, ან მის მიმართაც, სამომავლოდ, არაერთი კითხვა დაიბადება. რაც შეეხება გიორგი დავითურს, მეტი გამჭვირვალობისა და სიმართლისთვის, ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარ მრჩეველს მიმართავს, გამოვიდეს და თამამად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, როგორ ფიქრობს, როდესაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ქონებაჩამორთმეულის სახლში აგრძელებს ცხოვრებას (ორგანიზაცია მზადაა შეხვედეს მას და გადასცეს აღნიშნული ფაქტის ყველა დამადასტურებელი მტკიცებულება), ეს გარემოება რა მდგომარეობაში ამყოფებს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და ღირსებას? ამასთან, ჩვენ გულწრფელად გვაინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარი მრჩევლის პოზიცია, როდის აღმოჩნდა განსაკუთრებული ინტერესის ქვეშ ბატონი მერაბ ტურავას სოციალური დაცვა მოქმედი საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელობისთვის, ახლა, როდესაც სიმბოლურ ფასად, ბინის გადაცემით, მზაკვრული ჩანაფიქრი წამოიწყეს, თუ მაშინ, როდესაც ბატონ ტურავას საავადმყოფოში მივარდნით აიძულებდნენ ხელი მოეწერა საქმეზე: „გიორგი უფულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საბოლოო ტექსტს?! ვფიქრობთ, ბატონი გიორგი დავითური  უნდა პასუხობდეს საზოგადოების კითხვებს და სიმართლეს, რომელიც არც ერთ ვითარებაში, არ დაიმალება. 



კომენტარები