სასამართლო სხდომების მედიით გაშუქების ინიციატივა მეტ დაზუსტებას მოითხოვს

13 დეკემბერი, 2012

საქართველოს სასამართლოებში საქმის განხილვის საქვეყნოობის მნიშვნელოვან გარანტიებს ქმნის „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების სახით მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, რომლითაც მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გაშუქების უფლება ბრუნდება. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი თანაბრად მნიშვნელოვანია სასამართლოს, მედიისა და საზოგადოების პასუხისმგებლობის გაზრდისა და დამოუკიდებლობისთვის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სასამართლო სხდომების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქება სასამართლო ხელისუფლებისთვის ხდება ვალდებულება და არა უფლება, რითაც სასამართლოს მიუკერძოებლობისა და კომპეტენციის საკითხი პირველხარისხოვანი და მაღალი სტანდარტის საკითხი ხდება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეხედულებით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივამ ჯეროვნად უნდა გადმოსცეს მედიის წარმომადგენელთა საქმიანობის ფარგლები სასამართლო სხდომაზე, რათა პროცესის მიმდინარეობისას არ მოხდეს მოსამართლის მუშაობის ხელშეშლა. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დაუშვებელია სასამართლოს მიერ დადგენილი წესით სასამართლოს შენობაში შესული პირებისთვის პირადი ნივთებისა, მათ შორის მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო, კინო, ვიდეო ან აუდიო საშუალებების ჩამორთმევა, თუმცა დაზუსტებას საჭიროებს, ასეთი ტექნიკური შესაძლებლობებით აღჭურვილ ჟურნალისტს აქვს თუ არა უფლება, სასამართლოს/მოსამართლის თანხმობის გარეშე, თავისუფლად მოახდინოს სასამართლო სხდომის გადაღება ან/და სასამართლო შენობაში აწარმოოს გადაღება/ჩაწერა თუ ტრანსლირება. ამასთან, მკაფიოდ განმარტებას მოითხოვს ის შემთხვევაც, რა დროსაც, „თუკი სასამართლო პროცესში ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობენ, მედიასაშუალებებმა ისე უნდა გადაიღონ პროცესი, რომ ნაფიცი მსაჯულების ვინაობა და პერსონალური მონაცემები არ გაცხადდეს.“ კანონპროექტში არაფერია ნათქვამი აკრძალვების დარღვევის შემთხვევაში სანქციების შესახებაც. მათ შორის იმ პასუხისმგებლობაზეც, რა დროსაც ნაწილობრივ და სრულად დახურული სხდომის პირობებში, მხარეებს გადაეცემათ პროცესის აუდიო/ვიდეო ჩანაწერი, ისინი წერილობით ადასტურებენ, რომ დაიცავენ გადაცემული ჩანაწერის კონფიდენციალობას, თუმცა უცნობია, რა პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული, თუკი რომელიმე მათგანი, ნებსით თუ უნებლიეთ ახდენს გაუმჟღავნებლობის ვალდებულების დარღვევას.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მნიშვნელოვან წინადადებად განვიხილავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებას შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესის გადაღება, ჩაწერა და ტრანსლირება, ასევე ვალდებულებას უზრუნველყოს ჩანაწერის გადაცემა მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებისათვის მოთხოვნისთანავე და მივიჩნევთ, რომ აღნიშნული მიდგომა, როგორც ზოგიერთი სამართლის სპეციალისტი პირიქით აღნიშნავს, არ არის დისკრიმინაციული, სხვა არხებს არ ამყოფებს დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. პირიქით, მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებსაც თანაბარი უფლება გააჩნია მოახდინოს პროცესის გადაღება და ჩაწერა, რა დროსაც სამართლიანია არხს დასაბუთებული ჰქონდეს კონკრეტული სხდომის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. მეტიც, „ახალგაზრდა ადვოკატები“ გამოვდივართ ინიციატივით და პარლამენტს მივმართავთ, დაჩქარებული წესით მიიღოს ინიცირებული კანონპროექტი „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ,“ რა დროსაც, სასამართლო სხდომების გაშუქების თანაბარი უფლებამოსილება უნდა მიენიჭოს აჭარის ავტონომიაში აჭარის საზოგადოებრივ ტელევიზიასაც. ჩვენი აზრით, კანონპროექტში ასევე დასაზუსტებელია შეუზღუდველი უფლებამოსილების დეფინიციაც, რა დროსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი სასამართლო პროცესის გადაღებას, ჩაწერას და ტრანსლირებას ახდენს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, კონკრეტულად რა პრინციპით იმუშავებს საზოგადოებრივი მაუწყებელი სასამართლო სხდომების გაშუქებისას, გადაიღებს ყველა პროცესს, შერჩევით თუ რა კრიტერიუმებით მოხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილების განხორციელება.

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტში „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების ინიციატორი საქართველოს იუსტიციის სამინისტროა, აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის საკანონდებლო ინიციატივა კი ბათუმის მაჟორიტარ დეპუტატს ეკუთვნის. დღემდე მოქმედი წესით, „სასამართლოში, ასევე სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვის ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებს სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი. სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს თავის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო, კინო და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს. სასამართლო სხდომის სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა დაიშვება სასამართლოს (მოსამართლის) მიერ დადგენილი წესით. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს სასამართლოს (მოსამართლის) მოტივირებული გადაწყვეტილებით.“ ახალ საკანონდებლო ინიციატივას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 20 დეკემბერს განიხილავს. 



კომენტარები