სახელმწიფომ მოსამართლეებისთვის ბინების ჩუქება აღარ უნდა გააგრძელოს

19 აპრილი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, მერაბ ტურავას მიმართ სამოსამართლო უფლებამოსილების განხორციელებისთვის საცხოვრებელი ფართის საკუთრების უფლებით გადაცემის შესაძლებლობას ეხმაურება და მთავრობას მიმართავს, მოსამართლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფამდე, საკითხი სრულფასოვნად შეისწვალოს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ერთმნიშვნელოვნად, „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–11 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია „მოსამართლეს, რომელსაც სამოსამართლო უფლებამოსილების განსახორციელებლად ქალაქში (რაიონში) არა აქვს საცხოვრებელი ბინა, უზრუნველყოფს აუცილებელი საცხოვრებელი ფართით ან უნაზღაურებს საამისოდ საჭირო ხარჯებს“. მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულია მოსამართლე მერაბ ტურავას მიმართ თანაბარი სოციალური დაცვის გარანტიები შექმნას, თუმცა „აუცილებელი საცხოვრებელი ფართით“ უზრუნველყოფა, არ ნიშნავს მოსამართლისთვის სიმბოლურ ფასად, საკუთრებაში ქონების გადაცემას. ასეთი საცხოვრებელი ფართი, მოსამართლეს შესაძლებელია გადაეცეს დროებით სარგებლობაში იქედან გამომდინარე, რომ ბინის ქირა, შესაძლებელია, სამოსამართლო უფლებამოსილების ვადით, მნიშვნელოვან საბიუჯეტო ხარჯებთან იყოს დაკავშირებული.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ 2016 წლის 25 მარტს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ წერილით მიმართა ქალაქ ბათუმის მერიას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრ მერაბ ტურავას მიმართ, ქ. ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩა #1–ში, 125 კვ/მეტრის ფართობის მშენებარე ბინის უსასყიდლოდ, სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა. ბათუმის საკრებულო ბინის სახელმწიფოსთვის გადაცემის საკითხს 2016 წლის 20 აპრილის სხდომაზე განიხილავს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ თუკი მოსამართლის მიმართ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა, სიმბოლურ ფასად მოხდება, განმეორდება წინა ხელისუფლების პრაქტიკა, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა 2007 წლის ივნისში თავისი განკარგულებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლეს სოციალური დაცვის გარანტიების სახელით, სიმბოლურ ფასად – 1000 ლარად ქ. ბათუმში საცხოვრებელი ბინები გადასცა. ამჟამად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სასამართლო წესით სადავოა მოქალაქე როლანდ ბლადაძისთვის ჩამორთმეული ქონება. მიუხედავად იმისა, რომ მერაბ ტურავას მიმართ დაგეგმილია ისეთი საცხოვრებელი ფართის გადაცემა, რომელიც არც ჩამორთმეულია და არც სადავო, მოქმედი კანონი ქონებების საკუთრებაში გადაცემას არ ითვალისწინებს.  

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ის სტანდარტები და მიდგომები, როდესაც მოსამართლეების დამორჩილება ძვირადღირებული ქონებებით შეძლო. ეს გახლდათ, მსოფლიოს მასშტაბით, არნახული ელიტური კორუფციის ფაქტი. შესაბამისად, წარმოუდგენელია საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი და შემდგომი მოსამართლეების მიმართ წინა ხელისუფლების სტანდარტი დავუშვათ – მათი სოციალური დაცვის გარანტიების სახელით, ლეგიტიმაცია გავუკეთოთ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მანკიერ მიდგომებსა და პრაქტიკას.  ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ საკითხის სრულფასოვანი შესწავლა მოხდება და მოსამართლის სოციალური დაცვის უზრუნველყოფისთვის, ხელისუფლება ახალი სტანდარტებით იხელმძღვანელებს.



კომენტარები