მიხეილ მაჭავარიანი თავად უნდა იყოს დაინტერესებული, რა მოხდა როლანდ ბლადაძის საქმეში

19 აპრილი, 2016

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის წევრის, პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის მედიასთან 2016 წლის 19 აპრილს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონების საკითხს ეხებოდა და მიზნად ისახავდა მოდავე მხარის - როლანდ ბლადაძის მიმართ ცილისწამებას - არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი ცნობების გავრცელებას.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, მიხეილ მაჭავარიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ 15:00 და 18:00-საათიან გამოშვებებში, აგრეთვე ტელეკომპანია „ტაბულას“ გადაცემა „ფოკუსის“ 19:00-საათიან გამოშვებაში, სადავო ქონების საკითხზე შეფასების დროს განაცხადა შემდეგი: „აქ არის საუბარი, რომ 2003 წლამდე, მაშინ, როდესაც ასლან აბაშიძე და სეპარატისტული ჯგუფი მართავდა საქართველოს, ძალიან ბევრი კორუფციული გარიგება იყო და ას ლარად ასეთ ბინებს ვერ იყიდდი მაშინ ასლარიან ხელფასზე. იყო სასამართლო პროცესი, მოხდა დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა სასამართლოთი, საპროცესო გარიგებით და სახელმწიფო საკუთრებაში მოექცა ეს ბინა. ამ ბინას პაპუაშვილს მისცემენ თუ ვინმე სხვას, პაპუაშვილი სულ არ წყვეტდა ამას. სახელმწიფო ვალდებულია და უნდა გადაეცა. ხედავთ, აღმოჩნდნენ იგივე სიტუაციაში“ (სტილი დაცულია).

„ახალგაზრდა ადვოკატები“, რომელიც მოქალაქე როლანდ ბლადაძის კანონიერ ინტერესებს საერთო სასამართლოების წესით წარმოადგენს, უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის წევრის საყურადღებოს განაცხადოს, რომ ზემოაღნიშნული განცხადების პოლიტიკური ხასიათი მთლიანად წინააღმდეგობაში მოდის როლანდ ბლადაძის საქმეში არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ნამდვილობასთან. მიხეილ მაჭავარიანი 2004-2008 წელებში წარმოადგენდა მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს. შესაბამისად, მისთვის იმთავითვე ცნობილი ფაქტი გახდა აჭარის რევოლუციის შემდეგ, სამართლიანობის აღდგენის სახელით, რეგიონში ქონებების გადანაწილების უკანონო ფაქტები. ბატონი მიხეილ მაჭავარიანის გასაგონად გვსურს აღვნიშნოთ, რომ ქვეყანაში ელიტური კორუფცია სწორედ 2003-2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების დროს ჩამოყალიბდა, სწორედ აღნიშნულ პერიოდში აღმოჩნდა სასამართლო ხელისუფლება პროკურატურის წნეხისა და გავლენის ჩარჩოებში, ხოლო თავად მიხეილ მაჭავარიანი დუმდა, როდესაც 2007 წლის ივნისში, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სწორედ სიმბოლურ ფასად - 1000 ლარად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს საცხოვრებელი ფაქტები გადასცა. აღნიშნული მახინჯი პრაქტიკა სწორედ მიხეილ მაჭავარიანის საპარლამენტო ხელისუფლებაში საქმიანობის დროს დამკვიდრდა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მაშინდელმა მოადგილემ - მიხეილ მაჭავარიანმა ვერ შეძლო კონსტიტუციური ვალდებულების შესრულება - პარლამენტის საზედამხედველო მაკონტროლებელი ფუნქციის განხორციელება აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ, რითაც, შესაძლებელი იქნებოდა, სიმბოლურ თანხად მოსამართლეებისთვის გადაცემული ძვირადღირებული ქონებების საკითხზე საზოგადოებრივი დისკუსიის დაწყება მაინც. რაც შეეხება პარლამენტის წევრის განცხადების კონტექტს - ჩვენ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნავთ იმ ფაქტებს, რომელიც სასამართლო წესით დადასტურებულია, რომ როლანდ ბლადაძემ საცხოვრებელი ფართი ქ. ბათუმში შეიძინა 1999 წელს, ნოტარიულად გააფორმა 2000 წელს. შენობა შეძენილ იქნა კარკასის მდგომარეობაში, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული დოკუმენტები. 2001-2004 წლებში, ბატონი ბლადაძე საქმიანობდა სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე. პროკურატურამ სასამართლოს 2004 წელს მიმართა და მოითხოვა ქონების ჩამორთმევა, როგორც უკანონო და დასაუბუთებელი, ხოლო სადავო პერიოდად მიუთითა 2001-2004 წლები, როდესაც ქონება როლანდ ბლადაძის მხრიდან ჯერ კიდევ 1999 წელს იქნა შეძენილი. სასამართლო ისე გაიმართა და ქონება ისე გადავიდა სახელმწიფოს ბალანსზე, რომ არც როლანდ ბლადაძე, არც მისი ადვოკატი, არც ოჯახის რომელიმე წევრი სხდომაზე არ ყოფილა დაბარებული. ჩამორთმეული ქონების შესახებ ოჯახმა თვეების შემდეგ შეიტო, ხოლო როდესაც დავა სამოქალაქო და ადმინისტრაციული წესით გაგრძელდა, როდესაც პარლამენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სახელმწიფოს თითქმის ყველა საჯარო უწყება ინფორმირებული გახლდათ, რომ ქონება წარმოადგენდა სადავოს და მისი გასხვისება არ უნდა მომხდარიყო, პრეზიდენტმა 2007 წლის ივნისშო, როლანდ ბლადაძის სახლი სწორედ გიორგი პაპუაშვილს გადასცა. ამასთან, საქმის მტკიცებულებებიდან გამოვყოფთ იმ გარემოებასაც, რომ გიორგი პაპუაშვილმა იცოდა, რომ მიღებული ქონება სადავო იყო. ამიტომაც, ის ვერასოდეს ჩაითვლება აღნიშნული ქონების კეთილსნდისიერ შემძენად და მფლობელად.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს მიხეილ მაჭავარიანს, მომავალში მეტი სიფრთხილით მოეკიდოს გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონების საკითხზე მსჯელობას, ხოლო თუკი რომელი დეტალი იმსახურებს დაინტერესებას, ჩვენ მზად ვართ საქმის მრავალტომიანი მასალიდან, საქართველოს პარლამენტის წევრს, მოტხოვნილი ინფორმაცია მივაწოდოთ. მიხეილ მაჭავარიანის განცხადებები არ ემახურება პოზიტიურ მიზანს, მოქალაქემ დარღვეული უფლებების აღდგენის კუთხით ისარგებლო სამართლიანი სასამართლოს უფლებით, ვინაიდან ხდება სადავო საკითხის მიმართ არასწორი საზოგადოებრივი შეხედულებების ჩამოყალიბება და საკითხის პოლიტიზირება, როდესაც ოჯახი სამართლიანობის აღდგენას 12 წელიწადია ითხოვს და ელოდება. მიხეილ მაჭავარიანს გააჩნია თმენის ვალდებულება, რაც ნიშნავს სასამართლოში მიმდინარე დავის შეფასების დროს, მაქსიმალური სიზუსტით გამოთქვას აზრი და აღნიშნული აზრი არ წარმოადგენდეს სადავო საკითხზე ნეგატიური დამოკიდებულებების გაჩენას.



კომენტარები