2016 წლის 22 აპრილს, „ახალგაზრდა ადვოკატები“ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიწვევით, პროექტის: „საარჩევნო სიების სრულყოფა“ შუალედური ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. როგორც პრეზენტაციაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა, მამუკა სამხარაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, იდენტიფიცირებული და აღმოფხვრილია გაორების 481 ფაქტი, დარეგისტრირებულია 210 გარდაცვალების აქტი, აღდგენილია 1 554 ფოტოსურათი, შესწორებულია 252 ხარვეზიანი ჩანაწერი, საფასურის გადახდის გარეშე გაცემულია 57 000-მდე პირადობის მოწმობა. მისივე განცხადებით, სააგენტო ინტენსიურად მუშაობს მონაცემთა ბაზების ანალიზის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ამ ეტაპზე რამდენიმე მიმართულებით განხორციელებულია მთელი რიგი ღონისძიებები, კერძოდ:
- გარდაცვლილ და არასრულწლოვან პირთა ფოტოსურათების შედარება საარჩევნო უფლების მქონე ყველა პირის სურათთან, რაც მონაცემთა ბაზაში სავარაუდო გაორებების აღმოფხვრას ისახავს მიზნად;
- გარდაცვალების ისეთი ფაქტების გამოვლენა, რომლებიც არ არის რეგისტრირებული სააგენტოს მიერ;
- უსურათო და უხარისხო სურათების მქონე მონაცემების მაქსიმალურად შემცირება;
- მოქალაქის სქესის აღმნიშვნელ გრაფაში შეუსაბამობის გასწორება და ბაზაში კონკრეტული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემზე მიბმული ფოტოსურათების გასწორება;
- საკონსულო სამსახურების მიერ გაცემული უსურათო დოკუმენტებისთვის სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არარსებული ფოტოსურათების მოძიება და მათი მონაცემთა ბაზაში დაფიქსირება;
- იურიდიულად ძალადაკარგული დოკუმენტების მფლობელი და რეგისტრაციიდან მოხსნილი პირებისათვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც აღნიშნული სეგმენტისთვის პირადობის მოწმობის უფასოდ დამზადებას გულისხმობს.
„საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ თანახმად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია, ცესკოს მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, არჩევნებამდე, სულ მცირე, 11 დღით ადრე მიაწოდოს საარჩევნო ხმის უფლების მქონე პირთა მონაცემები გადაცემის დღისათვის არსებული მდგომარეობით.