საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის პროცესში საზოგადოებრივი ჯგუფების მხრიდან დასახელებული კანიდატის მხარდაჭერით სწორი გადაწყვეტილება მიიღო და დაშვებული შეცდომის გასწორება მოახდინა, თუმცა მეტი დამოკრატიისთვის სრული მზადყოფნა იქნებოდა ომბუდსმენის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა დასახელებულიყო.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან სახალხო დამცველის თანამდებობაზე შემოთავაზებულ უჩა ნანუაშვილის კანდიდატურას მივესალმებით და მიგვაჩნია, რომ საქართველოს მომავალი ომბუდსმენი ცნობილი უფლებადამცველი, სამართლის კვალიფიციური სპეციალისტი და მიუკერძოებელი პიროვნებაა. ამასთან, მიგვაჩნია, რომ უჩა ნანუაშვილი სრულად იღებს პასუხისმგებლობას და იმ გამოწვევებს, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სფეეროში დადგა. ქვეყანას სჭირდება პრინციპული და გადაწყვეტილებების მიღების დროს შეუვალი ომბუდსმენი. შესაბამისად, უჩა ნანუაშვილის გამოცდილება გვაფიქრებს, რომ მომავალი სახალხო დამცველი დაიცავს ყველას ინტერესს, რომლის დამრღვევადაც, უწინარესად, გვევლინება ხელისუფლება თუ სახელმწიფო.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივიჩნევთ, რომ ომბუდსმენის არჩევის პროცესში საზოგადოებრივი კამპანია იყო სამოქალაქო თვითშეგნების საუკეთესო ტესტი და ამ პროცესში, საზოგადოებრივმა პოზიციამ გაიმარჯვა. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერების პროცესში, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა სამოქალაქო სექტორის შემდგომი აქტიურობა, სიფხიზლე და პროფესიონალი ადამიანების თანამონაწილეობა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა გახდეს პრიორიტეტი და არა შერჩევითი მდგომარეობა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივმართავთ საქართველოს მომავალ სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს და ომბუდსმენის ინსტიტუციური გაძლიერების აუცილებლობიდან გამომდინარე, ვთავაზობთ რაციონალურ საკადრო გადაწყვეტილებებს. კერძოდ, პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის, მართლმსაჯულების დეპარტამენტისა და თავად სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობები შეთავაზებულ იქნეს საზოგადოებრივი ჯგუფებიდან დასახელებული ომბუდსმენობის იმ კანდიდატებისთვის, რომელთა ავტორიტეტიც და რეიტინგიც, საზოგადოებაში ურყევი და საპატივცემულოა. მათ უჩა ნანუაშვილთან ერთად, შეუძლიათ ეფექტური გახადოს ომბუდსმენის აპარატის მუშაობა.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ გამოვდივართ ინიციატივით და აუცილებლად მიგვაჩნია საქართველოს სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, უჩა ნანუაშვილმა საკუთარი საპროგრამო თეზისების მეტი სიცხადისთვის შეხვედრა გამართოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთანაც, რადგანაც ურთიერთთანამშრომლობით შევძლოთ სამოქალაქო უფლებების დაცვა და პრობლემატური საკითხების მიმართ კომუნიკაციისა და პრევენციის უფრო ფართო სამოქმედო არეალის ჩამოყალიბება.
ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტი სახალხო დამცველს 2012 წლის 07 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს. ომბუდსმენის პოსტზე სულ შვიდი კანდიდატი: ლია მუხაშავრია, გელა ნიკოლეიშვილი, უჩა ნანუაშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე, თამარ გურჩიანი, ნინა ხატისკაცი და ნათია იმნაძე განიხილებოდნენ.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ომბუდსმენის არჩევის საზოგადოებრივი კამპანიის პროცესში 2012 წლის 10 ოქტომბრიდან ჩაერთო და პარლამენტს ლია მუხაშავრიას კანდიდატურა შესთავაზა. ორგანიზაციის აქტიური პოზიცია ომბუდსმენის არჩევის პროცესში, რამდენჯელმე გახდა საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი, რაც ეხებოდა სახალხო დამცველის თანამდებობაზე კონკურენტულ გარემოს შექმნას, არაპარტიულ კანდიდატის დასახელების მნიშვნელობას და საზოგადოებრივი ჯგუფების მხრიდან შემოთავაზებული კანდიდატების ოფიციალური წესით პარლამენტში წარდგენას/მოსმენასთან დაკავშირებით.