ქართულ საზოგადოებას არ აქვს საშუალება გადაამოწმოს ამ გამოკითხვების შედეგები სხვა, დამოუკიდებელი, პროფესიული თვალსაზრისით სრულყოფილი და მოუსყიდველი სოციოლოგიური კვლევების ქართული კომპანიების მეშვეობით, რაც წარმოუდგენელი რეალობაა ევროკავშირის ქვეყნების მასშტაბით. იქ ასეთი ურთიერთგადამოწმების პრაქტიკა ყველგან არსებობს. ამ ფუნქციას, ბუნებრივია, ვერ აიღებს სახლემწიფო. ეს კერძო კომპანიების მეშვეობით უნდა იქნას მიღწეული, რომელიბიც ისარგებლებენ სათანადო ავტორიტეტით - აღნიშნულის შესახებ „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა სოციოლოგიური კვლევის: „პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიების ნდობის რეიტინგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“ პრეზენტაციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ NDI და IRI მიერ გამოქვეყნებული კვლევების მიმართ საზოგადოების გარკვეული ჯგუფების კრიტიკა სამართლიანია.
არჩილ კაიკაციშვილის შეფასებით, პერიოდულად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები NDI და IRI, უფრო ზუსტად, მათი საქართველოს წარმომადგენლობები აქვეყნებენ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს, რომელთა მიმართ ქართულ საზოგადოებას არერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს. მოქალაქეებისა და პოლიტიკური პარტიების უმეტესობა ამ გამოკითხვების შედეგებს არ ენდობა, თუმცა მიიჩნევს, რომ მათში ზოგადად მოსახლეობის განწყობის ძირითადი მომენტები და ტენდენციები სწორადაა ასახული.
„ჩვენ მივდივართ იმ დასკნამდე, რომ შესაბამისი ნდობის არარსებობის გამო, აუცილებელია დეზორიენტირებული საზოგადოებისთვის უფრო მეტი ობიექტური და მიუკერძოებელი მონაცემების მიწოდება. და რადგან NDI და IRI, უფრო სწორად მათი კონტრაქტორები ,,კავკასიის რესურს ცენტრი“ და IPM ასეთებად არ მოიაზრებიან თავიანთი ,,ერთიან ნაციონალური მოძრაობასთან“ წარსულში თანამშრომლობისა და მჭიდრო კონტაქტების გამო (ბატონი თარხნიშვილი – ,,კავკასიის რესურს ცენტრი“, საპარლამენტო უმცირესობის ერთ–ერთი ლიდერია დღეს), გადავწვიტეთ სათანადო მოცულობების ფინანსური რესურსების არქონის მიუხედავად, ჩვენი გუნდისა და მოხალისე ინტერვიუერების დახმარებით, ქვეყნის დედაქალაქში – თბილისში ჩაგვეტარებინა გამოკითხვა. რა თქმა უნდა, ჩვენი გამოკითხვა არ შეიძლება სრულ, ზუსტ და უტყუარ სურათს წარმოსახავდეს, მაგრამ შესაბამისი მეთოდიკის დაცვით, ვფიქრობთ მივაღწიეთ ჩვენს სინამდვილეში ესოდენ იშვიათი ფაქტის შექმნას – ჩატარდა მიუკერძოებელი გამოკითხვა და დაიდო მიუკერძოებელი შედეგები, რაც ვფიქრობთ, პირველი პრეცედენტია და მას სხვებიც მიბაძავენ“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში რამდენიმე ასეთი სოციოლოგიური კვლევის კომპანიის ჩამოყალიბებას, რათა ქართველებს აღარ ჰქონდეთ რომელიღაც ჯუნგლებში ჩაკარგული ბანტუსტანის, არაცივილიზებული საზოგადოების განცდა, ევროკავშირთან დაახლოების გზაზე დამდგარ ქვეყანაში. ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში ასეთი ვითარება არ არის და პრინციპში წარმოუდგენელიცაა, რომ იარსებოს.
ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ კვლევა: „პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიების ნდობის რეიტინგი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ“ 2016 წლის 23 აპრილს ჩაატარეს. შედეგების პრეზენტაცია 27 აპრილს გაიმართა.