„ახალგაზრდა ადვოკატები“ – საბიუჯეტო ფულით, ქვეყანაში ე.წ. „ჩაწყობილი გრანტები“ უნდა დამთავრდეს

4 მაისი, 2016

ქვეყანაში, საბიუჯეტო ფულით, ე.წ. „ჩაწყობილი გრანტების“ ეპოქა უნდა დასრულდეს და პროცესი გახდეს გამჭვირვალე, ნამდვილი, ობიექტური. ბიუჯეტის ფული არ არის არც სწავლების ცენტრის დირექტორის პირადი მოხმარების საგანი, რომ მან საკონსკურსო კომისიის სახელით, მხოლოდ ის არასამთავრობო ორგანიზაციები დააფინანსოს, რომლებიც დღემდე გამოირჩევიან პარტიული კუთვნილებით ან ორგანიზაციები, რომლებსაც სწავლების ცენტრის ხელმძღვანელ პირველ პირებთან ახლობლურ–მეგობრული  ურთიერთობები გააჩნიათ – აღნიშნულის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა და აღნიშნა, რომ არსებობს კანონიერი მოლოდინი, ე.წ. „ჩაწყობილი გრანტების“ საქმე წარმატებით დასრულდეს.

2016 წლის 4 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მიმართ, „ახალგაზრდა ადვოკატების“ პრეცედენტულ დავაზე, საქმისწარმოება უკვე დაასრულა. სასამართლო საქმეზე სარეზოლუციო ნაწილს 2016 წლის 18 მაისს გამოაქვეყნებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოითხოვს სასამართლომ ბათილად ცნოს სსიპ „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ დირექტორის 2015 წლის 11 სექტემბრის #1-256 ბრძანება, რითაც ორგანიზაციას, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის, უარი ეთქვა ინოვაციური პროექტის „ყველა ხმა მომგებიანია“ დაფინანსებასა და განხორციელებაზე. ასევე, სარჩელით მოთხოვნილია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 5 ნოემბერის განკარგულება #170/2015 ბათილად ცნობა, რომლმაც ძალაში დატოვა სწავლების ცენტრის დირექტორის 2015 წლის 11 სექტემბრის ბრძანება. ორგანიზაცია, ასევე, მიმართავს სასამართლოს განიხილოს ცესკო-ს 2015 წლის 5 ნოემბრის მოქმედებები ორგანიზაციის თანამშრომლების სხდომის დარბაზიდან გაძევებასთან დაკავშირებით, რომელიც ადმინისტრაციული კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს, რამაც დაარღვია ადმინისტრაციულის სხდომის საჯაროობის პრინციპი. ორგანიზაცია სხდომაზე მიღებულ ცესკო-ს განკარგულებას, სწორედ ზემოაღნიშნული საჯაროობის უზრუნველყოფის დარღვევის გამოც, უკანონოდ მიიჩნევს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ კონკურსში წარდგენილი საგრანტო განაცხადების სამართლიანი შეფასება დამოკიდებული არ უნდა იყოს ორგანიზაციების დასახელებებზე, საქმიანობის ფორმებსა და სამოქალაქო პოზიციებზე. საკონკურსო კომისია, ასევე ვალდებულია ყურადღება დაუთმოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციათა საგრანტო განაცხადების ობიექტურ განხილვას, რომლებიც წარსულში დაკავშირებული არ იყო როგორც ხელისუფლების, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის საქმიანობის ლობირებასთან. გაუგებარია, რა კრიტერიუმებისა და დამოკიდებულებების გამო ღებულობს სწავლების ცენტრი გადაწყვეტილებებს, რომ საგრანტო პროექტებში მუდმივად იმარჯვებდეს ორგანიზაციები, რომლთა დამფუძნებლებიც, ხშირ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ამონაწერით, ერთი და იგივე პირები არიან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2016 წლის 4 მაისის მდგომარეობით, „ახალგაზრდა ადვოკატების“ უკვე ხუთი შუამდგომლობიდან, ხუთივე დააკმაყოფილა. სასამართლომ საქმეს დაურთო:

  • მტკიცებულება - საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 19 ნოემბრის #03-03/1514 წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ ორგანიზაციის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისას, 2015 წლის 12 აგვისტოს, ცესკო-ს სხდომაზე იმყოფებოდნენ ორგანიზაციის ის თანამშრომლები, რომლებსაც ცესკოს მხრიდან, ანალოგიური ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველ სხდომაზე, 2015 წლის 5 ნოემბერს, საშუალება არ მიეცათ პროცესს დასწრებოდნენ. მოცმეულ შემთხვევაში, ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ პირდაპირ დაარღვია კანონი - საქმის საჯაროობის პრინციპი, რაც სადაო გამხდარი ბრძანებების ბათილად ცნობის პირდაპირი საფუძველია.
  • მტკიცებულება - საარჩევნო კამპანიებსა და არჩევნების დღეს, ამომრჩეველთა აქტიურობის გაზრდის ერთ-ერთი მოტივაციის გათამაშებების საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ დოკუმენტური მასალები. ჩვენს შემთხვევაში, მოპასუხე აღნიშნავდა, რომ დასავლეთში დამკვიდრებული პრაქატიკა, საქართველოსთვის ხელსაყრელი არ იქნებოდა, რაც გახდა ორგანიზაციის მიერ მომზადებული პროექტის დაფინანსებაზე უარის თქმის განმსაზღვრელი. შესაბამისად, სასამართლოს უკვე ექნება სრული წარმოდგენა, თუ რა პრეცედენტების დამკვიდრებას სურდა „ახალგაზრდა ადვოკატებს“ წარდგენილი პროექტით;
  • მტკიცებულება - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2013, 2014 და 2015 წლებში, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სსიპ „საარჩევნო სისტემების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრში“ ჩატარებული ფინანსური აუდიტის ანგარიშები. აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშების საფუძველზე, სწავლების ცენტრის მიერ საგრანტო კონკურსში გაცემული სახელმწიფო თანხები არამიზნობრივადაა შეფასებული. ზემოაღნიშნული საანგარიშო პერიოდი სწორედაც „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ სადაოდ მიჩნეულ წლებს წარმოადგენს. ორგანიზაციას 2013, 2014 და 2015 წლებში, სწავლების ფონდმა, არც ერთი პროექტი არ დაუფინანსა. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ სწავლების ცენტრი მოქმედებდა და მოქმედებს სუბიექტური შეხედულებებით, სამოქალაქო ორგანიზაციებთან პირადი განწყობებით და ხელმძღვანელობს საპარლამენტო უმცირესობის ინტერესებთან ახლოს მდგომი არასამთავრობო ორგანიზაციების ლობირებით. საქმეზე თანდართული დოკუმენტები, თავისი შინაარსით, სკანდალურია. შესაბამისად, მისი გაცნობის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების ხარისხი, კიდევ უფრო მეტად იზრდება.
  • „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის მიერ საქმეზე მეოთხე შუამდგომლობა მდგომარეობდა სასამართლო სხდომებზე ფოტოგადაღების განხორციელების ნებართვასთან დაკავშირებით. მოთხოვნა დასაბუთდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 (1) მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად. მოსამართლემ მეოთხე შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება სათათბირო ოთახში გასვლის შემდეგ მიიღო. შუამდგომლობა მაღალი საჯარო ინტერესის სასარგებლოდ გადაწყდა და დასაბუთდა, რომ საჯაროობა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, კონსტიტუციური პრინციპია, რომელიც მაღთლმსაჯულებას უნდა უზრუნველყო. შესაბამისად, ორგანიზაციას შემდგომი სხდომების ფოტოგადაღების ნებართვა მიეცა.
  • „ახალგაზრდა ადვოკატების“ მეხუთე შუამდგომლობა სწავლების ცენტრის მხრიდან 2010-2015 წლებში, საგრანტო პროექტებში გამარჯვებული და მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების შემადგენლობა.

შეძლებს თუ არა სასამართლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული უწყებების მიერ გამოცხადებული დისკრიმინაციული საგრანტო პოლიტიკის შეცვლას, 18 მაისს გახდება ცნობილი. საქმეს მოსამართლე დავით წერეთელი განიხილავს.



კომენტარები