თსუ-ში აკადემიური საბჭოს არჩევნები დემოკრატიული სტანდარტის დაცვით ჩატარდა

11 მაისი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს პირველი ეტაპის არჩევნების ჩატარებას ეხმაურება და აქცენტს არჩევნების თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარების სტანდარტზე აკეთებს. ორგანიზაციის შეფასებით, კენჭისყრის პროცედურა უაღრესად აკადემიურ გარემოში ჩატარდა და დარღვევების შესახებ საჩივარი არ დაფიქსირებულა. 791 ამომრჩევლიდან კენჭისყრაში 666-მა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა სრული შემადგენლობის 84,1%-ია. უნივერსიტეტში შვიდივე საარჩევნო უბანი 17:00 საათზე დაიხურა.

თსუ აკადემიური საბჭოს არჩევნებში მონაწილეობაზე რეგისტრაცია 35-მა კანდიდატმა გაიარა. აქედან ერთი კანდიდატი წარმოდგენილი დოკუმენტაციის ხარვეზის გამო მოიხსნა, ხოლო ერთმა - თავად გააუქმა განაცხადი. არჩევნების შედეგად, თსუ-ს აკადემიური საბჭოს 13 წევრის არჩევა მოხდა. კერძოდ, ირმა ხარშილაძე, ირინე ქურდაძე (იურიდიული ფაკულტეტი), ნოდარ ბელქანია, ამირან ბერძენიშვილი  (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი),  გიორგი ღვედაშვილი, ომარ ფურთუხია (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი), თამარ აბაშიძე,  რუსუდან სანაძე (ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი),  ელგუჯა მექვაბიშვილი, მარინე მინდორაშვილი (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი), პაატა იმნაძე, ნინო ოკრიბელაშვილი (მედიცინის ფაკულტეტი), ხოლო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური საბჭოს მხოლოდ ერთი წევრი გამოვლინდა - დავით გოცირიძე. ხმების თანაბარი რაოდენობა დააგროვეს აპოლონ სილაგაძემ და ქეთევან ხუციშვილმა. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, მოქმედი ნორმატიული ბაზის თანახმად, ხელახალი კენჭისყრის თარიღი უახლოეს პერიოდში დაინიშნება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თსუ-ში აკადემიური საბჭოს არჩევნებზე რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციას წარმოადგენდა. კენჭისყრის პროცესს ორგანიზაციის იურისტები: გიორგი ჯოჯუა და კონსტანტინე სალუქვაძე აკვირდებოდნენ.

თსუ აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების 11 მაისს ჩატარების შესახებ შესაბამისი ბრძანება 20 აპრილს გამოიცა, ახალი აკადემიური საბჭო მუშაობას კი 16 მაისიდან შეუდგება.



კომენტარები