ორგანიზაცია „ახალაზრდა ადვოკატებმა“ ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მონაწილეობით, ლისის ტბის დათმობის საქმეზე სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, მედია–ფორუმი გამართა. შეხვედრის მიზანს დავის დეტალების მედიისთვის გაცნობა და საქმეში „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ მესამე პირად ჩართვის მნიშვნელობაზე განმარტება გახლდათ.
როგორც შეხვედრაზე ბიზნესმენმა რამაზ ახვლედიანმა განცხადა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ პრინციპული და გაბედული გადაწყვეტილება მიიღო. დავის მონაწილე მხარედ ჩაერთო ლისის ტბაზე წართმეული ქონების ამჟამინდელი მფლობელი, კომპანია „ლისი ლეიქ დეველოპმენტი“, რომლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები არიან მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ბობ მეიერი. როგორც მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ მიღებულ განჩინებაში განმარტა, მესამე პირი აუცილებლად უნდა იქნეს საქმეში ჩაბმული, თუ იგი არის იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი. სასამართლომ აღნიშნა, რომ „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ საქმეში მესამე პირად ჩართვა საფუძვლიანია, ვინაიდან კომპანია სადაო ქონებასთან დაკავშირებული პროცესის მონაწილეა.
ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის ადვოკატის, გიორგი ნასყიდაშვილის განცხადებით, სასამართლო ძალით მოთხოვნილია პრეზიდნეტის 2006 წლის 10 ნოემბრის #713 განკარგულების გაუქმება რამაზ ახვლედიანისთვის 63,5 ჰა მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის გაუქმების ნაწილში. საქმის მასალების თანახმად, 2006 წლის 14 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარედ არსებული 63.5.ჰა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცა რამაზ ახვლედიანს, ხოლო 267 ჰა არასასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთი პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცა ს.ს. „ლისის ტბას“, აღნიშნული კომპანიის პარტნიორები იყვნენ რამაზ ახვლედიანი და მამუკა ხაზარაძე. პირობები უნდა შესრულებულიყო 2006 წლის 31 დეკემბრამდე. 2006 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ახალი განკარგულება და ძალადაკარგულად გამოაცხადა რამაზ ახვლედიანისთვის, 2006 წლის 14 ივლისს გადაცემული ლისის ტბის ნაკვეთები. პრეზიდენტმა ახალი განკარგულების მიზეზად დაასახელა ბიზნესმენის მხრიდან შეუსრულებელი ვალდებულებები, რაც საქმეში არსებული არც ერთი დოკუმენტით არ მტკიცდება. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა ახალი განკარგულება გამოსცა სწორედ იმ ვითარებაში, როდესაც რამაზ ახვლედიანის მხრიდან ყველა პირობა უკვე შესრულებულიყო იყო და 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებითვე აღიარებული ამ პირობების შესრულების საბოლოო ვადაც - 2006 წლის 31 დეკემბერი, ჯერ დამდგარი არ იყო.
ბიზნესმენი რამაზ ახვლედიანი 2006 წლის 4 ნოემბერს, დაიბარეს მაშინდელ ფინანსურ პოლიციაში და ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პატიმრობით დაემუქრნენ, როგორც მას, ასევე მის ახლობლებს. რამაზ ახლედიანი იძლებული გახდა, თბილისის მაშინდელი მერიისა და მთავრობის სახელზე დაეწერა განცხადება და ეღიარებინა, რომ 1999 წლის საიჯარო ხელშეკრულებით, ასევე პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის განკარგულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა და მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება, რომლის მიხედვითაც, მას გადაეცა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა - ნაგებობები და რომელიც ბიზნესმენს უკვე გამოსყიდული ჰქონდა. წერილში, ნების საწინააღმდეგოდ, რამაზ ახვლედიანმა უარი განაცხადა პრეზიდენტის განკარგულებით გადაცემულ 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების უფლებაზეც და ეკონომიკის სამინისტროსგან უკვე გამოსყიდულ შენობა-ნაგებობებზეც. ბიზნესმენის განცხადებიდან მე-6 დღეს, 2006 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა ახალი განკარგულება და 1999 წელს რამაზ ახვლედიანის მიერ შეძენილი და 2006 წელს კი პრეზიდენტის განკარგულებითვე გადაცემული ქონება ჩამოართვა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ საქმეზე კვლევა გამოაქვეყნა, ხოლო მუშაობის პროცესში ყურადღება დაეთმო რამაზ ახვლედიანთან დაკავშირებული ბიზნეს-პარტნიორების ქცევას და სახელმწიფოს მოქმედებებს, რომელიც ტოვებს აშკარა შთაბეჭდილებას, რომ როგორც რამაზ ახვლედიანის ყოფილი ბიზნეს-პარტნიორები, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლები, თავიდანვე გამოხატავდნენ დაახლოებას. საქმეში იკვეთება „ლისი ლეიქ დეველოპმენტისა“ და „ფროფერთი დეველოპმენტ ჰოლდინგის“ პარტიონრების მხრიდან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება, განსაკუთრებით, მამუკა ხაზარაძის მხრიდან, რომელიც გახლდათ რამაზ ახვლედიანის პარტნიორი და დაგეგმილი ჰქონდათ ერთად გაეუმჯობესებიათ ლისის ტბისა და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობა.
მასალებით დგინდება, რომ ქონების ჩამორთმევის საკითხი მტკივნეული აღმოჩნდა მხოლოდ რამაზ ახვლედიანისათვის, ვინაიდან ქონების ჩამორთმევის შემდეგ ს.ს „ლისის ტბის“ მხრიდან ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის პრეტენზიას, სულ მცირე განცხადებით მიმართვას უფლებამოსილი ორგანოებისათვის, როგორც ერთ-ერთი დაინტერესებული მხარეს. შესაბამისად, ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს საქმეში მამუკა ხაზარაძის „უმოქმედობა“ ქონების ჩამორთმევის თაობაზე, რასაც შემდეგ მოჰყვა ის, რომ მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში არსებულ კომპანიებს სახლემწიფომ პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა ლისის ტბის ტერიტორიაზე არსებული ქონება, მიწის ნაკვეთები, რომლის ნაწილიც წარმოადგენდა ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის საკუთრებას. 2015 წლის 11 აგვისტოს, ორგანიზაციამ 15 კითხვით მიმართა მამუკა ხაზარაძეს, მათ შორის კითხვით, ფიქრობდა თუ არა, რომ რამაზ ახვლედიანი იყო ქონებაჩამორთმეული, თუმცა მამუკა ხაზარაძემ საკითხზე დუმილი ამჯობინა.
ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის საქმეს განიხილავს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი. მოწმის სახით დაიკითხა რამაზ ახვლედიანიც. თბილისის საქალაქო სასამართლოში ამჟამად არსებულ დავაზე არსებობს მოსამზადებელი ეტაპი. დავის მხარეები, „ლისი ლეიქ დეველოპმენტთან“ ერთად, პრეზიდნეტის ადმინისტრაცია და ქ. თბილისის მერიაა. ორგანიზაციამ კვლევის ფარგლებში შეიმუშავა რეკომენდაციები აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების მიმართ. კვლევა მიეწოდათ საერთაშორისო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ინსტიტუტებსა და დიპლომატიურ კორპუსს.