პარლამენტმა ომბუდსმენის არჩევა კონკურენტულ პირობებში, რეგლამენტის დაცვით უნდა შეძლოს

28 ნოემბერი, 2012

საქართველოს პარლამენტს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატად დასახელებული არც ერთი წარმომადგენლის მიმართ საკანონმდებლო ორგანოში საპროგრამო საკითხების გაცნობის მიზნით, ოფიციალური შეტყობინება არ გაუგზვანია, რაც არსებული ვითარებით, პარლამენტის მხრიდან მხოლოდ ერთი კანდიდატის მიმართ დადასტურებულ ნდობას ნიშნავს და სახალხო დამცველის არჩევას კონკურენტულ გარემოში გამორიცხავს. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, „ფრაქციას უფლება აქვს, კომიტეტისა და პარლამენტის პლენარულ სხდომებზე, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, გამოთქვას თავისი მოსაზრება პარლამენტის მიერ ასარჩევი კანდიდატურების შესახებ ან იმ კანდიდატურების თაობაზე, რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა პარლამენტი“ (მუხლი 94), სახალხო დამცველის კანდიდატურის დასახელებუს უფელბამოსილება კი გააჩნია საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში და საქართველოს პრეზიდენტს.

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის განმარტება, საკანონმდებლო ორგანო მოუსმენს საზოგადოებრივი ჯგუფების მხრიდან დასახელებულ სახალხო დამცველის პოზიციაზე დასახელებულ კანდიდატებს, წინააღმდეგობაში მოდის პროცედურებთან, (მუხლი 215.2), რადგანაც პარლამენტის მხრიდან ასარჩევი სახალხო დამცველის მიმართ მოქმედებს შემდეგი წესი: საკანონმდებლო ორგანო ომბუდსმენად დასახელებულ კანდიდატებს ჯერ ამ თანამდებობაზე არჩევის თანხმობის მიღებით წერილობით მიმართავს, დასახელებული კანდიდატებიდან იღებს წერილობით თანხმობას, ხოლო აღნიშნული თანხმობის შემდეგ ვალდებულია საპროგრამო გამოსვლით წარსდგეს პარლამენტის წინაშე და უპასუხოს დეპუტატთა შეკთხვებს.

თუკი სახალხო დამცველად საზოგადოებრივი ჯგუფებიდან დასახელებულ კანდიდატებს ამ ფორმით შეთავაზება არ ექნებათ, მათი საპროგრამო გამოსვლა პარლამენტში სამართლებრივ და დასაშვებ ლოგიკასაც მოკლებულია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივმართავთ პარლამენტს, გააკეთოს განმარტება, მიმართავს თუ არა რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით, სახალხო დამცველის საზოგადოებრივი კანდიდატების მოსმენას. ამასთან, სახალხო დამცველის ასარჩევ თანამდებობაზე მხოლოდ ერთი კანდიდატურა იქნება წარმოდგენილი თუ იქნება არჩევანის განსხვავებულობა.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 215–ე მუხლის თანახმად:

1. პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის ვადით ირჩევს საქართველოს სახალხო დამცველს. მისი კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, ფრაქციას, პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.

2. კენჭისყრის წინ პლენარული სხდომის თავმჯდომარე პარლამენტს აცნობს კანდიდატთა სიას და მათ წერილობით თანხმობას საქართველოს სახალხო დამცველად არჩევაზე. ყოველ კანდიდატურას ცალკე ეყრება კენჭი.

3. კენჭისყრის შედეგად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობისა.

4. თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ერთზე მეტმა კანდიდატმა მიიღო, მაგრამ ხმათა თანაბრად გაყოფის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამ კანდიდატურებს ერთად ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობისა. ხმათა თანაბრად გაყოფის განმეორების შემთხვევაში კენჭისყრის პროცედურა გაგრძელდება გამარჯვებულის გამოვლენამდე.

5. თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, კენჭისყრიდან არა უადრეს 7 და არა უგვიანეს 14 დღისა იმართება ხელახალი არჩევნები.

6. არჩევნების ერთ ციკლში საქართველოს სახალხო დამცველის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება ორჯერ.

7. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მისი უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება აღნიშნული მდგომარეობის დადგენის მომენტიდან, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება პარლამენტს.

საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველი 2012 წლის 14 დეკემბრამდე უნდა აირჩიოს. არსებული ინფორმაციით, 2012 წლის 05 დეკემბერს პარლამენტი იმსჯელებს სახალხო დამცველის არჩევის საკითხებთან დაკავშირებითაც და ვისურვებდით, რომ ახლადარჩეულ პარლამენტს არ დაეშვა ერთ–ერთი პირველი სერიოზული შეცდომა. პარლამენტმა ომბუდსმენის არჩევის საკითხის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე უნდა იხელმძღვანელოს. არჩევანი უნდა გაკეთდეს კანდიდატებს შორის და მათი გამოცდილების, პროფესიონალიზმისა და პრინციპულობის მიხედვით. ამასთან, სახალხო დამცველის კანდიდატებისთვის საკომიტეტო მოსმენები უნდა იყოს ღია და საჯარო.



კომენტარები