საქართველომ ხურჩის დანაშაულის ჩამდენი პირის ექსტრადიცია უნდა მოითხოვოს

21 მაისი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს და ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სწრაფი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებას მოითხოვს. ორგანიზაცია შეძრწუნებულია ახალგაზრდა მამაკაცზე თავდასხმისა და მკვლელობის ფაქტით, რაც სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ ბარბაროსულ აქტს წარმოადგენს. ფაქტზე სრული იურიდიული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რეალური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და აღნიშნავს, რომ დამნაშავის იდენტიფიცირების შემდეგ, საქართველომ დანაშაულის ჩამდენი პირის ექსტრადიცია უნდა მოითხოვოს. დანაშაული ჩადენილია ქართული იურისდიციის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე. შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით, ბრალდებული უნდა წარსდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე. მიუხედავად ამისა, აღნიშნული შესაძლებელია გართულდეს საქართველო–რუსეთს შორის არსებული მდგომარეობის გამო. ამიტომაც, საერთაშორისო სამართლის პრინციპების გათვალისწინებით, შესაძლებელია, დამნაშავის ექსტრადიციაზე შეთანხმება და დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს სამართლიანი სასამართლოს უფლების გამოყენებას.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ 2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის გამყოფ ხაზზე მომხდარი დანაშაულის შეფასება არ უნდა გახდეს პოლიტიკური მიზნებისთვის ხელსაყრელი შემთხვევა. ჩვენ ვეხმრობით საკითხის სამართლებრივი გზით გადაჭრის მხარეს. ამასთან, ვითარების ესკალაცია არ წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის ამოცანას. საქართველომ ყველა საერთაშორისო მექანიზმით უნდა შეძლოს მომხდარის თაობაზე სწორი აქცენტების დასმა, რაც თავისთავად მიუთითებს ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და უსაფრთხოების საჭირო საერთაშორისო გარანტიების შექმნაზე.

ორგანიზაცია კიდევ ერთხელ გამოხატავს თანაგრძნობას გარდაცვლილი ოჯახის მიმართ. ამასთან, სახელმწიფოს თხოვნით მიმართავს, შესაბამისი მხარდაჭერა აღმოუჩნდეს გარდაცვლილის ოჯახს, რომელსაც მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები დარჩა.



კომენტარები