„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა საქართველოში შეცვლილი ხელისუფლების პირობებში, სასამართლო წესით, განათლების სისტემიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული მაღალი ადმინისტრაციული თანამდებობის პირის პირველი საქმე მოიგო. ბათუმის საქალაქო სასამართლომ განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღის“ დირექტორის ყოფილ მოადგილეს თამარ კაიკაციშვილს ყველა სასარჩელო მოთხოვნა დაუკმაყოფილა, რითაც საზოგადოებრივმა კოლეჯმა ხუთთვიანი რეზონანსული სასამართლო პროცესი წააგო. სასამართლომ კოლეჯის დირექტორის, დავით მჭედლიშვილის მხრიდან თამარ კაიკაციშვილის დისციპლინარული სახდელი – გაფრთხილება და გათავისუფლების ბრძანებები უკანონოდ სცნო. სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია კოლეჯის ადმინისტრაციის მხრიდან თამარ კაიკაციშვილთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სასწავლო პროცესში არსებული თითქოსდა უამრავი ხარვეზისა და საკვალიფიკაციო გამოცდებზე სტუდენტთა ბრძანებების გარეშე დაშვების გამო. სასამართლო გადაწყვეტილებით, დამქირავებელმა დაქირავებულს არანაკლებ ერთი თვის შრომითი კონპენსაცია უნდა გადაუხადოს.
ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი პროფესიულ სასწავლებელთან მოგებული საქმის მიუხედავად, კოლეჯის წინააღმდეგ კიდევ ერთ სარჩელს შეიტანს. ადვოკატი მოითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი კოლეჯის დირექტორის, დავით მჭედლიშვილის მიერ 2012 წლის 11 ივლისს ხელმოწერილი ადმინისტრაციული თათბირის #8 ოქმი, რომელის შინაარსიც გაყალბებულია და შეუსაბამო მოსარჩელე მხარის მოთხოვნებთან და კანონიერ ინტერესებთან. აღნიშნულ ოქმს ხელს კოლეჯის 41 თანამშრომელი აწერს, რომლებიც თამარ კაიკაციშვილის შესახებ სიძულვილის ენით საუბრობს.
თამარ კაიკაციშვილის გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით პირის არასაიმედოობის გამო მოხდა. მოსარჩელის ბიძა, ექსპერტი ვაჟა ბერიძე ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრი იყო. ასევე, გათავისუფლებულის ძმა, არჩილ კაიკაციშვილი უფლებადაცვით სფეროში ხელმძღვანელობს ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებს,“ რომელმაც არაერთი ხმაურიანი ბრიფინგი გამართა განათლების სამინისტროში პოლიტიკური ნიშნით დათხოვნილ პედაგოგებზე და სისტემის მანკიერ მხარეებზე. დირექტორის ყოფილი მოადგილის პოლიტიკური ნიშნით დათხოვნას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ოთხი აუდიო ჩანაწერი კოლეჯის მოქმედ დირექტორსა და ყოფილ მოადგილეს შორის, სადაც დავით მჭედლიშვილი თამარ კაიკაციშვილს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა და რჩევებზე ესაუბრება.
თამარ კაიკაციშვილის გათავისუფლების საქმე იქცა რეზონანსულად და ადვოკატის მხრიდან გაცნობილი საქართველოში არასამთავრობო სექტორის, საერთოშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა კომპეტენტური ორგანოების მიმართ. საქმეს სწავლობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, უწყებათაშორისი კომისია, ადვოკატთა ასოციაცია, თავისუფალ პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირი. სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა შვიდი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის დასკვნაც, რომელიც თამარ კაიკაციშვილის გათავისუფლებას პოლიტიკურ ნიადაგზე უწოდებს. საზოგადოებამ იხილა გაერო–ს საქართველოს წარმომადგენლობის განმარტებაც, რომელიც მოსარჩელე ხმარეს საჩივრის გაგზავნას ჟენევის სათაო ოფისში სთავაზობს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა თამარ კაიაკციშვილის გათავისუფლებას უწოდა უკანონო, ხოლო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საქმისწარმოების ყველა სტადიაზე მონიტორინგი განახორციელა. საქმისწარმოების მონიტორინგი აწარმოეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც.
ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის ხელმძღვანელობით, თამარ კაიკაციშვილის გათავისუფლების საქმეზე მომზადდა სპეციალური გაზეთი „ღირსების საქმე,“ რომელიც ქობულეთის მოსახლეობაში უფასოდ გავრცელდა. გაზეთის გამო კოლეჯში სტუდენტთა ერთი ნაწილისა და დირექტორის მხარდამჭერი პედაგოგების საპროტესტო აქცია გაიმართა. მათ საჯაროდ დაწვეს თამარ კაიკაციშვილის სურათი და გაზეთი, ადვოკატმა არჩილ კაიკაციშვილმა კი მომხდარს კოლეჯში დემოკრატიული პროცესების დაწყება უწოდა და მხარეს დებატების გამართვა შესთავაზა.
შეგახსენებთ, რომ თამარ კაიკაციშვილი 2012 წლის 19 ივნისს, კოლეჯის დირექტორმა, ოფიციალური ვერსიით, სასწავლო პროცესში დაშვებული ხარვეზების გამო გაათავისუფლა, მოსარჩელე მხარემ კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17 ივლისს მიმართა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში თამარ კაიკაციშვილის საქმის განხილვა 6 სექტემბრიდან მიმდინარეობს და საქმეზე სულ ხუთი სხდომა მომზადდა და სამი მოსამართლე შეიცვალა. მოსარჩელემ მოპასუხეს სასამართლომდე და სასამართლომ მიმდინარე პროცესების მანძილზე, საზოგადოებრივ კოლეჯს ოთხჯერ შესთავაზა დავის მორიგებით დასრულება, თუმცა მხარე არც ერთხელ არ აღმოჩნდა მზად მორიგების გადაწყვეტილება მიეღო.
საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ გამოიტანა.