საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონების თაობაზე გამართულ პირველ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე როლანდ ბლადაძის ადვოკატმა, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, სპეციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „თუ ვინმე იკითხავს, სად არის ემიგრაციაში მყოფი დაზარალებული, ქონებაჩამორთმეული როლანდ ბლადაძე და მისი ოჯახი, ამ სხდომას როლანდ ბლადაძე და მისი ოჯახი ესწრება. დღეს მე ვარ როლანდ ბლადაძე“ – განაცახდა არჩილ კაიკაციშვილმა.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებითვე, პირველად, აღნიშნული დავის ისტორიაში, ქონების ჩამორთმევიდან 12 წლის შემდეგ, შედგა სასამართლო სხდომა. პირველად, საკონსტიტუციო მართლმსჯაულების და ზოგადად, სასამართლოს ისტორიაში, სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს იცავს ადვოკატი. „ამიტომაც, ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი. ეს არის პრეცედენტი. ჩვენ ეს შევძელით. არც ერთი ნაბიჯი არ იქნება უკან. ყველა ნაბიჯი იქნება წინ!“ – განაცახდა არჩილ კაიკაციშვილმა. მანვე სასამართლოსგან საქმის განხილვის ნდობაზე სამი ფუნდამეტური პრინციპის დაცვა მოითხოვა.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სასამართლომ მართლმსაჯულების ისტორიაში ამ რეზონანსული საქმის განხილვის პროცესში, განუხრელად უნდა დაიცვას შემდეგი სამი ფუნდამეტური საკითხი:
- სასამართლომ გადაწყვეტილებები უნდა დაეფუძნოს მხოლოდ კანონს და მხოლოდ მტკიცებულებებს;
- სასამართლო არ იქნება ტოლერანტული გიორგი პაპუაშვილის მიმართ
- მხარეები ერთად შეეცდებიან საკონსტიტუციო და არამხოლოდ საკონსტიტუციო საკონსტიტუციო მართლმსაჯულების ღირსების აღდგენა;
არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, რომ ზემოაღნიშნული პრინციპების დაცვისთვის არც ერთ მოსამართლეს არც ერთ უკანონო გადაწყვეტილებას არ დატოვებს რეაგირების გარეშე. არჩილ კაიკაციშვილმა მოსამართლეს კითხვით მიმართა: „ვინ ვართ დღეს ჩვენ?“. „ჩვენ ვართ სახელმწიფო, ჩვენ ვართ მოქალაქე, ჩვენ ვართ სასამართლო, ჩვენ ვართ სამართალი“ – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე როლანდ ბლადაძის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის შუამდგომლობა 2016 წლის 31 მაისის სასამართლო სხდომის ფოტო–გადაღებასთან დაკავშირებით. არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილებას გამჭვირვალობის წინააღმდეგ მიმართული ქმედები უწოდა და აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება გამაოგნებელია.
როლანდ ბლადაძის ადვოკატმა, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლოს სხდომის ფოტო გადაღების უფლებასთან დაკავშირებით, წერილობითი ფორმით, 2016 წლის 30 მაისს მიმართა. არჩილ კაიკაციშვილის შუამდგომლობა ეფუძნებოდა შემდეგი სახის სამართლებრივ დასაბუთებას:
საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 (1) მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „სასამართლო სხდომის დარბაზში ფოტოგადაღება, კინო-ვიდეოჩაწერა უნდა განხორციელდეს სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან. სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან განახორციელოს სასამართლო სხდომის აუდიოჩაწერა. აღნიშნული მოქმედებების განხორციელებისას დაუშვებელია სასამართლო სხდომის დარბაზში მოძრაობა, ხმაური, შუქის ან სხვა ისეთი ემისიების გამოყოფა, რომლებიც ხელს უშლის მართლმსაჯულების განხორციელების ნორმალურ პროცესს. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, მოსამართლეს (სასამართლოს) შეუძლია მიიღოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ზომები“.
„დავის მიმართ მაღალი საზოგადოებრივი/მედია ინტერესის გამო, მოგმართავთ შუამდგომლობით, რათა სასამართლომ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე 2016 წლის 31 მაისის სხდომისა და შემდგომ სხდომებზე ფოტო-გადაღების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. სხდომის ფოტოგადაღებას მოახდენს ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური“ – აღინიშნა შუამდგომლობაში.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ განაცახდა, რომ სასამართლო სხდომის ფოტო–ვიდეო გადაღების უფლება, კანონის თანახმად, მხოლოდ საზოგადოებრივი მაიუწყებელს გააჩნია, თუმცა აღნიშნულის მოთხოვნის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან წერილობითი მიმართვა არ განხორციელებულა. ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ აღნიშნულის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებელი 30 მაისს, წერილობითი ფორმით ჩააყენეს საქმის კურსში. საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან რეზონანსული საქმის გაშუქებისდმი გამოხატულ დამოკიდებულებას, ორგანიზაცია მომდევნო დღეებში გამოეხმაურება.
ცნობისთვის: 31 მაისის სხდომას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები დააკვირდნენ. სახალხო დამცველის აპარატი მომდევნო სხდომებსაც დააკვირდება.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონების თაობაზე გამართული პირველი სასამართლო სხდომის დარბაზი შეცვალა. სხდომა ზუსტად დათქმულ დროს, 11:00 საათზე დაიწყო, თუმცა მას შემდგომ, რაც სასამართლო სხდომაზე დასწრების სურვილი არაერთი მოქალაქე გამოთქვამდა, მოსამართლემ დარბაზის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. პირველი სხდომა #33 დარბაზის ნაცვლად, #35 დარბაზში გაგრძელდა.
სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენს მოქალაქის ჩამორთმეულ ქონებაზე უფლების აღდგენა, რომელშიც ამჟამად ოჯახთან ერთად, გიორგი პაპუაშვილი ცხოვრობს. დავის მხარეები: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არიან.
სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება.
როლანდ ბლადაძის ადვოკატის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, დასახელებული სამინისტროების მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა.
თბილისის საქალაქო სასამართლო დავაზე მორიგ სხდომას 2016 წლის 15 ივნისს, 11:00 საათზე გამართავს.