ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი „ახალგაზრდა ადვოკატებს“ მადლობას უხდის

3 ივნისი, 2016

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან–კლოდ იუნკერი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებს“ 2004–12 წლებში სისტემური დანაშაულებების თაობაზე მიწოდებული კვლევების გამო, მადლობას უხდის. ამის შესახებ 2016 წლის 1 ივნისს ორგანიზაციის ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის სახელზე ევროკომისიის პრეზიდენტის მრჩევლის, რიჩარდ შოსტაკის წერილშია ნათქვამი.

„ბატონო არჩილ, ევროპის კომისიის პრეზიდენტმა, ბატონმა ჟან-კლოდ იუნკერმა მთხოვა მადლობა გადმომეცა თქვენს მიერ 2016 წლის 28 აპრილს გამოგზავნილი წერილისათვის, რომელიც შეეხება საქართველოში ქონების კონფისკაციის პროცესს და წარმოდგნილია წერილთან ერთად ორი წიგნი. ბატონმა იუნკერმა მთხოვა თქვენთვის მეცნობებინა, რომ თქვენი წერილი გადაეცა ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების კომისიის გენერალულ დირექტორს, ბატონ კრისტიან დენიელსონს. ბატონი დენიელსონი ეცნობა თქვენს მიერ წერილში დასმულ საკითხებს და პასუხს მალე გაგცემთ“ – ნათქვამია წერილში.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტს, ჟან–კლოდ იუნკერს მიმართვის წერილი 2016 წლის 28 აპრილს გაუგზავნეს. წერილში ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ „ჩვენ გვაქვს მაღალი საჯარო ინტერესის მქონე სასამართლო დავები საქართველოს საერთო სასამართლოებში, მათ შორის მიმდინარე რეზონანსული დავა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის მიმართ, რომელიც ამჟამად, ოჯახთან ერთად, ქ. ბათუმში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ, 2007 წელს, სიმბოლურ ფასად - 1000 ლარად ნაჩუქარ მოქალაქის ქონებაში ცხოვრობს. ჩვენი ორგანიზაცია დაინტერესებულია საქართველოში იმ ბიზნესმენების მიმართ 2004-2012 წლებში ჩამორთმეული ქონებების კვლევით და შესწავლით, რომლებიც დღეს საქართველოს მთავარი პროკურატურისგან ქონებების დაბრუნებას და საქმეებზე კანონის უზენაესობის დამკვიდრებას მოითხოვენ“. ორგანიზაციამ ევროკომისიას ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიმართ ლისის ტბის ჩამორთმევის, აგრეთვე ს.ს. „ინტელექტბანკის“ გაკოტრების საქმეებზე მომზადებული კვლევები გადაუგზავნა და სთხოვა, სათანადო შეფასებები მისცემოდა საქართველოს პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან 2004–12 წლებში ქონებაჩამორთმეულთა საქმეებს.



კომენტარები