„ახალგაზრდა ადვოკატები“ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

2 ივნისი, 2016

2016 წლის 2 ივნისს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ „წარსულში (2004–12 წლებში) ჩადენილი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ“ ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. შეხვედრას აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სამოქალაქო ორგანიზაციები დაესწრნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამუშაო ჯგუფმა კომიტეტში შემოსული 6000-ზე მეტი განცხადების სისტემატიზაციის შემდეგ გამოყო ის განცხადებები, რომლებიც კონკრეტულ ინფორმაციას შეიცავდა წამების, არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ. შესწავლილი მასალებიდან გამოიკვეთა, რომ 400-ზე მეტი განცხადება წამების, არაადამიანური მოპყრობის და დამამცირებელი მოპყრობის კონკრეტულ ფაქტებს შეიცავდა, 340-ზე მეტ განცხადებაში კი განმცხადებლები აღნიშნავდნენ, რომ გახდნენ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი. სამართლებრივ შეფასების მომზადებისას სამუშაო ჯგუფმა საერთაშორისო და სპეციალური მომხსენებლების შეფასებები და რეკომენდაციებიც გაითვალისწინა და მოამზადა სრულყოფილი დოკუმენტი, რომელშიც ასახულია არა მხოლოდ სისტემური დანაშაულების ფაქტები და მათი სისტემატიზაცია, ასევე შეიმუშავა პრევენციული რეკომენდაციები, რათა მომავალში სრულფასოვნად იქნეს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის ღირსებისა და პატივის განუხრელი დაცვის უზრუნველყოფა.

რეკომენდაციების შემუშავებისას ჯგუფმა სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საკითხზე სპეციალური მომხსენებლის, ხუან მენდესის რეკომენდაციები გაითვალისწინა. რეკომენდაციების ნაწილი საკანონმდებლო ცვლილებებსაც შეეხება, რომლის ინიცირებაც კომიტეტმა პარლამენტში უკვე განახორციელა. ცვლილებები კი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ წამების მუხლის ხანდაზმულობის ვადის გაუქმებას, ცემის და ძალადობის ერთ მუხლში გაერთიანებას და რიგ ქმედებებზე კანონის გამკაცრებას შეეხება. სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული სამართლებრივი შეფასება შემდეგი რეაგირებისთვის საკანონმდებლო ორგანოს და მთავარ პროკურატურას გადაეგზავნება.



კომენტარები