ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართვა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მხრიდან სახელმწიფო ფულის ხარჯვის კონტროლის თაობაზე, საქართველოს მთავრობამ შესწავლის მიზნით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში გაგზავნა. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის მიმართ საქართველოს მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 27 მაისის წერილშია ნათქვამი. „კომპეტენციის ფარგლებში, განსახილველად გეგზავნებათ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ–მინისტრის სახელზე 2016 წლის 24 მაისს ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის მიერ წარმოდგენილი #18235 განცხადება. განმცხადებელი ითხოვს სსიპ – „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ საქმიანობის შესწავლას. გთხოვთ, განხილვის შედეგები აცნობოთ განმცხადებელს“ – ნათქვამია წერილში.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ საქართველოს მთავრობას მიმართა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაქვემდებარებული „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ საქმიანობა მკაცრად გაკონტროლდეს, გამჭვირვალე და მიზნობრივი გახდეს გრანტის სახით გაცემული სახელმწიფო თანხები და პასუხი გაეცეს კითხვებს, ვინ ამკვიდრებს და რას ემსახურება ე.წ. „ჩაწყობილი გრანტები“ ბიუჯეტის ფულის ხარჯზე. შესაბამისად, საქართველოს პრემიერ–მინისტრის მიმართ გაგზვანილ წერილში ვრცელი ადგილი დაიკავა იმ ფაქტებმა და გარემოებებმა, რომელიც სწავლების ცენტრის გამჭვირვალობის და გადაწყვეტილებების კანონიერების საკითხს ეხება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ყურადღებით დააკვირდება საქართველოს პროკურატურის გადაწყვეტილებებს საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისად, ორგანიზაცია გააგრძელებს ბრძოლას ე.წ. „ჩაწყობილი გრანტების“ საქმეზე საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად.