„ახალგაზრდა ადვოკატები" ვისურვებდით ახლადარჩეულ პარლამენტს არ დაეშვა ერთ–ერთი პირველი სერიოზული შეცდომა

8 ნოემბერი, 2012

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატების წარდგენის და მხარდაჭერის საზოგადოებრივ მოძრაობაში, საპარლამენტო უმრავლესობის  2012 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება არღვევს შეთანხმებას საზოგადოებასთან და ეწინააღმდეგება ამავე საზოგადოების მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, რადგანაც გამარჯვებული კუალიციის მხრიდან, ოფიციალურ და არაოფიციალურ დონეზე არსებობდა პოლიტიკური ნება და მზაობა, პარლამენტს სახალხო დამცველის თანამდებობაზე, საზოგადოებრივი ჯგუფების მხრიდან შეთავაზებული ერთ–ერთი კანდიდატი აერჩია.

საზოგადოებამ ომბუდსმენის საკითხთან პოლიტიკური ნება და სამოქალაქო აქტივიზმი დემოკრატიის მნიშვნელობის ფაქტად მიიჩნია. ამიტომაც აუცილებელია, პარლამენტმა განმარტოს, რატომ აღმოჩნდა საზოგადოება სხვა რეალობაში. ფაქტი ერთია, საპარლამენტო უმრავლესობამ, მართალია, სახალხო დამცველად საკუთარი კანდიდატი შემოგვთავაზა და ამით კანონი არ დაურღვევია, მაგრამ ღიად შეილახა დემოკრატიული პრინციპებისა და სამოქალაქო სექტორისთვის მიცემული პირობის ერთგულება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მივმართავთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს – სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატურის წარდგენისას გაითვალისწინონ კანდიდატთა პროფესიული შესატყვისობა, გამოცდილება, რეპუტაცია და განსაკუთრებით საზოგადოებრივი აზრის განწყობა. მათი არჩევანი დასაბუთებული უნდა იყოს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას წარადგინონ დასამტკიცებლად რამდენიმე კანდიდატი, თუ მათ შორის კონსესუსი არ იქნება მიღწეული და, რა თქმა უნდა, იდეალური ვარიანტი იქნებოდა, თუ მათ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებს შორის უპირატესობა საპარლამენტო უმცირესობის მიერ მხარდაჭერილ პიროვნებას მიენიჭებოდა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას სახალხო დამცველი შეარჩიონ სამი ყველაზე ღირსეული კანდიდატიდან: ესაა, უწინარეს ყოვლისა, ქალბატონი ლია მუხაშავრია, ყველაზე პრინციპული, ავტორიტეტული, პროფესიონალი და ყველაზე რეიტინგული კანდიდატი, ასევე მაღალი რეპუტაციის მქონე მაღალი რანგის სამართლის სპეციალისტი, ბატონი გელა ნიკოლაიშვილი და კანდიდატთა შორის ყველაზე პოპულარული პატიმართა და მათ ნათესავებს შორის, ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე, თუმცა მისი ცალკეული შეხედულებები სერიოზულ ხელშემშლელ გარემოებად სამართლიანად არის მიჩნეული.

ყველა სხვა კანდიდატი ღირსეულია, მაგრამ არასაკმარისად კომპეტენტური, ცნობადი და პრინციპული. ყველა ამ მნიშვნელოვანი გარემოების გათვალისწინების გარეშე, საქართველოს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის არჩევა–დამტკიცება იქნება სათანადო სამართლიანობასა და ობიექტურობას მოკლებული. ამიტომ, ჩვენ „ახალგაზრდა ადვოკატები“ ვისურვებდით არ დაეშვა ახლადარჩეულ პარლამენტს ერთ–ერთი პირველი სერიოზული შეცდომა. ვისურვებდით, რომ პარლამენტი დარღვეული ვადების მიუხედავად, სწრაფად მოახდენს სახალხო დამცველის არჩევას, პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ სახალხო დამცველის კანდიდატებისთვის საკომიტეტო მოსმენები იქნება ღია და საჯარო და პარლამენტი არ მიიღებს სახალხო დამცველის ინსტიტუტის ბიუჯეტის შემცირების გადაწყვეტილებას. ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ადამიანის უფლებების დაცვის სფერო სერიოზულ დახმარებას საჭიროებს.

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ კანონის თანახმად,  საქართველოს სახალხო დამცველს 5 წლის ვადით ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის ხმების უმრავლესობით. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ საქართველოს პრეზიდენტს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში.

 

 

 



კომენტარები