„ჩვენი ორგანიზაციები აქცენტს აკეთებს ახალგაზრდა პროფესიონალებზე და მადლობა “სტეპს”, რომ შესაძლებლობა გვქონდა, ვყოფილიყავით პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერები - აღნიშნულის თაობაზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ პროექტების მენეჯერმა, არჩილ ნადირაძემ 2016 წლის 5 ივნისს, „Future Lawyers' Summit 2016“ –ის პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც პროექტის ფინალისტები და გამარჯვებული გამოვლინდნენ.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გვერდით დავგომოდით პროექტის განხორციელებას რამდენიმე მიზეზის და მიზნის გამო. პირველი - პროექტის განმახორციელებელი და შემსრულებელი გუნდი მთლიანად ახალგაზრდულია, ჩვენ დღეს ვართ ერთი პროფესიის ადამიანები და აღნიშნულმა პროექტმა ცალსახად გამოკვეთა ჩვენს პროფესიაში ახალი თაობის ახალი იდეების, ახალი ენერგიისა და ახალი მიდგომების საჭიროება. რა თქმა უნდა, ეს დღე არის პროექტის ყველა მონაწილის, ფინალისტის და გამარჯვებულის“ - განაცხადა არჩილ ნადირაძემ, რომელმაც საზოგადოებას ორგანიზაციების წვლილი გააცნო.
კერძოდ, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ და იურიდიული კომპანია „კაიკაციშვილი და ადვოკატები“, ერთობლივი გადაწყვეტილებით, „Future Lawyers' Summit 2016“–ის გამარჯვებულთან გიორგი ლაბაძესთან შრომით ხელშეკრულებას გააფორმებს და სასამართლო წარმომადგენლობის უფლებამოსილებით, რეალური საქმის ადვოკატირების ანაზღაურებად პროცესში ჩართავს. ამასთან, პროექტის შედეგად გამოვლენილ ფინალისტებს „ახალგაზრდა ადვოკატები“ მოიწვევს სერტიფიცირებულ ტრენინგზე, რომელიც შრომის კოდექსის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხება. ტრენინგს გაუძღვება სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი, ადვოკატი, მარიკა არევაძე.
„მომავალ იურისტთა სამიტი – 2016“ ორგანიზაცია “სტეპ”-ის ორგანიზებით გაიმართა. პროექტის განმავლობაში მუშაობა წარიმართება სამართლის სხვადასხვა დარგის მიხედვით 6 ჯგუფში, რომელთაც ხელმძღვანელობდნენ დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის მიმართულებების ხელმძღვანელები.