„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ქობულეთში პროექტის პრეზენტაცია გამართეს

8 ივნისი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ინიციატივით, ქობულეთის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის, პროექტი: „ქობულეთი – ტოლერანტობის ქალაქი“ დაიწყო. პროექტის პრეზენტაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში, 2016 წლის 8 ივნისს გაიმართა, რომელსაც ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე დაესწრო.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაცია მუნიციპალიტეტში დაწყებული პროექტით სასკოლო თაობაში სამოქალაქო პასუხისმგებლობასა და სამართლებრივ კულტურას გაზრდის. მისი თქმით, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მომავალში შეამცირებს ან გამორიცხავს ისეთ მოვლენებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ ქალაქში, 2014 წლის 10 სექტემბერს, როდესაც მშენებარე მუსლიმურ მედრესეს ღორის თავი მიამაგრეს. მისივე განცხადებით, აღნიშნულმა ფაქტმა, მათ შორის, არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში ნეგატიური ასახვა ჰპოვა. ფაქტი აღმოჩნდა შეურიგებელი და მიუღებელი, როდესაც ქალაქის ტრადიცია და ცხოვრების წესი, სულ სხვა მაგალითებს შეიცავს. ქობულეთი ტოლერანტობის ქალაქია, სადაც ისტორიულმა წარსულმა და თანამედროვე ცხოვრებამ თვალსაჩინოებად მოიტანა ორი დომინანტი რელიგიური საზოგადოების არსებობა, მარავალათწლოვანი კულტურათა ერთობლიობა და თაობათა შორის დიალოგი, რომელიც მუდმივად საჭიროებს განახლებას, პასუხისმგებლობას და გაფრთხილებას. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, საჭიროა მეტი საგანმანათლებლო პროექტის შექმნა და ახალგაზრდების შეხედულებების გათვალისწინება. განათლების ხელშეწყობა და ტურიზმის განვითარება ქობულეთის რეალობაში განსაკუთრებულ მხარდაჭერას მოითხოვს. იგივე გაიმეორა ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძემ, რომელმაც მოსწავლეებს პროექტში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელება შესანიშნავი შესაძლებლობაა ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ პროექტში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის IX_XII კლასის მოსწავლეები მიიღებენ. მოსწავლეებს 17 ივნისის მდგომარეობით, შესაძლებლობა აქვთ წარმოადგინონ თავისუფალი/ანალიტიკური თემები ორ საკითხზე: „მე ვარ საქართველოს მოქალაქე“ და „ჩემი ტოლერანტული ქალაქი“. თემებს შეაფასებს კომისია, რომელიც გამოავლენს გამარჯვებული და წარმატებული თემის ავტორებს, ხოლო ივნისის ბოლოს, მოხდება პროექტის მონაწილეთა დაჯილდოვება. I, II და III ადგილზე გამარჯვებულ პირებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო. პროექტის მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს. პროექტის წინადადებაა, ქობულეთში გაიხსნას ტოლერანტობის ქუჩა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადგილობრივ თვითმმართველობასთან წინასწარი თანხმობა მიღწეულია. პროექტი საზეიმოდ ქობულეთში 25 ივნისს დაიხურება. 



კომენტარები