„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ მიგრანტების რეინტეგრაციის საკითხზე ორგანიზაციებს გამოცდილება გაუზიარა

10 ივნისი, 2016

2016 წლის 10 ივნისს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის“ (IOM) მიერ გამართულ შეხვედრას დაესწრო, რომელიც ეხებოდა საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების მხარდაჭერის მიმართულებებისა და პროცედურების საკითხს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 2016 წლის საგრანტო პროგრამის: „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარება“ ფარგლებში გამარჯვებული  არასამთავრობო ორგანიზაციები. IOM–ის შეხვედრის მთავარი მიზანი 2016 წლის საგრანტო პროექტში გამარჯვებული ორგანიზაციებისთვის ამავე პროგრამით 2015 წელს განხორციელებული საქმიანობის გაცნობა და გამოცდილების გაზიარება იყო.

შეხვედრაზე  განხილული იქნა  საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების 2016 წლის პროგრამის მიმართულებები, მიზნები და გამოწვევები. დამსწრე პირებს დეტალურად განემარტათ, რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამაში ბენეფიციარის ჩართვის კრიტერიუმები და წინაპირობები, ასევე საუბარი დეტალურად შეეხო კონსულტირების ტექნიკას და ბენეფიციართა საჭიროებების დადგენას, პროექტის სამედიცინო კომპონენტში მონაწილეობის შესაძლებლობებსა და პროცედურებს, „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება–გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამას“ და მასში მონაწილეობის პროცედურებს, პროფესიული სწავლების საკითხებს, სოციალური პროექტების მხარდაჭერის ფორმებს. შეხვედრას IOM–ის მობილურობის ცენტრის კოორდინატორი, ციური ანთაძე უძღვებოდა. დამსწრე საზოგადოებას მიესალმა IOM–ის პროგრამების ხელმძღვანელი მარკ ჰულსტრი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განყოფილების უფროსი, თამთა ზაალიშვილი.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ შეხვედრაზე 2015 წლის მიგრანტთა იურიდიული მომსახურების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა და ვრცლად ისაუბრა 2016 წლის მანძილზე, ამავე პროექტით დაგეგმილ აქტიურობებზე. ორგანიზაცია, უკვე მეორედ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ 2016 წლის პროგრამის საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციათა შორის დასახელდა. პროექტის განხორციელება პროგრამის საჯარო პრეზენტაციის შემდეგომ დაიწყება.



კომენტარები