„ახალგაზრდა ადვოკატები“ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

13 ივნისი, 2016

2016 წლის 13 ივნისს, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს პარლამენტის ადამიანისბ უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობის ანგარიშის (2012 წ. ოქტომბერი – 2016 წ. მაისი) პრეზენტაციას დაესწრო. შეხევდრაზე მოქალაქეთათვის განკუთვნილი გზამკვლევის პრეზენტაციაც შედგა, რომელიც კომიტეტთან ეფექტური ურთიერთობის საკითხს განსაზღვრავს.

საზოგადოებას კომიტეტის ოთხწლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაცია კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ გააცნო. მისი ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა 243 სხდომა გამართა, რომელზეც 709 კანონპროექტი ან საკანონმდებლო ინიციატივა იქნა განხილული და შესაბამისად, ამდენივე კომიტეტის დასკვნა მომზადდა. 2013-16 წლებში, კომიტეტის უშუალო მონაწილეობით, 62 საკანონმდებლო ინიციატივა მომზადდა და კანონპროექტის ფორმით ჩამოყალიბდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ქვეყანაში ინსტიტუციური რეფორმების გატარების გზაზე კომიტეტის ჩართულობაზე ისაუბრა და ცალკე გამოყო სასამართლო, სასჯელაღსრულების სისტემის, პროკურატურისა და პოლიციის რეფორმები. მანვე კომიტეტის მიერ მხარდაჭერილ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრა და ყურადღება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე, საქართველოს სამოქალაქო და სისხლის სამართლის კანონმდებლობაზე გაამახვილა. კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობაზე საუბრისას, ეკა ბესელიამ სახალხო დამცველის ანგარიშის ახალ ინოვაციური ფორმატის დამკვიდრებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წინა წლებში, მაშინ როცა პარლამენტის მხრიდან სახალხო დამცველის ანგარიშის მხოლოდ ცნობად მიღება ხდებოდა, 2013-16 წლებში კომიტეტმა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშზე დაყრდნობით პარლამენტის დადგენილების პროექტები მოამზადა, რომლებშიც დეტალურად გაიწერა რეკომენდაციები და ის უწყებები, რომლებსაც მათი შესრულება დაევალათ.

საქმიანობის პრეზენტაციისას ეკა ბესელიამ კომიტეტისადმი მომართვიანობის სტატისტიკა წარმოადგინა და აღნიშნა, რომ 2012 წლის 21 ოქტომბრიდან 2016 წლის ივნისამდე პარლამენტში სულ 95 799 კორესპონდენცია შემოვიდა, აქედან კი 40 203 კომიტეტის სახელზე იქნა გამოგზავნილი, რაც საერთო რაოდენობის 42% შეადგენს. მანვე კომიტეტიდან გაგზავნილ წერილებზე ისაუბრა, რომელთა რაოდენობა 13 223 ერთეულს წარმოადგენდა. ვრცელი და მოცულობითი პრეზენტაციის დასრულებამდე ეკა ბესელიამ კომიტეტთან არსებულ სამუშაო ჯგუფებზე და მათ მიერ გაწეულ საქმიანობაზეც ისაუბრა. კომიტეტის და მისი აპარატის წევრებისგან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და ექსპერტებით დაკომპლექტებულმა თემატურმა ჯგუფებმა ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი საქმიანობა გასწიეს და შესაბამისი ანგარიშები მოამზადეს, რომელიც ხშირ შემთხვევებში პარლამენტის დადგენილების პროექტების მომზადების საფუძვლები გამხდარან. მათ შორის აღსანიშნავია 2004-2012 წლებში არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის ანგარიში, რომლის მიხედვითაც პარლამენტმა შესაბამისი დადგენილება მიიღო.



კომენტარები