„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ სისტემური დანაშაულებების კვლევაზე ევროკომისიის კიდევ ერთი შეფასება მიიღო

13 ივნისი, 2016

ევროკომისიის ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის პარტნიორობის დირექტორატის გენერალური დირექტორი თომას მაიერ ჰართინგი „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ ლისის ტბის წართმევისა და ს.ს. „ინტელექტბანკის“ გაკოტრების საქმეზე მომზადებულ კვლევებზე წერილობით პოზიციას გამოთქვამს. ორგანიზაციამ აღნიშნული წერილი 2016 წლის 10 ივნისს მიიღო.

ევროკომისა „ახალგაზრდა ადვოკატებს“ 2004–12 წლებში სისტემური დანაშაულებების თაობაზე მიწოდებული კვლევების გამო, მადლობას უხდის. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის სახელზე გამოგზვანილ წერილშია ნათქვამი, საკითხები, რომლებიც ორგანიზაციას აწუხებს და ეხება სისტემურ დანაშაულებებზე სწრაფი გამოძიების და სასამართლო დამოუკიდებლობის საკითხებს, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ბრიუსელში ვიზიტის დროს, შეხვედრაზე სასაუბრო მნიშვნელოვანი თემები იყო.

„მადლობას გიხდით თქვენი წერილისათვის, რომელიც 2016 წლის 28 აპრილს ევროპის კოპისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერს გამოუგზავნეთ. მსურს სიამოვნებით გაცნობოთ, რომ თქვენი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების’’ მიზნები და საქმიანობა ეხმიანება ჩვენს გზავნილებს, კერძოდ სასამართლო რეფორმების გაგრძელების საჭიროებას და უფრო კონკრეტულად, პროკურორთა და მოსამართლეთა სრულ დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. ზემოაღნიშნული გზავნილები თანმიმდევრულად გადავეცით საქართველოს მთავრობას, კერძოდ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, რომელიც ამ თვის დასაწყისში ბრიუსელში ვიზიტით იმყოფებოდა. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით ამ კუთხით საქართველოში მოვლენათა განვითარებას. ასევე, მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენს ქვეყანაში ბატონი თომას ჰამერბერგის გაწეული სამუშაოს დადებითად შეფასებისათვის. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მისი რეკომენდაციები დამხმარე იქნება თქვენი საქმიანობისათვის. და ბოლოს მე მინდა მოგიწოდოთ, რომ გააგრძელოთ ის საქმიანობა, რასაც ეწევით და გააგრძელოთ და გააღრმავოთ საქმიანი ურთიერთობები ევროპის კავშირის დელეგაციასთან თბილისში“ – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს თომას მაიერ ჰართინგი აწერს.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტს, ჟან–კლოდ იუნკერს მიმართვის წერილი 2016 წლის 28 აპრილს გაუგზავნეს. წერილში ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ „ჩვენ გვაქვს მაღალი საჯარო ინტერესის მქონე სასამართლო დავები საქართველოს საერთო სასამართლოებში, მათ შორის მიმდინარე რეზონანსული დავა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის მიმართ, რომელიც ამჟამად, ოჯახთან ერთად, ქ. ბათუმში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ, 2007 წელს, სიმბოლურ ფასად - 1000 ლარად ნაჩუქარ მოქალაქის ქონებაში ცხოვრობს. ჩვენი ორგანიზაცია დაინტერესებულია საქართველოში იმ ბიზნესმენების მიმართ 2004-2012 წლებში ჩამორთმეული ქონებების კვლევით და შესწავლით, რომლებიც დღეს საქართველოს მთავარი პროკურატურისგან ქონებების დაბრუნებას და საქმეებზე კანონის უზენაესობის დამკვიდრებას მოითხოვენ“. ორგანიზაციამ ევროკომისიას ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის მიმართ ლისის ტბის ჩამორთმევის, აგრეთვე ს.ს. „ინტელექტბანკის“ გაკოტრების საქმეებზე მომზადებული კვლევები გადაუგზავნა და სთხოვა, სათანადო შეფასებები მისცემოდა საქართველოს პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან 2004–12 წლებში ქონებაჩამორთმეულთა საქმეებს.



კომენტარები