„ახალგაზრდა ადვოკატების“ პროექტში 21 ავტორის ანალიტიკური თემა დარეგისტრირდა

17 ივნისი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის შეთავაზებულ პროექტში: „ქობულეთი - ტოლერანტობის ქალაქი“, ანალიტიკური საკონკურსო თემების მიღება დასრულდა. ორგანიზაციამ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლიდან 21 საკონკურსო ნაშრომი მიიღო. IX_XII კლასის მოსწავლეებს, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ კონკურსში, თავისუფალი/ანალიტიკური თემები უნდა წარმოედგინათ ორ საკითხზე: „მე ვარ საქართველოს მოქალაქე“ და „ჩემი ტოლერანტული ქალაქი“. წარმოდგენილი 20 თემიდან 12 ეხება თემას: „მე ვარ საქართველოს მოქალაქე,“ ხოლო 9 თემა მომზადდა საკითხზე: „ჩემი ტოლერანტული ქალაქი“.

როგორც პროექტი ითვალისწინებს, თემებს 21 ივნისის ჩათვლით, შეაფასებს კომისია, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულ და წარმატებული თემის ავტორებს, ხოლო ივნისის ბოლოს, მოხდება პროექტის მონაწილეთა დაჯილდოვება. I, II და III ადგილზე გამარჯვებულ პირებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო. პროექტის მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს. პროექტის წინადადებაა, ქობულეთში გაიხსნას ტოლერანტობის ქუჩა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადგილობრივ თვითმმართველობასთან წინასწარი თანხმობა მიღწეულია.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ მომზადებული პროექტის: „ქობულეთი - ტოლერანტობის ქალაქი“ პრეზენტაცია ქობულეთში 2016 წლის 8 ივნისს გაიმართა. პრეზენტაციას ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე სულხან ოქროპირიძე და ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, ორგანიზაცია მუნიციპალიტეტში დაწყებული პროექტით სასკოლო თაობაში სამოქალაქო პასუხისმგებლობასა და სამართლებრივ კულტურას გაზრდის. სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მომავალში შეამცირებს ან გამორიცხავს ისეთ მოვლენებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა ამ ქალაქში, 2014 წლის 10 სექტემბერს, როდესაც მშენებარე მუსლიმურ მედრესეს ღორის თავი მიამაგრეს. აღნიშნულმა ფაქტმა, მათ შორის, არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში ნეგატიური ასახვა ჰპოვა. ფაქტი აღმოჩნდა შეურიგებელი და მიუღებელი, როდესაც ქალაქის ტრადიცია და ცხოვრების წესი, სულ სხვა მაგალითებს შეიცავს. ქობულეთი ტოლერანტობის ქალაქია, სადაც ისტორიულმა წარსულმა და თანამედროვე ცხოვრებამ თვალსაჩინოებად მოიტანა ორი დომინანტი რელიგიური საზოგადოების არსებობა, მარავალათწლოვანი კულტურათა ერთობლიობა და თაობათა შორის დიალოგი, რომელიც მუდმივად საჭიროებს განახლებას, პასუხისმგებლობას და გაფრთხილებას.  



კომენტარები