ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, გია ჭანტურიას საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილი კანიდატებისთვის ღია დებატების გამართვის მოთხოვნით ღია წერილს უგზვანის. ორგანიზაცია საზოგადოებრივ მაუწყებლის მხრიდან მოთხოვნილი საკითხის მიმართ დუმილს საზოგადოებრივი ინტერესის უგულვებელყოფად მიიჩნევს და არხის ხელმძღვანელობისგან განმარტებებს მოითხოვს.
„საზოგადოებრივი კამპანიის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატების შეთავაზება საქართველოს პარლამენტისთვის დემოკრატიული პროცესის აქტიურ გამოვლინებად უნდა განვიხილოთ. ამ მიმართულებით, სამოქალაქო სექტორის მხრიდან გამოჩენილი ძალისხმევა საკანონმდებლო ხელისუფლებისთვის ტესტია, თუ რამდენად იქნება გათვალისწინებული სახალხო დამცველის არჩევისას არასამთავრბო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული კანდიდატები. საქართველოს სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში არსებული კამპანია უკვე სარგებლობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით, თუმცა საზოგადოებას წარმოდგენილი კანდიდატების მიმართ გაზრდილი ნდობისთვის მეტი ინფორმაცია და გარკვევა სჭირდება. მოგმართავთ წინადადებით, რათა საქართველოს სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე და ამ პროცესში მეტი გამჭვირვალობისთვის, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ამ პროცესის ორგანიზების, სიცხადის, მეტი ინფორმირებულობისა და საკითხზე საგნობრივი მსჯელობის აუცილებლობით, მოაწყოს კანდიდატებს შორის საჯარო დებატები.“ – ნათქვამია განცხადებაში.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ აზრით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია საზოგადოებას დასახელებული ფორმატით შესთავაზოს ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციის მომავალი ხელმძღვანელის ხედვა, რომელმაც, საქართველოში, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, უნდა განსაზღვროს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ზედამხედველობა. არხის მხრიდან სახალხო დამცველის კანდიდატებს შორის დებატების ფორმატი გაზრდის მომავალი სახალხო დამცველის ანგარიშვალდებულებას და პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, მეორე მხრივ კი საზოგადოებრივი მაუწყებელი შეასრულებს არბიტრის როლს.
ორგანიზაციის წერილში ნათქვამია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ასეთი დებატების გამოცდილება უკვე გააჩნია და ეს საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, ქვეყნის პრემიერ–მინისტრობისა და პარტიათა სიის პირველ ნომრად დასახელებულ კანდიდატებს შორის უკვე გაიმართა.