ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ქობულეთში მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში განხორციელებული პროექტის: „ქობულეთი – ტოლერანტობის ქალაქი“ შემაჯამებელი ღონისძიება და პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული და წარმატებული მოსწავლეების დაჯილდოვება გამართეს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, პროექტი შედგა, ქობულეთს კი ჰყავს საუკეთესო მომავალი თაობა, რომელიც ფიქრობს, მსჯელობს, აფასებს და გვთავაზობს პრობლემის გადაჭრის, გარემოს შეცვლის და თანაცხოვრების მნიშვნელოვან ხედვებს და ეს შეხედულებები მოცემულია დროსა და სივრცეში, თანამედროვებოასთან და ტრადიციულობასთან მაქსიმალური სიახლოვით. მისი თქმით, საჭიროა მეტი საგანმანათლებლო და ახალგაზრდული პროექტი და ინიციატივა, რათა ახალგაზრდებმა მაქსიმალურად აღმოაჩინონ საკუთარი თავი. მოხდეს სამოქალაქო პასუხისმგებლობის საუკეთესო პრინციპებზე დაფუძნება და ქალაქის ინტელექტუალური შესაძლებლობების მართველობაში თუ თვითმმართველობაში მიმართვა. პროექტმა წარმოაჩინა, რომ საზოგადოებას სათანადოდ ესმის ადგილობრივი ტოლერანტული გარემოს მნიშვნელობა, ეთნიკური თუ რელიგიური მრავალფეროვნების კულტურული კავშირები და ახალგაზრდების განსაკუთრებული მოტივაცია არსებობს, მათი ცხოვრების წესი დაეფუძნოს მორალურ და სამართლებრივ წესრიგს.
პროექტის მიმდინარეობის მანძილზე, გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, სულ 21 მოსწავლის ნაშრომი იქნა შემოსული. მოსწავლეებს საკუთარი მსჯელობა უნდა წარმოედგინათ ორ თემაზე: „ჩემი ტოლერანტული ქალაქი“ და „მე ვარ საქართველოს მოქალაქე“. წარმოდგენილი 21 თემიდან 12 ეხება თემას: „მე ვარ საქართველოს მოქალაქე,“ ხოლო 9 თემა მომზადდა საკითხზე: „ჩემი ტოლერანტული ქალაქი“. პროექტში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა მოსწავლეებმა: ანა ანთაძე, თამარ ბერიძე, თამთა ცეცხლაძე, ლია ბოლქვაძე, ნინო გოლიაძე, რეზო ბაჟუნაიშვილი, ქრისტინა დევაძე, ჯემალ ართმელაძე, ჯუმბერ ალიმოვი. სწორედ მათ მოამზადეს თემა საკითხზე: „ჩემი ტოლერანტული ქალაქი“, ხოლო მოსწავლეებმა: ანა ქარცივაძე, დავით შაინიძე, ზურაბ მიქელაძე, თათია პაპიძე, იზა აბაშიძე, ლინდა ბოლქვაძე, მარიამ ტაკიძე, მარიკა დავითაძე, მედეა მიქელაძე, ნათია ცენტერაძე, რომა გოკორიანი და სალომე ჭყონია, წარმოადგინეს ნაშრომები თემაზე: „მე ვარ საქართველოს მოქალაქე“. პროექტში აქტიური მონაწილეობა მიიღო მუნიციპალიტეტის სულ 9 სკოლამ, წამოდგენილი თემები კი სპეციალური კომისიის მიერ შეფასდა.
პროექტმა გამოავლინა საპრიზო I, II და III ადგილზე საუკეთესო თემები და გამარჯვებული ავტორები. პროექტში I ადგილის მფლობელი გახდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის #5 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ჯუმბერ ალიმოვი თემისთვის: „ჩემი ტოლერანტური ქალაქი“. II ადგილის მფლობელი გახდა ქაქუთის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე ანა ქარცივაძე თემისთვის: „მე ვარ საქართველოს მოქალაქე“, ხოლო პროექტის III ადგილის მფლობელი კომისიის მხრიდან ორი თანაბარი ძალის მქონე ნაშრომი დასახელდა – ქობულეთის მუნიციპალიტეტის #3 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე ნათია ცენტერაძისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის #2 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ლინდა ბოლქვაძის თემები – „მე ვარ საქართველოს მოქალაქე“. პროექტის გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი სახის საჩუქარი, პროექტის ყველა მონაწილემ წარმოდგენილი ნაშრომისთვის და გამოვლენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, მიიღეს სერტიფიკატები.
პროექტის მონაწილეებს გადაეცათ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ პროექტის ფარგლებში განკუთვნილი ლიტერატურა ადამიანის უფლებების საკითხებზე. დასკვნით ღონისძიებაზე მოხდა პროექტის წარმატებული და გამარჯვებული თემების კრებულის პრეზენტაცია. პროექტის კრებულის პირველი გვერდის საილუსტრაციოდ წარმოდგენილ იქნა საკონკურსო თემისთვის შექმნილი ნახატი რელიგიური ტოლერანტობის შესახებ, რომელის ავტორიც ლია ბოლქვაძე, სოფელ ჩაისუბნის #2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე გახდა.
პროექტის დასკვნით ღონისძიებას ქობულეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯგუფები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრო. პროექტის ფარგლებში, 2016 წლის შემოდგომაზე, აქტუალური გახდება ქალაქში ტოლერანტობის ქუჩის გახსნის საკითხის განხილვაც.
როგორც ორგანიზაციის ხელმღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა თავის სამადლობელო სიტყვაში აღნიშნა, ყველა თაობას თავისი ოცნება აქვს მშობლიურ ქალაქზე. მისი თქმით, ორგანიზაცია მომავალში ახალგაზრდებს ახალ პროექტებს შესთავაზებს. არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, ყველა თაობა განსაკუთრებულად უნდა ზრუნავდეს კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობაზე, რომელიც წარსულის, თანამედროვებისა და მომავლის ბუნებრივ ერთიანობას იძლევა. მისი თქმით, ქობულეთის წარსული სათანადო შესწავლას და გააზრებას მოითხოვს, რაც თანამედროვე საზოგადოებისთვის, შეიძლება უცნობი ფაქტებით იყოს საინტერესო. მისი თქმით, ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს სტუდენტობის პერიოდში ქობულეთის შესახებ მოძიებული, გაზეთებში: „ივერია“ და „დროება“ გამოქვეყნებული ყველა მასალის შესახებ ზუსტ ინფორმაციას გადასცემს, რაც მხარის წარსულის კვლევას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.