„ახალგაზრდა ადვოკატები“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

7 ივლისი, 2016

„ახალგაზრდა ადვოკატები“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. როგორც შეხვედრაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა განაცხადა, სამსახური სამი წლის განმავლობაში ძირითადად ორიენტირებული იყო სისტემური პრობლემების იდენტიფიცირებაზე, გამოვლენასა და შემდგომ მათ აღმოფხვრაზე. 2013 წლის 1 ივლისიდან 2016 წლის 1 ივლისამდე განხორციელდა 115 ინსპექტირება, მათ შორის შემოწმდა 58 საჯარო უწყება და 57 კერძო ორგანიზაციის 904 ობიექტი, გამოვლინდა 108 სამართალდარღვევის ფაქტი, გაწეული კონსულტაციების რაოდენობამ 3 000-ს გადააჭარბა, ხოლო განხილული განცხადებების საერთო რაოდენობა 229-მდე გაიზარდა.

„სამი წლის განმავლობაში ძირითადად ორიენტირებული ვიყავით სისტემური პრობლემების იდენტიფიცირებაზე, გამოვლენასა და შემდგომ მათ აღმოფხვრაზე, ამიტომ მოვიცავით მსხვილი საჯარო სტრუქტურები და კერძო მსხვილი ორგანიზაციები, მაგრამ არანაკლები პრობლემები შეიძლება არსებობდეს საშუალო და მცირე სექტორში, ამიტომ უნდა გაიზარდოს მასშტაბები და ყველა სფერო მოვიცვათ, ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია და მათთვის ინფორმაციის მიწოდება“- განაცხადა თამარ ქალდანმა.

დისკუსიის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ ხარვეზებზე და წარმოადგინეს საკუთარი ხედვები და მოსაზრებები პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საზოგადოების მეტი ინფორმირებისთვის. მონაწილე მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს შემდგომში უფრო მჭიდრო თანამშრომლობისა და ერთობლივი მუშაობისთვის.

მრგვალი მაგიდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ფარგლებში გაიმართა, რომელშიც ჩართულია გაეროს ოთხი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი (OHCHR) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO).

„ახალგაზრდა ადვოკატების“ სახელით, შეხვედრას არჩილ ნადირაძე, ლიკა მაჭუტაძე და გიორგი ჯოჯუა დაესწრნენ. 



კომენტარები