ეკონომიკის სამინისტრომ გიორგი პაპუაშვილის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის დაკითხვას მხარი არ დაუჭირა

18 ივლისი, 2016

2016 წლის 18 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მოსამართლე დიანა ფარქოსაძის მონაწილეობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ სადავო ქონებაზე, როლანდ ბლადაძის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის შუამდგომლობები განიხილა.

მოსარჩელე როლანდ ბლადაძის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლოს წინაშე საქართველოს პრეზიდენტის 2004–2013 წლებში, მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვა დააყენა და განმარტა, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე, სადავო ქონება გადაეცა გიორგი პაპუაშვილს. სახელმწიფო ქონების გადაცემის მომენტში ფლობდა ინფორმაციას, რომ ბინის ჩამორთმევას მოქალაქე სადავოს ხდიდა სხვადასხვა საჩივრით. საქმეში არსებობს როლანდ ბლადაძის მეუღლის, მარინა ესელიძის 2007 წლის 11 მაისის წერილი მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომელშიც პირდაპირაა გადმოცემული, რომ სადავო ქონება პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილისთვის უნდა გადაეცა.

არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ მოცემული დავის ფარგლებში, მნიშვნელოვანია სასამართლომ დაადგინოს სახელმწიფოს მართლზომიერებისა და კანონიერების საკითხი. ამასთან, არჩილ კაიკაციშვილმა, იქედან გამომდინარე, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღძღულია სისხლის სამართლის საქმე, გამოცხადებულია შიდა ძებნა, სასამართლოს დაკითხვის საშუალებად Skype გამოყენება ან კითხვების ოფიციალური გადაგზავნა შესთავაზა.

არჩილ კაიკაციშვილმა განაცახდა, რომ მოცემულ შემთხვევაში, იდენტიფიცირებულია მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელი და სამუშაო ადგილის მისამართი.

მოსარჩელის შუამდგომლობას არ დაეთანხმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებვის სამინისტრო.

მიხეილ სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვაზე უარი თქვა გიორგი პაპუაშვილის ადვოკატმაც.

სასამართლომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი მიზანშეუწონლობის პრინციპებიდან გამომდინარე განაცხადა



კომენტარები