2016 წლის 18 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მოსამართლე დიანა ფარქოსაძის მონაწილეობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ სადავო ქონებაზე, როლანდ ბლადაძის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის შუამდგომლობები განიხილა.
არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლოს წინაშე დააყენა თავად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის მოწმის სახით დაკითხვის სავალდებულობაც. სასამართლომ აღნიშნა, რომ გიორგი პაპუაშვილი იმავდროულად წარმოადგენდა მხარეს, შესაბამისად, მოქმედებდა კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილებით და სასამართლოს არ გააჩნდა არავითარი ბერკეტი, გიორგი პაპუაშვილის მიმართ სასამართლო სხდომაზე გამოცხადების იძულებითი ღონისძიება გაეტარებინა.
არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ გიორგი პაპუაშვილის მიმართ კითხვები არამხოლოდ პროცესის მონაწილე მხარეებს, არამედ სასამართლოსაც გააჩნდა, ხოლო კანონმდებლობაში არ არსებობდა ცალსახად მითითება, მოპასუხე არ შეიძლება მოწვეულ ყოფილიყო მოწმის სტატუსითაც.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ გიორგი პაპუაშვილის მიმართ მოწოდებაც გააჟღერა და აღნიშნა, რომ სასამართლო მზად არის მოუსმინოს გიორგი პაპუაშვილსაც, თუკი გიორგი პაპუაშვილი მზად არის უპასუხოს დავის ირგვლივ არსებულ კითხვებს.