2016 წლის 18 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მოსამართლე დიანა ფარქოსაძის მონაწილეობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ სადავო ქონებაზე, სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობების ამოწურვის შემდგომ, სასამართლო მოსამზადებელი სხდომიდან მთავარ სხდომაში გადაზარდა, რა დროსაც, არჩილ კაიკაციშვილმა მოსამართლე დიანა ფარქოსაძეს შეახსენა, რომ კანონი დაარღვია და სასამართლოს მთავარ სხდომამდე უნდა ემსჯელა სარჩელის დასაშვებობის მომენტიდან დასმულ საკითხზე – განსჯადობის მიმართულებით.
როგორც ცნობილია, როლანდ ბლადაძემ სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით მიმართა, თუმცა 2016 წლის 25 იანვრის სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის განჩინებით, როლანდ ბლადაძის მხარისთვის შეუტყობინებლად, ზეპირი მოსმენის გარეშე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და მოსამართლე ტარიელ ტაბატაძემ საქმე განსახილველად გადასცა სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიას, რითაც მოხდა საპროცესო კანონმდებლობის უხეში დარღვევა, როდესაც სასამართლომ სამინისტროს შუამდგომლობაზე არ მოისმინა მოსარჩელის სამართლებრივი პოზიცია, რაც მიღებული გადაწყვეტილების წინაპირობა უნდა ყოფილიყო. მხარე მოკლებული აღმოჩნდა გაცნობოდა სამინისტროს პოზიციას, მაშინ, როდესაც მოსამართლის მიერ მიღებული განჩინება საქმის განსჯადობის შესახებ, საბოლოოა და არ საჩივრდება. მიღებული გადაწყვეტილებებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ ერთმნიშვნელოვნად დაარღვია მხარეთა შეჯიბრითობა და თანასწორუფლებიანობა. 2016 წლის 31 მაისიდან 18 ივლისის სხდომაზეც, არჩილ კაიკაციშვილმა აღნიშნა, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა ამ საკითხზე. მეტიც, მოსარჩელემ 2016 წლის 27 მაისს (სასამართლოში რეგისტრაციის #374459) მოსამართლე დიანა ფარქოსაძის წინაშე დააყენა საკითხი საქმე განსჯადობით დაბრუნებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისთვის. ამდენად, მოსამართლემ გვერდი აუარა აღნიშნულ საკითხს და საკითხის გადაუწყვეტლად, საქმის განხმილველ სასამართლოდ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია მიიჩნია.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ უხეშად დაარღვია საპროცესო კანონმდებლობა. არჩილ კაიკაციშვილის თქმით, განსჯადობის საკითხმა შესაძლებელია საქართველოს უზენაესს სასამართლოში გადაინაცვლოს, ხოლო დადგეს მოსამართლის დისციპლინარული წესით პასუხისმგებლობის საკითხი. საკითხზე მხარე ჩამოყალიბებულ პოზიციას უახლესს დღეებში მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ სასარჩელო მოთხოვნებია: ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება, როგორც კანონსაწინააღმდეგო და ამორალური და გიორგი პაპუაშვილი აღიარებულ იქნეს არაკეთილსინდისიერ შემძენად და მფლობელად, შესაბამისად, ბათილად იქნეს ცნობილი 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება. სწორედ წინა ხელისუფლების მოღვაწეობის დროს, მოქმედებების შედეგად იქნა მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები. როლანდ ბლადაძეს ქონება არარსებული დანაშაულის ჩადენის მოტივით ჩამოართვეს, სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხეს, 2007 წლის ივნისში კი, ყოფილი პრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად, გიორგი პაპუაშვილს გადაეცა.