ხალხი გაკეთებულსაც ხედავს, მაგრამ მხარდაჭერას ხალხის ინტერესების მებრძოლი კანდიდატები მიიღებენ

23 ივლისი, 2016

– არჩილ, როგორ აფასებს სამოქალაქო სექტორი 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილ გარემოს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ შეხედულებით, რამდენად უზრუნველყოფს ხელისუფლება თანასწორუფლებიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს შექმნას პოლიტიკური სუბიექტებისთვის, რა გამოწვევები და მიღწევებია ამ მიმართულებით?

- ჩვენ ვაკვირდებით საარჩევო გარემოს, ვსწავლობთ მის მიმდინარეობას და ვაპირებთ პერიოდულად წარვუდგინოთ საზოგადოებას, როგორც წინასწარი, ისე საბოლოო კვლევის შედეგები. მიდგომის მთავარი არსი ისაა, რომ არჩევნების სამართლიანობას განსაზღვრავენ არა უცხოელი დამკვირვებლები, რომლებიც იმ დღეებში გარკვეული მარშრუტით ჩამოუვლიან ხოლმე საარჩევნო უბნებს, თუმცა მათი მისიაც აუცილებელი და საჭიროა, არამედ მიუკერძოებელი და პირუთვნელი არასამთავრობოები და ექსპერტები, საბედნიეროდ, ასეთებიც არიან საქართველოში.

ჩვენ არ გვაქვს არჩევნების და საარჩევნო პროცესის კომპლექსური და ღრმა, ყოვლისმომცველი შესწავლის პრეტენზია, მაგრამ გვაქვს გამოცდილება, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენს საზოგადოებრივ ვალდებულებას შევასრულებთ. ჯერ–ჯერობით ხელისუფლების და სახელისუფლო პოლიტიკური ძალის საქმიანობაში სერიოზული ხარვეზები არ შეინიშნება, თუმცა, შესაძლებელი იყო საეთერო უფასო დროის განაწილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მოსაზრებების გათვალისწინება.

– ხელისუფლებამ წინასაარჩევნო კამპანია აქტიურად დაიწყო. მმართველი პოლიტიკური პარტიის ახალი სახეების დასახელების შემდეგ, იმერეთის რეგიონის მოსახლეობას მაჟორიტარი კანდიდატები უკვე წარუდგინეს. როგორია კონკურენტული გარემო პარტიებს შორის ახალი სახეების წარმოდგენის თვალსაზრისით და როგორია ამ თვალსაზრისით მოლოდინი?

– კორცხელის ინციდენტის მიუხედავად, საარჩევნო გარემო მისაღებია, როგორც კამპანიის წარმოების თავისუფლების, ისე კონკურენტული გარემოს თვალსაზრისით. თითქოს მოხდა დივერსიფიცირება ორი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალის შიგნით. მმართველი კოალიცია დაიშალა ცალკეულ სუბიექტებად, "ნაციონალებისგანაც" რამდენიმე პარტია ჩამოყალიბდა. პოლიტიკური სპექტრის სხვა მხარეს მდგომ ძალებსაც, რომლებსაც ხაზგასმით ვამბობ, არ ვუწოდებ პრორუსულს, მაგრამ პოლიტიკური სპექტრის მეორე პოლუსზეა – ესაა "პატრიოტთა ალიანსი" და ბურჯანაძის პარტია, აქვთ გარკვეული შანსი. ასე რომ, კონკურენტული გარემო არსებობს. რაც შეეხება "ოცნების" ახალ სახეებს, მართალი გითხრათ, მათი ვინაობა და მათი შერჩევის პრინციპი ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. დასავლური განათლება, უკუმპრომატო ბიოგრაფია, სტანდარტული, მმართველი ძალის ჩარჩოებში მკაცრად მოქცეული ხედვები – ასეთია მთავარი კრიტერიუმები. ამ კრიტერიუმების საწინააღმდეგო, ბუნებრივია, არაფერი მაქვს, თუმცა ვამჯობინებდი სხვა ტრიადას: საფუძვლიანი განათლება, პოლიტიკური ალღო და პრინციპულობა, პროფესიონალიზმი, უკეთურებასთან მებრძოლი ხასიათი წარსულში, გუნდური მუშაობის გამოცდილება და კონსენსუსის მიღწევის უნარი. ასეთი ახალი ან გნებავთ ძველი სახეები მმართველ პარტიასაც უფრო მოუხდებოდა და საქვეყნო საქმესაც უფრო წაადგებოდა. 

– პარლამენტის 2016 წლის არჩევნებთან ერთად, ჩატარდება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც. მინდა გკითხოთ აჭარაზეც, რომელსაც თქვენ კარგად იცნობთ. რა განწყობები და მოლოდინებია აჭარაში, სადაც, პოლიტიკური ავანსცენიდან მოულოდნელად გაუჩინარებული ჩერნოვეცკის შემდგომ პოზიციებს იმტკიცებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“?

– ჩერნოვეცკის თავისი ფინანსებიდან გამომდინარე, სერიოზული შანსი ჰქონდა, განსაკუთრებით ქობულეთში. რაც ის ჩაეხსნა სიტუაციას, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შანსები გაიზარდა. განსაკუთრებით არენაზე ვარშალომიძის გამოჩენის შემდეგ. ბუნებრივია, აჭარაშიც, როგორც სხვაგან, სახელისუფლო რესურსი თავის როლს შეასრულებს, მაგრამ თუ მმართველმა პარტიამ ადგილობრივი სპეციფიკის კარგად მცოდნე და ავტორიტეტული, პრინციპული, პოლიტიკის კარგად მცოდნე ადამიანები არ წარადგინა, მმართველ პარტიას აჭარაში გაუჭირდება. ეს ერთ დროს უმდიდრესი მხარე ციტრუსის და ჩაის გავერანება, გაჩანაგების შემდეგ სოციალურად შეჭირვებულ მხარედ იქცა. ბათუმის ერთი ბულვარის და ორი თვით ქობულეთის ორი ქუჩის გარდა, ბევრი არაფერი მუშაობს. ძალიან ბევრი ადამიანი თურქეთში გადადის და გადმოდის, თავს ამით ირჩენს. ამ სოციალურ ფონზე, ხანდახან "რუსული ნოსტალგიაც“ იმძლავრებს ხოლმე. მოკლედ, აჭარაში ბევრი პრობლემაა დაგროვილი და ვიმედოვნებ, აჭარას ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, მომავალ პარლამენტში წარმოადგენენ კვალიფიციური ადამიანები, განსაკუთრებით მაჟორიტარები, რომელთა ხმა პარლამენტის ტრიბუნიდან, ერთი საარჩევნო ციკლის განმავლობაში, ორ–სამჯერ მაინც გაისმება. იმედი მაქვს, რომ ყველა პოლიტიკური ძალა, განსაკუთრებით მმართველი ,,ქართულო ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ აჭარაში სწორედ ასეთ კანდიდატებს წარადგენს.

– რა ხდება, ამ თვალსაზრისით ქობულეთში? გავრცელებული ხმებით, შესაძლებელია ჩერნოვეცკიმ არაოფიციალურად მაინც შეძლოს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. ცოტა ხნის წინ, ხელისუფლებამ კიევის ყოფილი მერის საქველმოქმედო ორგანიზაციაც დახურა. იქედან გამომდინარე, რომ თქვენ კარგად იცნობთ რეგიონს და ქალაქს, როგორია წინასაარჩევნო განწყობები?

– რა თქმა უნდა, ჩერნოვეცკის სხვა საშუალებებებიც აქვს არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების მოხდენის. გარკვეულ ვითარებაში, შანსი „ნაციონალებსაც“ ექნებათ. თუმცა დანარჩენი საქართველოსადმი კეთილად განწყობილ აჭარლებს ზოგჯერ სერიოზული გაბრაზებაც შეუძლიათ და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. წინასაარჩევნო განწყობა, ერთი სიტყვით, შეიძლება შეფასდეს, როგორც მოლოდინი. ამომრჩევლის რეაქცია და მის გადაწყვეტილებას, მივიდეს თუ არა საერთოდ არჩევნებში, მაგალითად ქობულეთსა და ქობულეთის რაიონში, დამოკიდებული იქნება არა იმაზე, რამდენად კაი კაცს, კარგ ექიმს ან წარმატებულ ბიზნესმენს შესთავაზებენ მას ასარჩევად, არამედ იმაზე, რამდენად ესმის ამა თუ იმ ადამიანს რაიონისა და ქვეყნის პრობლემები, რამდენად შეუძლია მას ხალხის ინტერესებისთვის ბრძოლა. მესმის რომ ასეთი კადრების მოძიება ქობულეთის და მთელი აჭარისთვის შესათავაზებლად ძალიან ძნელი ამოცანაა.

– ყველა სოციალური გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობა აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, თუმცა გამოკითხვების მიხედვითვე, მოსახლეობის უმეტესობას გადაწყვეტილი არ აქვს, რომელ პოლიტიკურ ძალას ან მაჟორიტარ კანდიდატს დაუჭერს მხარს. როგორც ფიქრობთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხალხი ამ არჩევნებზე?

– ინდიფერენტიზმი და გულგრილობა, იმედგაცრუება მართლაც დიდი დოზითაა აჭარის მოსახლეობაში წარმოდგენილი. ხალხი გაკეთებულსაც ხედავს, რაც არ გაკეთდა იმის მიზეზებიც ესმის, მაგრამ მისთვის მიუღებელია ბევრი მიმართულებით ჯერ კიდევ არსებული უძრაობა, უპერსპექტივობა, სიდუხჭირე, ადამიანებს აქვთ ხელისუფლებასთან ურთიერთობის მწვავე დეფიციტი, ისინი ვერ გრძნობენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე აღმშენებლობის მონაწილეები არიან, რადგან გაკეთებული ხალხის ცხოვრებაზე, სამწუხაროდ, ჯერ არ აისახება. ვნახოთ, რამდენად შეძლებს მმართველი ძალა და სხვა პარტიები ისეთი კანდიდატების შეთავაზებას ხალხისთვის, რომელიც აიძულებს მას მივიდეს საარჩევნო ურნასთან და მხარი დაუჭიროს მისთვის მისაღებ კონკრეტულ კანდიდატს. მოქალაქეებს სთავაზობენ არა უნარიან მენეჯერებს და პოლიტიკურ მებრძოლებს, არამედ მავანი ჯგუფის მიერ ლობირებულ პერსონალიებს, ან უბრალოდ კარგ ადამიანებს. ეს კი საკმარისი ნამდვილად არ არის.

ახალი ამბების სააგენტო "აიპრესი"



კომენტარები