ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიმართ ზეწოლისა და შანტაშის თაობაზე გაკეთებული ბოლოდროინდელი განცხადებები, ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნისა და გამოწვევის მიზნებს ემსახურება. აღნიშნულის თაობაზე არჩილ კაიკაციშვილმა „კვირას“ პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, გიორგი პაპუაშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურ მხარედ აქცია, სასამართლო სტრუქტურა გადაიქცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებისა თუ აქტივისტების დასაქმების ადგილად, რასაც არც ერთი მოსამართლე არ ემიჯნება. არჩილ კაიკაციშვილი აღნიშნავს, რომ დროა, საქართველოს ხელისუფლებამ სახელმწიფოებრივი პასუხი გასცეს უცხო ქვეყნის მოქალაქის, ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის საშინაო საქმეებში მონაწილეობას და აღნიშნულ გავლენებს მთავრობამ უპასუხოს მკაფიო პოზიციით. ამასთან, გიორგი პაპუაშვილმა თავი დაანებოს პოლიტიკური მითითებების შესრულებას, სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციას, დოპლომატიურმა კორპუსმა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა კი ობიექტურად შეაფასონ სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებების და მოქმედებების რეალური მხარე და მიზანი.
„დღეს საზოგადოების მოტყუება შეუძლებელია. ხალხი ხედავს და აფასებს. ბატონი პაპუაშვილი კანონს და სამართალს, რომ არ უდგას დარაჯად, ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად, ეს არაერთხელ ცხადყო. ქართული კონსტიტუციის და სამართლის „ქურუმი“ დღემდე მოქალაქე როლანდ ბლადაძის უკანონოდ წართმეულ ბინაში ცხოვრობს, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ერთგული სამსახურის პირობით, ათას ლარად აჩუქა, მაგრამ ამჯერად ჩვენ მორიგი აქტის მოწმენი გავხდით ქართული თემიდის მარიონეტულ ავანსცენაზე. საკნონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისა და საერთოდ, იურისტისთვის აბსოლუტურად უზნეო და არაეთიკური განცხადება გააკეთა ბატონმა პაპუაშვილმა, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ყოველგვარი მტკიცებულებები, სამხილების და ფაქტების წარმოდგენის გარეშე ისაუბრა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიმართ ზეწოლასა და თვალთვალზე, ფარულ მოსმენებზე. შემირცხვენია საკონსტიტუციო სასამართლოს ის მოსამართლე, რომელსაც საკუთარი უფლებების სამართლებრივი პროცედურების მეშვეობით დაცვა არ შეუძლია და რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ადვოკატობას საჭიროებს“ - აცხადებს არჩილ კაიკაციშვილი.
არჩილ კაიკაციშვილის თქმით, ვაგლახ იმ ქვეყანას, რომლის მნიშვნელოვანი ინსტიტუციის ხელმძღვანელმა არ იცის, რომ შესაბამის ორგანოებს უნდა მიმართოს კონკრეტული სამხილებით და ამგვარი ქცევა, როგორც ის მოიქცა, დანაშაულის დაფარვის ნიშნებს შეიცავს ან უკიდურეს შემთხვევაში, პოლიტიკური, წინასაარჩევნო ნაბიჯია. ჩანს, ოდესის გუბერნატორის, საქართველოს მოქალაქეობიდან გასული მიხეილ სააკაშვილის დავალებით, გიორგი პაპუაშვილი საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, უნდა დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არამართლზომიერი განცხადებების გამო. „მოვითხოვ აღიკვეთოს ოდესის გუბერნატორის ჩარევა ქვეყნის საშინაო საქმეებში. მოვითხოვ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებები მიუკერძოებლად და ობიექტურად შეაფასოს დიპლომატიურმა კორპუსმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა. გიორგი პაპუაშვილის ბოლოდროინდელი ნაბიჯები არჩევნების წინ სიტუაციის დესტაბილიზაციაზეა გამიზნული“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.