სასამართლო გიორგი პაპუაშვილთან სადავო ქონებაზე გადაწყვეტილებას 5 აგვისტოს გახდის ცნობილს

28 ივლისი, 2016

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, მოსამართლე დიანა ფარქოსაძის მონაწილეობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ სადავო ქონებაზე გადაწყვეტილებას 2016 წლის 5 აგვისტოს გამოაცხადებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოქალაქე როლანდ ბლადაძის სარჩელის განხილვა დასრულდა. სასამართლომ მხარეთა დასკვნითი სიტყვა მოისმინა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მხარი არ დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნებს. სახელმწიფოს წარმომადგენელ სვიმონ ფირცხალაიშვილს 1 წუთზე ნაკლები დრო დაჭირდა საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებისთვის. როლანდ ბლადაძის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა სახელმწიფოს სამართლებრივ დამოკიდებულებას სამართლიანობის აღდგენის იდეის წინააღმდეგ მიმართული აქტი და საზოგადოების შეურაცხყოფა უწოდა. სარჩელს მხარი არ დაუჭირა გიორგი პაპუაშვილის ადვოკატმა, გოჩა გოგიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ გიორგი პაპუაშვილს ქონების მიღებით, არც სამართლებრივი აქტები და არც მორალური კოდექსი არ დაურღვევია.

როლანდ ბლადაძის ადვოკატმა, არჩილ კაიკაციშვილმა სასამართლოს წინაშე 45–წუთიანი დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. არჩილ კაიკაციშვილმა დეტალურად წარმოადგინა საქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი. დასკვნით სიტყვაში დეტალური ადგილი დაეთმო სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ამორალურობისა და კანონსაწინააღმდეგო ხასიათის დასაბუთებას. არჩილ კაიკაციშვილა სასამართლოს წარუდგინა სამართლებრივი არგუმენტაცია, თუ რატომ არღვევდა სახელმწიფოსა და გიორგი პაპუაშვილს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება კანონით დადგენილ წესს და აკრძალვებს, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ ნორმებს. ცალკე აქცენტი გაკეთდა სახეწლმწიფოს მხრიდან არასრუწლოვნების ინტერესების დარღვევის, განათლების უფლების შეზღუდვის, იძულებითი ემიგრაციისა და საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე, რომელიც სახელმწიფომ 2004 წელს დაუშვა. არჩილ კაიკაციშვილმა წარმოადგინა არგუმენტები და პირდაპირი მტკიცებულებები გიორგი პაპუაშვილის სადავო ქონებაზე კეთილსინდისიერ მფლობელობასა და შემძენობასთან დაკავშირებით. ასევე, ფაქტები, როდესაც გიორგი პაპუაშვილმა იცოდა, რომ ქონება იყო სადავო და წინდახედულობის მიუხედავად, მაინც დასთანხმდა მიღებას.

არჩილ კაიკაციშვილმა მოსამართლე დიანა ფარქოსაძეს მოუწოდა, გაბედული და ღირსეული გადაწყვეტილებები მიიღოს, რომელსაც ელოდება საზოგადოება და სასამართლო სისტემა. არჩილ კაიკაციშვილმა მოსამართლეს მიმართა და სთხოვა, არ დაექვემდებაროს შესაძლო პოლიტიკურ გავლენებს და შეძლოს ინდივიდუალური მოსამართლის როლის გამოყენება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმეზე მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს, რომელიც გამორიცხული არ არის, 5 აგვისტომდე გასაჯაროვდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმეზე გადაწყვეტილება 5 აგვისტოს, 10:00 საათზე გამოცხადდება. 



კომენტარები