„ახალგაზრდა ადვოკატები“ „მემარცხენე ალიანსის“ საარჩევნო პროგრამას გაეცნო

29 ივლისი, 2016

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ „მემარცხენე ალიანისის“ წინასაარჩევნო პროგრამას გაეცნო და ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სფეროში არსებულ საკითხებზე პარტიის ხედვა მოისმინა. შეხვედრა პოლიტიკური პარტიის ინიციატივით შედგა, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო ორგანიზაციებს ახლოს გააცნოს საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა და მოისმინოს ცალკეული შეხედულებები პრობლემატური საკითხების გადაჭრის მიმართულებით. 

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაცია მოისმენს ყველა პოლიტიკური პარტიის ხედვას ქვეყნის განვითარების, კანონის უზენაესობისა და ინსტიტუციური რეფორმების მიმართულებით. „მემარცხენე ალიანსის“ ინიციატივა, სამოქალაქო ორგანიზაციებთან ჰქონდეს საქმიანი ურთიერთობები, სხვადასხვა საკითხის გადაჭრისთვის, სწორ საფუძვლებს ქმნის. 

„მნიშვნელოვანია, როდესაც პოლიტიკური პარტია ინტერესდება სამოქალაქო სექტორის საქმიანობით,  სამოქალაქო სექტორიდან მომდინარე აქცენტებით, რომელიც არის ჩვენი ცხოვრებისთვის, მათი პოლიტიკური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი. მე მოხარული ვარ, რომ ეს შეხვედრა შედგა, ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, გავაცანით ჩვენი პროექტები, ინიციატივები, წინადადებები და შევთანხმდით, რომ სამოქალაქო ორგანიზაციასა და პოლიტიკურ სუბიექტებს შორის იქნება უფრო მჭიდრო კომუნიკაცია. ჩვენის მხრივ დავეხმარებით ყველა იმ ადამიანს, რომელიც ქვეყანაში საჭიროებს უფლების დაცვას და ამ მიმართულებით, პოლიტიკური პარტიების აქტიურობა და მზაობა, რომ მათ სწორად დაგეგმონ თავიანთი საარჩევნო, ან შემდგომი პოლიტიკური საქმიანობა, მნიშვნელოვანია, რომ ისინი სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ისმენენ განსაკუთრებით ადამიანის უფლებების საკითხთან მიმართებით ქვეყანაში შექმნილ შეხედულებებსა და მოსაზრებებს. ვფიქრობ, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იყო და მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტია, რომელიც საქმიანობს და რომლის მთავარი მიზანი და დანიშნულებაცაა ხელისუფლებაში სხვადასხვა ფორმით მოსვლა, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, ზუსტად იცნობდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მოქალაქეების პრობლემატიკას, ამ პრობლემატიკის გადაჭრის გზებს. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, ნაყოფიერი და ვისურვებდი, რომ „მემარცხენე ალიანსის“ ამ ტრადიციას – შეხვდეს სამოქალაქო ორგანიზაციებს – სხვა პოლიტიკურმა პარტიებმაც მიბაძონ“ – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

პარტიის პოლიტიკური მდივნის, პაატა ჯიბლაძის განცხადებით, შედგა შეხვედრა იმ ახალგაზრდა ადამიანებთან, რომლებიც მუშაობენ ადამიანის უფლებების დაცვისთვის. „ამავე დროს, ერთი ძალიან კარგი მომენტია, ეს არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს მიგრანტებთან, მათი სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, მათ პრობლემატიკაზე ზრუნავენ, ეხმარებიან მათ სხვადასხვა იურიდიული საკითხების მოგავრებაში. ჩვენი პარტიის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ამავე დრო არის მიგრანტებთან მუშაობა, მათი სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, შეძლებისდაგვარად პრობლემების მოგვარებაში დახმარება, მიტანა ხელისუფლებამდე და ჩვენი თანამემამულეების პრობლემატიკის მოგვარება“ - განაცხადა პაატა ჯიბლაძემ.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „მემარცხენე ალიანსის“ წარმომადგენლებს ორგანიზაციის საქმიანობაც გააცნეს. საუბარი შეეხო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის სადავო ქონებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმისწარმოების პროცესს. ამასთან, ორგანიზაციის კვლევებს ლისის ტბის ჩამორთმევისა და „ინტელექტბანკის“ გაკოტრების საქმეებზე. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამართლიანობის აღდგენის პროცესის საკითხებზე და ამ მიმართულებით, საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებზე. მსჯელობა შეეხო შრომით სამართლებრივ ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ თემებს და კანონის უზენაესობის დაცვის საკითხებს. ორგანიზაციამ ისაუბრა მიმდინარე მიგრანტთა იურიდიული დახმარების უზრუნველყოფის სახელმწიფო პროექტზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის დახმარებით, უპრეცედენტო პროგრამა ხორციელდება, რომელიც მიზნად სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის უზრუნველყოფას ისახავს. 

შეხვედრას „მემარცხენე ალიანსიდან" პარტიის გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი, პოლიტიკური მდივანი - პაატა ჯიბლაძე, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ელზა ჯმუხაძე, პარტიის ადამიანთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ზურა თენაძე და ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი - სოფიკო კარტოზია ესწრებოდნენ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო „ახალგაზრდა ადვოკატების" პროექტებისა და საერთაშორისო ურთიერთობის მენეჯერმა არჩილ ნადირაძემ და ორგანიზაციის იურისტმა გიორგი ჯოჯუა.



კომენტარები